სეზონის ხუთი მთავარი დუელი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ნებისმიერმა პილოტმა შესანიშნავად იცის: წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, თანაგუნდელის დამარცხებაა საჭირო. Autosport.com სწავლობს წამყვან გუნდებში პარტნიორთა ძლიერ და სუსტ მხარეებს და აფასებს მათ შანსებს.

კიმი რაიკონენი-რომენ გროსჟანი, ლოტუსი
მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის გადაწყვეტილება დიდ სპორტში დაბრუნების შესახებ, რა თქმა უნდა, ძალიან წაადგება "ლოტუსს". წინასასეზონო ტესტებზე გუნდმა კარგი შედეგები აჩვენა და კიმიმ შეძლო საერთო ენის გამონახვა გუნდთან და ბოლიდთან. რომენ გროსჟანის დაბრუნება გუნდში ასევე კარგად გათვლილი ნაბიჯია: ფრანგი არაფერში ჩამორჩებოდა თავის თანაგუნდელს ტესტებზე და მელბურნში შეძლო სასტარტო ბილიკის მეორე
რიგში ადგილის დაკავება.

რომენმა ძალიან იოლად იპოვნა კონტაქტი ახალ ბოლიდთან. როგორც ჩანს, ნაკლებად გადატვირთული მანქანა კარგად ერგება ფრანგის პილოტირების სტილს. საკვალიფიკაციო რბოლებში გროსჟანმა ბევრი გააკვირვა თავისი მაღალი ტემპით, მაგრამ ორი რბოლის ნაადრევად დასრულებამ წარმოაჩინა ძველი პრობლემა: გროსჟანი კვლავაც არაკონცენტრირებულ სპორტსმენად რჩება.

მსგავს სურათს ვხედავდით რამდენიმე წლის წინ GP2-ის სერიაში, მაგრამ ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ ისე ჩანდა, რომ ამ პილოტმა მოიპოვა სიმშვიდე და მზად იყო კარიერაში დიდი ნაბიჯის წინ გადასადგმელად, მაგრამ... როგორც ჩანს, ფრანგს უფრო მეტი მუშაობა სჭირდება შეცდომებზე.

ახალი ჩემპიონატის პირველ რბოლებში რაიკონენის გამოსვლამ, სავარაუდოდ, გააქარწყლა სკეპტიკოსების ეჭვი ფინელთან მიმართებაში. კიმი ისე გამოდის, თითქოს არ არსებობდა ფორმულა 1-ის მიღმა გატარებული ორი წელი: ის სწრაფად შეეგუა "პირელის" საბურავებს და არ დაუკარგავს საფირმო ტემპი სწრაფ წრეზე. რაიკონენის ბოლიდთან მუშაობაზე ძველებურად არსებობს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მას გროსჟანის უკან ჩამოტოვებაში.

შანსები: 60/40

მიხაელ შუმახერი-ნიკო როსბერგი, მერსედესი
"მერსედესის" პილოტებისთვის ეს წელი განმსაზღვრელი უნდა გახდეს. შუმახერი, შესაძლოა, ბოლო სეზონს ატარებს ფორმულა 1-ში და სურს ამაყად თავაწეულმა დატოვოს სპორტი. როსბერგისთვის კი აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ ის თანაგუნდელზე ძლიერია.

ამით ის საჯინიბოს სრულფასოვანი ლიდერი გახდება ან მიიღებს წინადადებას სხვა ტოპ-გუნდებისგან. გასულმა სეზონმა აჩვენა, რომ პილოტების დონე თითქმის ერთნაირია - სხვაობა მხოლოდ 13 ქულა იყო.

ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ მიხაელის მთავარი პრობლემა კვალიფიკაცია გახდა - ახალ საბურავებთან შეგუების აუცილებლობამ იქამდე მიიყვანა, რომ შვიდგზის ჩემპიონს უჭირდა ერთჯერადი სწრაფი წრეები, მაგრამ რბოლებში შუმახერი შესანიშნავ და სტაბილურ ტემპს აჩვენებდა. ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებმა აჩვენა, რომ 43 წლის გერმანელს ბევრი უმუშავია თავის პრობლემებზე და დამაჯერებლად მოუგო თანაგუნდელს კვალიფიკაციებზე.

დადის ჭორი იმის შესახებ, რომ "მერსედესის" ახალი ბოლიდი უფრო შუმახერს ერგება, ვიდრე როსბერგს და ამაში არის სიმართლის ნატამალი.

გარდა ამისა, შვიდგზის ჩემპიონისთვის სიტუაცია უფრო იოლია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - წლის შედეგების მიხედვით, თანაგუნდელთან კიდევ ერთი წაგების გამო მისი რეპუტაცია დიდად არ დაზარალდება.

ნიკო, როგორც ჩანს, ზეწოლას გრძნობს - ეს შეინიშნება კვალიფიკაციებში შეცდომებისას და რბოლებში არასტაბილური გამოსვლისას. ეს ყველაფერი არ ლაპარაკობს როსბერგის სასარგებლოდ, მაგრამ გვჯერა, რომ ის გაუმკლავდება მღელვარებას, მანქანას და ბრძოლას გაუმართავს თანაგუნდელს.

შანსები: 50/50

ჯენსონ ბატონი-ლუის ჰემილტონი, მაკლარენი
ბოლო წლის განმავლობაში "მაკლარენში" სიტუაცია სერიოზულად შეიცვალა. ადრე ყველა სპეციალისტი ერთხმად იზიარებდა იმ აზრს, რომ 2009 წელს ბატონს ტიტული როს ბრაუნის წარმატებულმა ბოლიდმა მოუტანა და ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ჯენსონი ლუის ჰემილტონის ჩრდილში მოექცეოდა.

მაგრამ 2011 წელს ჯენსონმა პირწმინდად დაამარცხა თანაგუნდელი, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და საერთო ჯამში, სებასტიან ფეტელის ერთადერთ პოტენციურ მოწინააღმდეგედ იქცა. ბრწყინვალე ფორმა აჩვენა ბრიტანელმა 2012 წლის სეზონის პირველ რბოლაში - დამაჯერებლად მოიგო ავსტრალიის გრანპრი.

შარშან მისმა თანაგუნდელმა ყველა შესაძლო პრობლემა გადაიტანა - ტრასებზე ინციდენტებით დაწყებული, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობებით დამთავრებული. და ახალ ჩემპიონატშიც ჰემილტონი არ მიიჩნევა მშობლიური გუნდის ულაპარაკო ლიდერად.

ლუისის კოზირი - ბრწყინვალე საბაზო სისწრაფეა, რომელიც, ამასთან, იოლად იკარგება საბურავების ცვეთის პრობლემების დროს. ჯენსონი, პირიქით, უფრთხილდება საბურავებს და ამიტომაც შეუძლია საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნოს რბოლაში უმაღლესი ტემპი.

ახალი "პირელი" შარშანდელზე რბილია, მაგრამ უფრო მდგრადიც არის. ამიტომაც არ შეიძლება იმის თქმა, რომ 2012 წელს "მაკლარენის" რომელიმე პილოტი საბურავებთან მუშაობისას აშკარა უპირატესობას მიიღებს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უკეთ გაუმკლავდება სირთულეებს პრობლემურ სფეროებში: ან ლუისი ისწავლის საბურავების დაზოგვას და უფრო სტაბილური იქნება, ან ჯენსონი მოუმატებს ტემპს ერთ სწრაფ წრეზე.

სანამ "მაკლარენი" გააგრძელებს დომინირებას კვალიფიკაციაში, ბატონს სავსებით დააკმაყოფილებს შაბათობით მეორე ადგილი, მაგრამ როცა მეტოქეები წამოიწევიან, ბრიტანელი, შესაძლოა, უკან გადავარდეს და აღარ გამოაცხადოს პრეტენზია რბოლებში გამარჯვებაზე.

ჯერჯერობით კი, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაფერი ჯენსონის მცირე უპირატესობაზე ლაპარაკობს, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ძალთა თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს.

შანსები: 55/45

ფერნანდო ალონსო-ფელიპე მასა, ფერარი
სიტუაცია "ფერარიში" ყველა გულშემატკივრისთვის ცხადია. გუნდის ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ საქვეყნოდ აღიარა უკმაყოფილება ახალი ბოლიდის გამო. აგრეთვე, მოუწოდა გულშემატკივრებს, მხარში ამოუდგნენ ფელიპე მასას. ბრაზილიელი უკვე დიდი ხანია, პელოტონის შუაშია ჩარჩენილი - იმ დროს, როცა ფერნანდო ალონსო მარტო მიათრევს გუნდს წინ.

როგორც ჩანს, F2012-ის თავისებურებები საშუალებას არ აძლევს ესპანელს, იბრძოლოს პოულისთვის. მაგრამ 2010 წლის სეზონში დაფიქსირებულ შეცდომებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ალონსო კარგად არჩეული ტაქტიკით ახერხებს კვალიფიკაციაში მიღებული ჩამორჩენის გაბათილებას და საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე ხვდება პოდიუმზე. ამასთან, ესპანელი უფრო ხშირად პოულობს საერთო ენას ბოლიდთან, ვიდრე მისი თანაგუნდელი.

მასას სარბოლო ტემპს ბევრი ნეგატიური გამოძახილი აქვს, მაგრამ თუ ადრე ფელიპე წარუმატებლობას საბურავებს აბრალებდა, ახლა, ისე ჩანს, რომ საერთოდ ვერაფერი გაუგო არასტაბილურ ავტომობილს. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში გუნდმა ვერაფრით გაუწია დახმარება ბრაზილიელს, საბურავებთან მუშაობაში პროგრესის მიღწევის მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2012 წელს მკვეთრი ცვლილება მოხდეს და ასეთ შემთხვევაში, ფელიპესგან რთულია ველოდოთ სიტუაციის გარდატეხას.

შანსები: 75/25

სებასტიან ფეტელი-მარკ უებერი, რედ ბული
ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტის ბოლო რედაქციამ ბოლიდებს მოჭიდების ძალის ნაწილი დააკარგვინა.

ავტომობილის ბალანსის, მოჭიდებისა და უკანა საბურავების ცვეთის ცვლილებებმა ის მოიტანა, რომ შარშან დატანჯული მარკ უებერი 2012 წლის სეზონის სტარტზე სისწრაფით თითქმის დაეწია თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს.

გასულ წელს RB7-ის უკანა საბურავებზე მეტისმეტმა დაწოლამ უებერი ძალიან დააზარალა - ეს ყველაფერი ეტყობოდა კვალიფიკაციასა და რბოლებში სისწრაფეს. ახლა კი, დიფუზორის გაუქმებით, როგორც ჩანს, ავტომობილის უკანა ნაწილის მოჭიდების ნაკლებობა იგრძნო ფეტელმა.

ჯერჯერობით "რედ ბულის" ორივე პილოტის სიჩქარე დაახლოებით თანაბარია - გრძელ დისტანციაზე სება ოდნავ უსწრებს მარკს. სამაგიეროდ, ერთ სწრაფ წრეზე ავსტრალიელი უკეთ გამოიყურება. მაგრამ თუ "რედ ბული" ჩემპიონატის მსვლელობისას დახვეწს RB8-ს და მოახდენს დაკარგული მოჭიდების ძალის კომპენსირებას, ამან შეიძლება ისევ დაუბრუნოს გერმანელს უპირატესობა და ის ისევ გაიჭრება წინ.

შანსები: 60/40

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესო მმოხილვაა
avtuko
17:29 13-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული