"დიდ ცირკში" ეპოქა სრულდება

AutoSharing Option
პეტერ ზაუბერს არაერთხელ უთქვამს, რომ თავის 70 წლისთავს ბედნიერი პენსიონერის როლში შეხვდებოდა.

ბევრს ამის არ სჯეროდა, მაგრამ შვეიცარიელი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ავტოსპორტს დაუკავშირა, სიტყვის კაცი აღმოჩნდა.

ოქტომბერში ის 69-ე დაბადების დღეს აღნიშნავს, შემდეგ კი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე თავისი გუნდის - "ზაუბერის" მმართველობას მონიშა კალტენბორნს გადასცემს.

ორი კვირის წინ, მალაიზიის გრანპრიზე, სერხიო პერესმა მეორე ადგილი დაიკავა და "ზაუბერს" ისტორიაში საუკეთესო შედეგი მოუტანა მას შემდეგ, რაც 1993 წელს შვეიცარიელები პირველად გამოჩნდნენ ფორმულა 1-ში.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ 70 წლის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელი
აღარ ვიქნებოდი, - განაცხადა ზაუბერმა. - ჩემი შემცვლელი გახდება მონიშა კალტენბორნი, რომელიც "ზაუბერს" ჩაუდგება სათავეში. გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ ჯერ არ განგვისაზღვრავს, როდის მოხდება ეს".

აქამდე ეს ავსტრიელი ქალბატონი აღმასრულებელი დირექტორის როლს იკავებდა, მაგრამ რამდენიმე სეზონის განმავლობაში რეალურად სწორედ ის ედგა სათავეში გუნდს. ეს გამოცდილება დაეხმარება მას, უპრობლემოდ შეეგუოს ახალ როლს.
"მონიშა გახდება ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც ფორმულა 1-ის გუნდს უხელმძღვანელებს, - აღნიშნა პეტერ ზაუბერმა. - ის ჩვენთან 13 წელია, მუშაობს და მთელი ამ დროის განმავლობაში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად გაართმევს თავს ახალ ამოცანას".

სწორედ კალტენბორნი წარმოადგენდა "ზაუბერს" თანხმობის ხელშეკრულებაზე გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს.

რაც შეეხება ზაუბერს, ეჭვგარეშეა, რომ ის ფორმულა 1-ის გულშემატკივრებში დადებით მოგონებებს დატოვებს.

მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად, ის წარმატებით მართავდა თავის საჯინიბოს და რეგულარულად აღწევდა მაღალ შედეგებს. სწორედ მან გაუხსნა გზა "დიდ ცირკში" ფელიპე მასასა და კიმი რაიკონენს, ახლა კი ეს სია სერხიო პერესმა შეავსო. ბოლოს და ბოლოს, კრიტიკულ მომენტში, როცა კონცერნი BMW მზად იყო, გუნდი ბედის ანაბარა მიეტოვებინა, სწორედ ზაუბერი მოევლინა მშველელად და გადაარჩინა პროექტი, რომელსაც ამდენი ენერგია შეალია.

კონსტრუქტორთა თასზე "ზაუბერის" საუკეთესო შედეგია - მეოთხე ადგილი 2001 წელს, როცა გუნდში გამოდიოდნენ ნიკ ჰაიდფელდი და კიმი რაიკონენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული