ბერნი ექლსტოუნი: ბაჰრეინში მივდივართ

AutoSharing Option
29 მარტს ლონდონში სამეფო საავტომობილო კლუბში გაიმართა შეხვედრა ბაჰრეინის გრანპრის ორგანიზატორებს, ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერ ბერნი ექლსტოუნს, გუნდების წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის გამოცემათა ჟურნალისტებს შორის. ლაპარაკი იყო ბაჰრეინში დღეს არსებულ სიტუაციასა და იქ მომავალი ეტაპის ჩატარებაზე.

შეხვედრას ბაჰრეინის მხრიდან ესწრებოდა რბოლის აღმასრულებელი დირექტორი შეიხი სალმან ბინ ისა ალ-ჰალიფა, ფრენკ უილიამსი, მარტინ უიტმარში, კრისტიან ჰორნერი, ნიკ ფრაი, პოლ ჰემბრი და სხვები.

შეხვედრის შემდეგ ექლსტოუნმა შემდეგი განაცხადა: "რბოლა ჩატარდება და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრობლემა არ წარმოიქმნება. მე არ მჭირდება პირადი უსაფრთხოების გარანტიები,
მაგრამ ვიცი, რომ ყველა საჭირო ზომა მიღებულია.

დემონსტრანტებმა შეიძლება გამოიყენონ გრანპრი საკუთარი ინტერესებისთვის, მაგრამ ეს სისულელე იქნება. ბედნიერი ვიქნებით იმით, თუ გარკვეულ წვლილს შევიტანთ სიტუაციის სტაბილიზაციაში. ფორმულა 1-ის იქ ჩასვლა იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ გვჯერა ბაჰრეინის მომავლის.

პოზიტიური მომენტია ის, რომ ბაჰრეინში სიტუაცია უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ხალხს შეუძლია ილაპარაკოს ის, რასაც ფიქრობს ან საჯაროდ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით".

კრისტიან ჰორნერი ("რედ ბულის" შეფი): "ყოველთვის მოგვწონდა ბაჰრეინში გამოსვლა. ეს ეტაპი შესულია ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ჩემპიონატის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ რბოლა უნდა გაიმართოს და მოხარულები ვიქნებით ეტაპის ჩატარებით.

ჩვენ გვაქვს გარანტიები ფედერაციისგან, რომელიც კმაყოფილია იქ არსებული უსაფრთხოების ზომებით".

* * *

გუშინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ფრანგულმა პრესამ. ვარაუდობენ, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ფორმულა 1-ის კალენდარში ფრანგული რბოლის დაბრუნების შესახებ.

ჯერჯერობით უცნობია, რა სტადიაზეა მოლაპარაკებები მხარეებს შორის, მაგრამ ამბობენ, რომ საფრანგეთმა, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს მიიღოს "დიდი ცირკის" ეტაპი. რბოლა პოლ რიკარის ავტოდრომზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ფორმულა 1-ის ეტაპები 2008 წლიდან აღარ ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული