"მერსედესის" პილოტს უკანასკნელად 1955 წელს ჰქონდა მოგებული ფორმულა 1-ის გრანპრი - ეს ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ გააკეთა. გთავაზობთ "დიდი ცირკის" ახალი ვარსკვლავის ფართო ანკეტას.
დაბადების თარიღი და ადგილი
1985 წლის 27 ივნისი. ვისბადენი - გერმანული ჰესენის მიწის დედაქალაქი. ამავე ქალაქში დაიბადა კინოვარსკვლავი სიმონა სინიორე, ჩოგბურთის გენიოსი ჯონ მაკინროი. აქვე ცხოვრობენ ალექსანდრ პუშკინის შთამომავლები. ნიკო ამჟამად მონტე კარლოში ცხოვრობს.
მამა
შვედეთში დაბადებული ფინელი კეკე როსბერგი, ფორმულა 1-ის
მოქალაქეობა
გერმანული და ფინური. ჭაბუკობაში ორივე დროშით გამოდიოდა, 2003 წლიდან - მხოლოდ გერმანიის სახელს იცავს.
ოჯახური მდგომარეობა
უკვე 10 წელია ცხოვრობს მეგობარ გოგონასთან - ვივიან ზიბოლდთან, რომელსაც "იდეალურ ქალს" უწოდებს. ორივენი 26 წლისანი არიან. ვივიანი ერთადერთია ფორმულა 1-ის პილოტების ცოლებსა და მეგობრებს შორის, რომელსაც უნივერსიტეტის დიპლომი გააჩნია.
სპეციალობით - არქიტექტორია. წარმატებულია თავის პროფესიაში, ნიკოსავით მუდმივად დაკავებულია. 2010 წელს ვივიანმა დააპროექტა საჯინიბო "ლოტუსის" მოტორჰოუმი. გარდა ამისა, ნიკოსთვის მოაწყო სახლი ბორბლებზე, რომლითაც პილოტი ევროპაში მოგზაურობს.
კარიერის დასაწყისი
კარიერა კარტის მანქანებით დაიწყო, რომელთა საჭეს ექვსი წლის ასაკში მიუჯდა. 11 წლისა შეჯიბრებებში ჩაერთო და რამდენიმე რბოლა მოიგო. შემდეგ იყო გერმანიის "ფორმულა-BMW", ფორმულა 3, GP2-ის სერია.
ფორმულა 1-ში პირველი ტესტები 2004 წელს "უილიამსში" გამართა, 2006-09 წლებში ამ გუნდის ძირითადი პილოტი იყო.
დღევანდელი სამუშაო ადგილი
"მერსედესის" პილოტია 2010 წლიდან. წინა ორ სეზონში გაუსწრო ლეგენდარულ თანაგუნდელს მიხაელ შუმახერს. თუმცა ეს ნიკოსთვის არ იყო საკმარისი და საკმაოდ მკაცრი ტონით ითხოვდა "მერსედესის" შეფებისგან საჩემპიონო ბოლიდის შექმნას. მკაცრი ტონის უფლება ჰქონდა, რადგან მის მიმართ ინტერესს გამოხატავდნენ "ფერარი" და "რედ ბული".
შედეგად, "მერსედესმა" უარი თქვა ეკონომიაზე და თავის რიგებში ათობით ახალი თანამშრომელი მიიწვია. რა თქმა უნდა, პრესინგს "მერსედესის" ხელმძღვანელობაზე შუმახერთან ერთად ახორციელებდა.
წლევანდელი სეზონის წინ გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ყველაზე გვიან მოაწყო ახალი მანქანის პრეზენტაცია - უნდოდა, რაც შეიძლება მეტი სიახლით აღეჭურვა მანქანა. უკვე ზამთრის ბოლოს როსბერგი აცხადებდა: "კარგი წინათგრძნობა მაქვს". წინათგრძნობამ პილოტს არ უღალატა - "მერსედესი" დღეს ძალიან სწრაფია. შანხაის კვალიფიკაციაში როსბერგმა უახლოეს მდევარს ძალიან ბევრი - წამნახევარი მოუგო.
ხელფასი
შარშან როსბერგმა 2015 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი "მერსედესთან". 2012 წლიდან 12 მილიონ ევროს იღებს წელიწადში (მანამდე - 6 მილიონი ჰქონდა). ასე რომ, მომავალ ოთხ სეზონში 48 მილიონით გამდიდრდება. უფრო მეტს იღებენ ისინი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონები არიან.
კოლეგებთან ურთიერთობა
აქ მთავარი თემა - ნიკო და შუმახერია. ლეგენდარული პარტნიორის მიმართ ხაზგასმულ პატივისცემას გამოხატავს, მაგრამ მის ჩრდილში არ მოქცეულა. თავიდანვე განაცხადა, რომ "მერსედესში" მეორე პილოტი არ იქნებოდა. თუმცა დაამატა: სიტუაციის შესაბამისად, მზად არის გუნდზე იმუშაოს. იქვე ისიც აღიარა, რომ ყოველთვის ჰაკინენს გულშემატკივრობდა და უხაროდა, როცა ლეგენდარული ფინელი შუმახერს ამარცხებდა. თუმცა ეს არ ყოფილა გასაკვირი, რადგან მამამისი ჰაკინენის მენეჯერი იყო.
როსბერგსა და შუმახერს შორის დამოკიდებულებაზე კარგ წარმოდგენას გვიქმნის გასული წლის ზაფხულში Bild-ში გამოქვეყნებული ერთობლივი ინტერვიუ. როცა ნიკოს ჰკითხეს, რა არის ტიპური ფინური ხასიათის გამოვლინება, მიხაელმა ღიმილით განაცხადა: "იშვიათად თვრებიან". კითხვაზე, რას აიღებდნენ ერთმანეთისგან, შუმიმ განაცხადა: "ასაკს". ნიკოს ჟურნალისტმა ჰკითხა: "თქვენ, ალბათ, მიხაელის ტიტულებს აიღებდით?" როსბერგი: "არა, მინდა თავად მოვიგო ჩემპიონობა, მაგრამ უარს არ ვიტყოდი მის ბოსტანზე".
ხასიათის თვისებები
მიაჩნია, რომ მამისგან ფინური ხასიათი ერგო. "ფინელები კი პატივმოყვარენი არიან", - ამბობს ნიკო. უყვარს შემდეგი ისტორიის გახსენება: ერთხელ ფინეთში მან და კეკე როსბერგმა ორი მანქანით გაყინულ ტბაზე რალი მოაწყვეს. მას შემდეგ, რაც ნიკომ 0.5 წამი მოიგო, კეკე შოკში აღმოჩნდა. უმცროს როსბერგსაც უჭირს წარუმატებლობების გადატანა: ამბობენ, რომ მარცხის შემდეგ მასთან ლაპარაკი შეუძლებელია. ნიკო იმდენად პატივმოყვარეა, რომ ხანდახან ამას თავის მთავარ ნაკლად მიიჩნევს.
მეგობრები ფორმულას მიღმა
"მე გამიმართლა, - ამბობს როსბერგი. - სკოლაში რვაკაციანი შესანიშნავი კომპანია გვყავდა. ჩვენ ძველებურად საუკეთესო მეგობრები ვართ, თუმცა ყველანი დედამიწის სხვადასხვა ადგილას ვართ მიმოფანტული. მაგრამ ამაში არის დადებითი მხარე - სადაც უნდა ჩავიდე, იქ ერთი მეგობარი მაინც მხვდება".
ჰობი
თამაშობს ფეხბურთს, მეგობრობს "ბაიერნის" კაპიტანთან ფილიპ ლამთან. უარს არ იტყოდა მძღოლად მუშაობაზე: თებერვალში ვისბადენში სიამოვნებით დაატარებდა სპორტსმენების მეჯლისზე ქალბატონებს დეკოლტირებული კაბებით. ყველა მგზავრმა ისარგებლა შემთხვევით და მძღოლისგან ავტოგრაფი აიღო. ჟონგლიორობს (ამბობს, რომ ეს კონცენტრაციაში ეხმარება), იოგათი და ტრიატლონით არის დაკავებული.
თილისმა
ტყავის სამაჯური. წელს მან მალაიზიაში კვალიფიკაციაზე მეშვიდე ადგილი დაიკავა. ღამით, რბოლის წინ, სასტუმრო ნომერში ვირთხამ საყვარელი აქსესუარი დაღრღნა. საბოლოოდ, მე-13 ადგილი დაიკავა ეტაპზე.
მეტსახელი
მექანიკოსებმა ერთხელ ბრიტნი შეარქვეს - პოპვარსკვლავი სპირსის სახელი. თურმე იმიტომ, რომ ნიკო ძალიან დიდ დროს უთმობს გარეგნობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"