"დიდი სლემი" "დიდ ცირკში"

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა განაცხადა, რომ ის სამეფო რბოლებში გუნდებისთვის ბიუჯეტის ლიმიტის დაწესების წინააღმდეგია.

"ბიუჯეტის შეზღუდვა არ გაამართლებს. არ შეიძლება ადამიანებს იმ ფულის ხარჯვა აუკრძალო, რომელიც მათ გააჩნიათ. ისინი ყოველთვის მონახავენ საშუალებას წესისთვის გვერდის ასავლელად. ამის გაკონტროლება შეუძლებელია.

ამის ნაცვლად, ტექნიკური რეგლამენტი ისე უნდა გაიწეროს, რომ შეუძლებელი იყოს, უბრალოდ, ფულის გამოყენებით საკუთარი ბოლიდის ტემპის გაზრდა", - განაცხადა ექლსტოუნმა.

ამასთან, ბრიტანელმა მხარი დაუჭირა ფორმულა 1-ში ე წ. კლიენტთა მანქანების დანერგვას. ასეთ შემთხვევაში, კერძო გუნდები ლიდერი საჯინიბოების წინა წლის მანქანებით
გავლენ ტრასაზე.

"სავარაუდოდ, ეს პუნქტი შეტანილი იქნება თანხმობის ხელშეკრულების შემდეგ ვარიანტში", - ამბობს ექლსტოუნი.

პრომოუტერის განცხადებით, მას ესმის, რომ ამ შემთხვევაში ფორმულა 1-ში შეიძლება კონსტრუქტორთა მინიმალური რაოდენობა დარჩეს.

"იმ მოდელით, რომელიც მე მოვიგონე, ასეთი რამ არ მოხდება. მალე მოგიყვებით ამის შესახებ", - ამშვიდებს ექლსტოუნი ფორმულას გულშემატკივრებს.

გარდა ამისა, ბერნიმ განაცხადა, რომ მუშაობს ჩემპიონატის მოდელზე, რომელშიც გამოყენებული იქნება "დიდი სლემის" პრინციპი, რაც წარმატებით მუშაობს ჩოგბურთში. კალენდარში გამოყოფენ რამდენიმე მნიშვნელოვან რბოლას, რომელშიც უფრო მეტი ქულა გათამაშდება, ვიდრე ჩვეულებრივ ეტაპებზე.

* * *
პარალელურად, ბრიტანელმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ 2013 წელს ამერიკის შტატ ნიუ ჯერსიში ფორმულა 1-ის ეტაპი გაიმართება. ექლსტოუნის აზრით, მომავალი წლის ივნისისთვის ყველაფერი არ იქნება მზად გრანპრის ჩასატარებლად.

"ნიუ ჯერსის რბოლა? ჯერ საკითხავია, როდის გაიმართება ეს ეტაპი. შესაძლოა, 2013 წელს, ან 2014-ში".

ნიუ ჯერსის ქუჩის ტრასა ნაწილობრივ გაივლის მდინარე ჰუძონის გასწვრივ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პრობლემებია წელს ტექსასში ახალი ამერიკული ეტაპის – აშშ-ის გრანპრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი.

ასევე ექლსტოუნმა ხაზი გაუსვა იმას, რომ 2013 წლიდან ბელგიისა და საფრანგეთის ეტაპების მონაცვლეობით ჩატარება დამოკიდებული იქნება რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნებზე, რადგან ნიკოლა სარკოზის მთავრობა მთლიანად უჭერს მხარს ფორმულა 1-ის დაბრუნებას. მისი ოპონენტების პოზიცია კი ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული