სებასტიან ფეტელი ლეგენდების გვერდით დადგა

AutoSharing Option
პარიზში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელზეც საფრანგეთის სპორტის აკადემიამ პრესტიჟული ჯილდოები დაარიგა.

ერთ-ერთი ლაურეატი გახდა სებასტიან ფეტელი: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა პრიზი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტისგან, ჟან ტოდტისგან მიიღო შარშანდელ სეზონში ნაჩვენები განსაკუთრებული შედეგების გამო. ადრე ეს ჯილდო მიღებული აქვთ ფორმულა 1-ის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: ხუან-მანუელ ფანხიო, ჯიმ კლარკი, ჯეკი სტიუარტი, ნიკი ლაუდა, ალენ პროსტი და მიხაელ შუმახერი.

"ჩემთვის დიდი პატივია, ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენების გვერდით ყოფნა. მოხარული ვარ აქ ყოფნით და ამ პრემიის მიღებით - ის მეხმარება ჩემი მიღწევების აღქმაში.

რა
თქმა უნდა, მერჩივნა, ეს სეზონი უკეთ დამეწყო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი რბოლაა დარჩენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ტიტულისთვის ბრძოლის შანსი", - განაცხადა ჯილდოს მიღების შემდეგ ფეტელმა.

* * *
ყოველ წელს ბრიტანეთში, ტრადიციულად, ქვეყნდება ადამიანების სია, რომელთა მოღვაწეობა საკუთარ სფეროში განსაკუთრებულად წარმატებული იყო - დედოფალი მათ სხვადასხვა ტიტულს ანიჭებს.

წელს ფორმულა 1-ის ჩემპიონი გუნდი "რედ ბულის" ტექნიკური ხელმძღვანელი ედრიან ნიუი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცერი გახდა.

"უილიამსის", "მაკლარენისა" და "რედ ბულის" საჩემპიონო ბოლიდების შემქმნელმა უმაღლესი ჯილდო დედოფალ ელიზაბეტ II-სგან მიიღო.

"ძალიან ამაყები ვართ იმით, რომ მისმა უდიდებულესობამ დააჯილდოვა ედრიანი საავტომობილო სპორტში გაწეული უდიდესი სამუშაოსთვის", - წერია "რედ ბულის" ოფიციალურ განცხადებაში.

ფერარი თავიდან იწყებს

"ფერარის" ინჟინრები წლევანდელი ბოლიდის - F2012-ის ახალ ვერსიაზე მუშაობენ. მათ ამ გზით სურთ პრობლემების გადაჭრა, რომელიც იტალიურ გუნდს სეზონის დასაწყისში შეექმნა. ერთ-ერთი პრობლემაა - მანქანის არასაკმარისი ეფექტურობა და სტაბილურობა მოსახვევებიდან გამოსვლის დროს.

იტალიური Autosprint-ის ინფორმაციით, "ფერარიმ" უარი თქვა F2012-ის უკანა ნაწილის ძველ კონცეფციაზე. ახალი ვერსია კი "ზაუბერისა" და "რედ ბულის" გადაწყვეტილებას მოგვაგონებს - ამ გუნდების ინჟინრებმა ტექნიკური მიგნების წყალობით შეძლეს ეფექტის მიღწევა ტრასაზე მოჭიდების ძალის მხრივ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიყვანს "ფერარი" ტრასაზე ახალ მანქანას. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ შასის მუჯელოს ტრასაზე გამოცდიან და თუ ეს გადაწყვეტილება ეფექტური იქნება, მას ესპანეთის გრანპრიზე გამოიყენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული