რბოლის შემდეგ

AutoSharing Option
ჩინეთის გრანპრის შემდეგ ნიკო როსბერგმა აღიარა, რომ კარიერაში პირველი გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა: მან, ფაქტობრივად, ვერ შეძლო მანქანისგან მაქსიმალური სისწრაფის მიღება, რადგან საბურავების მოფრთხილება უწევდა.

"მთავარი იყო საბურავების დაზოგვა, - განაცხადა "მერსედესის" პილოტმა თავის ვიდეობლოგზე. - ამის მიღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა.

ვერცერთი წრის გავლა ვერ მოვახერხე მაქსიმალური სიჩქარით. საბურავები მოფრთხილებას საჭიროებდა. ასე რომ, სიტუაცია რთული იყო. მაგრამ საბოლოოდ ამოცანას თავი გავართვით, რაშიც სწორად არჩეული ტაქტიკაც დაგვეხმარა...
მეგონა, რომ ბოლო 30 წრე სამუდამოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე უკვე გამარჯვებაზე
ფიქრი დავიწყე და ამან უდიდესი სიამოვნება მომიტანა. ასე რომ, მთელი გუნდის გამო ძალიან მოხარული ვარ".

ვეტერანები ნიკოს აქებენ
როსბერგი დაეთანხმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ნიკი ლაუდას აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ გამარჯვებას მალე ახალი ტრიუმფი მოჰყვება, თანაც, არაერთი. ავსტრიელ ლეგენდას ამაში ეჭვი არ ეპარება.

"ახლა გამარჯვება უფრო იოლი იქნება, რადგან ნიკომ დაამტკიცა, რომ მას ეს შეუძლია, - მიიჩნევს ლაუდა. - შემდეგი გამარჯვების ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს".

პატრიკ ტამბე ფორმულა 1-ში ნიკოს მამასთან - კეკე როსბერგთან ერთად გამოდიოდა და მხოლოდ ორი გრანპრი მოიგო. მიუხედავად ამისა, ფრანგი ვეტერანი ადასტურებს, რომ ყველაზე რთული - პირველი გამარჯვების მოპოვებაა.

"ამის შემდეგ ყველაფერი მარტივად მოგეჩვენება, მით უმეტეს, თუ პირველ გამარჯვებას 110 ეტაპი ელოდი, - განაცხადა ტამბემ. - ის ნამდვილ შვებას მოგანიჭებს. ნიკო ჯერ მხოლოდ 26 წლისაა და მას უკვე დიდი გამოცდილება გააჩნია. ყველაფერი აქვს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად. პირველი გამარჯვება - ყველაზე რთულია".

ფერარი სასოწარკვეთილია
"ფერარის" ბანაკში კი იმედგაცრუებას ვერ მალავდნენ და ამის მიზეზი კვლავ F2012-ის დაბალი ტემპი იყო.

"ვიცოდით, რომ რბოლა რთული იქნებოდა. ასეც მოხდა. დისტანციის დიდი ნაწილი ტრაფიკში გავატარე და ვერ შევძელი ჩემი მანქანის პოტენციალის რეალიზება - როცა მეტოქეების უკან მოძრაობ, საბურავი უფრო ინტენსიურად ცვთება. სამი პიტსტოპის ტაქტიკა ყოველთვის უკავშირდება გასწრებების აუცილებლობას, მაგრამ დაბალი სიჩქარის გამო სწორ მონაკვეთებზე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.

ამ რბოლის შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, მით უმეტეს, რომ წინ არის ბაჰრეინის გრანპრი, სადაც აჩქარების დინამიკა და მაქსიმალური სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალ უქმეებზე მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ დანაკარგი. ახლა ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე არ ვფიქრობ. ჩვენი მთავარი მიზანი F2012-ის ეფექტურობის გაზრდაა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი დავკარგე - პირიქით. კონსტრუქტორთა თასზე მესამე ადგილზე ვართ. მე ლიდერს მხოლოდ რვა ქულით ჩამოვრჩები. ასე რომ, დეპრესიის საბაბი არ არსებობს. დიახ, ჩვენ დიდი ნაბიჯი გვჭირდება პროგრესის მისაღწევად. ესპანეთის რბოლისთვის სერიოზულ განახლებებს ვამზადებთ, მაგრამ მეტოქეებიც არ დგანან ერთ ადგილას. ასე რომ, არ მგონია, ერთბაშად გავაბათილოთ წრეზე ერთწამიანი ჩამორჩენა", - განაცხადა წინა ეტაპის ტრიუმფატორმა ფერნანდო ალონსომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული