აურზაური სებასტიან ფეტელის გარშემო

AutoSharing Option
დიდი გამოხმაურება მოჰყვა მალაიზიის გრანპრიზე მომხდარ ინციდენტს, როცა HRT-ის პილოტმა ნარაიან კართიკეიანმა ბოლო წრეებზე მწყობრიდან გამოიყვანა მსოფლიოს ჩემპიონის, "რედ ბულის" პილოტის, სებასტიან ფეტელის ბოლიდის უკანა საბურავი, რის გამოც გერმანელი ქულების ზონაში ვერ მოხვდა. ინციდენტის შემდეგ სებასტიანმა რამდენჯერმე შუათითი უჩვენა ინდოელს, მოგვიანებით კი თამამი რეპლიკები მოიშველია კართიკეიანის მისამართით...

"ფეტელი ცდილობს დამადანაშაულოს თავის წარუმატებლობებში. ვფიქრობ, შარშანდელი დომინირების შემდეგ ის გაწბილებულია წლევანდელი ჩემპიონატის მსვლელობით, მაგრამ სხვა პილოტის დადანაშაულება და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება გერმანელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. პატივისცემას ვგრძნობ სებასტიანის მიღწევების მიმართ, მაგრამ ტრასაზე არსებობს
გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია.

წრეზე ჩამორჩენილებმა უნდა გაატარონ ლიდერის მანქანა იმ დროს, როცა მათ ცისფერ დროშას უჩვენებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალდებული ვარ, ტრასიდან გადავიდე. არ არის ლამაზი სხვებს დაუძახო იდიოტი იმის გამო, რომ ის სუსტი მანქანით გამოდის. მე ყველა სერიაში მაქვს მოგებული რბოლა ფორმულა 1-ამდე, პოულიდან ავიღე სტარტი მაკაოს გრანპრიზე. ეს კი ბევრს ნიშნავს", - ამბობს კართიკეიანი.

სხვათა შორის, შუათითის ჩვენებისთვის სებასტიან ფეტელი, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა სახის სასჯელი შეიძლება დაეკისროს გერმანელს. როგორც გაზეთი "ბილდი" წერს, საკუთარი ლიცენზიის მიღებისას ყველა პილოტი "ქცევის კოდექსს" აწერს ხელს. სავარაუდო სასჯელი კი შეიძლება იყოს უბრალო გაფრთხილება ან ყველაზე მკაცრი - ლიცენზიის ჩამორთმევა. თუმცა, ცხადია, რომ აქამდე საქმე არ მივა.

ფეტელის პრობლემები ამით არ სრულდება. მსოფლიოს ჩემპიონს "რედ ბულის" ხელმძღვანელობის წინაშე მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა რბოლის დროს გუნდის ბრძანებების იგნორირების გამო. მალაიზიის გრანპრიზე ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე, "რედ ბულმა" ბოქსებში გამოიძახა გერმანელი რბოლის ნაადრევად დასრულებისთვის, რათა შემდეგ გუნდს საშუალება ჰქონოდა, ყოველგვარი სასჯელის გარეშე შეეცვალა გადაცემათა კოლოფი. ის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პილოტი ფინიშამდე ვერ მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე მრბოლელი ხუთ პოზიციას კარგავს სასტარტო ბილიკზე. ბოქსებში გამოძახების მომენტში ფეტელი მე-12 ადგილზე იყო და ქულათა ზონაში მოხვედრის მიზერული შანსები ჰქონდა.

იქნება ბაჰრეინი?
ბაჰრეინის გრანპრის ჩატარების საკითხი ისევ ღიად არის დარჩენილი. სამშაბათს F1Today-მ დაწერა, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებს ეტაპის გაუქმებას, რომელიც 22 აპრილს უნდა გაიმართოს. თავის მხრივ, ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორები უარყოფენ რბოლის გაუქმების შესახებ ინფორმაციას.

ამასობაში ბაჰრეინში ისევ აგორდა დემონსტრაციების ტალღა მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ცეცხლზე ნავთს ასხამს ქვეყნის ხელმძღვანელობის აქტიურობა გრანპრის ჩატარებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერები ამაში მთავრობის გაძლიერების ნიშნებს ხედავენ.

დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს შარშანდელს, რამაც ეტაპის გაუქმება გამოიწვია.

ამიტომაც რბოლის ჩატარებაზე უარის თქმა ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. ვარაუდობენ, რომ ფედერაცია ამგვარი განცხადებით 12 აპრილს, გრანპრიმდე ერთი კვირით ადრე გამოვა.

ბაჰრეინის ავტოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელობა მტკივნეულად რეაგირებს ამგვარ განცხადებებზე. ორგანიზატორებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. "ბაჰრეინის გრანპრის დროს უსაფრთხოების გადამეტებული ზომების მიღება საჭირო არ იქნება, - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი აბდულა ალო-ჰალიფა. - ჩვენს ქვეყანაში უცხოელებისთვის ზიანი არასოდეს მიუყენებიათ, აღარაფერს ვამბობთ ფორმულა 1-ის პილოტებზე. არ მგონია, რომ რაიმემ ხელი შეუშალოს ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებას.

მინდა ეს რბოლა, რაც შეიძლება მალე გაიმართოს და ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია. ვფიქრობ, ბაჰრეინის გრანპრი გააერთიანებს ქვეყანას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სებას შესაძლებლობები წელს გამოჩნდება
avtuko
15:45 29-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული