მალაიზიის გრანპრის შემდეგ: გმირები და ანტიგმირები

AutoSharing Option
როცა ფერნანდო ალონსო და სერხიო პერესი გაჭირვებით გადავიდნენ კვალიფიკაციის ფინალურ სეგმენტში, იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი კვირას რბოლაში "მაკლარენსა" და "რედ ბულს" დაჩრდილავდნენ; აღარაფერს ვამბობთ "მერსედესსა" და "ლოტუსზე".

გმირები

2012 წლის 25 მარტს ფორმულა 1-ში ახალი ვარსკვლავი დაიბადა, რომელსაც 22 წლის წინ სერხიო დაარქვეს. როგორც აღმოჩნდა, მის ბრწყინვალე გამოსვლას საფუძველი მალაიზიის გრანპრის პირველ წრეზე ჩაეყარა, როცა პერესმა ყველაზე სწრაფად მოიფიქრა საშუალედო საბურავების წვიმის რეზინით შეცვლა. ამ სვლამ პერესს ერთბაშად მესამე ადგილი მოუტანა, რესტარტისა და მეორე პიტსტოპების შემდეგ კი ორივე
"მაკლარენი" უკან აღმოჩნდა და გზა გაუხსნა ესპანელსა და ახალგაზრდა მექსიკელს.

უკან მიმავალ ჰემილტონს არც უცდია პერესის გასწრება, თავად მექსიკელს კი ზღაპრამდე სულ ცოტა დააკლდა: პირველ შემთხვევაში "ზაუბერმა" პიტსტოპისთვის კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან, რადგან ბოლო მომენტამდე ელოდა წვიმის გაძლიერებას, შემდეგ კი თავად სერხიომ ვერ გაუძლო კოლოსალურ დაძაბულობას... სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ალონსომაც არ მისცა კონკურენტს გასწრების მინიმალური შანსი.

"ფერარის" ეს წარმატება, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ნამდვილი სენსაციაა. დღეისთვის ბუკმეიკერებს "სკუდერია" ტიტულისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილზე ჰყავთ გამწესებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "ფერარის" ბოლიდის სუსტ ტემპს.

ასევე უნდა გამოვყოთ ბრუნო სენა. "უილიამსის" გულშემატკივრებს სიხარულის საბაბი მიეცათ: მათი ბოლიდი ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში კონკურენტუნარიანია და ტოპ-ექვსეულში მოხვედრა შეუძლია. სენამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა ის, რაც პასტორ მალდონადომ ავსტრალიაში ვერ შეძლო - მეექვსე ადგილი დაიკავა. სავარაუდოდ, ბრაზილიელი პილოტის მიმართ კრიტიკოსების ტონი შერბილდება.

ანტიგმირები
რომენ გროსჟანი ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს, რას წარმოადგენს ფორმულა 1-ის რბოლა, ანუ ბრძოლა კონკურენტებთან და არა წამზომთან. თუ ავსტრალიაში მისი გამოვარდნა მალდონადოს დაბრალდა, ამჯერად ფრანგმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს.

საოცარია, მაგრამ გროსჟანი აღმოჩნდა ერთადერთი პილოტი, რომელმაც სველ ტრასაზე სერიოზული შეცდომა დაუშვა. კიმი რაიკონენის დამაჯერებელი გამოსვლა სერიოზულ ზიანს აყენებს ფრანგის ამბიციებს. უახლოეს გრანპრიზე რომენის მთავარი ამოცანაა - ისწავლოს რაიკონენისგან რბოლის საიდუმლოებები და მისი მიწვევის გამო სინანულის გრძნობა არ გაუჩინოს "ლოტუსის" ხელმძღვანელობას.

საკუთარ თავს არ ჰგავდა ჯენსონ ბატონი. მეორე პიტსტოპის შემდეგ ბრიტანელი ალონსოს უკან აღმოჩნდა და ამ ფაქტით გაწბილებულმა სიფრთხილის გრძნობა დაკარგა და ნარაიან კართიკეიანის ბოლიდს შეეჯახა.

ამის შემდეგ ჯენსონმა ათეულში შესვლა ვეღარ შეძლო. იმედია, ბატონი ამ ინციდენტისგან სწორ დასკვნებს გააკეთებს და ისევ გახდება ძლიერი და ჭკვიანი პილოტი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით.

ძალიან გაუჭირდება კამუი კობაიაშის. ახლა იაპონელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ გამოვიდეს სერხიო პერესის ჩრდილიდან. ეს კი რთული იქნება, რადგან მექსიკელი აშკარად ეშხში შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული