"ფერარი": გამარჯვების ფასი

AutoSharing Option
"ფერარი" შემთხვევით არ მიიჩნევა ფორმულა 1-ის ლეგენდად - გუნდი "დიდ ცირკში" პირველივე სეზონიდან გამოდის, რითაც ვერ დაიკვეხნის "სკუდერიას" ვერცერთი დღევანდელი კონკურენტი. მთელი ამ დროის განმავლობაში იყო ბრწყინვალე გამარჯვებების პერიოდები და მკვეთრი ჩავარდნები. ისეც ხდებოდა, რომ ენცო ფერარი ფორმულიდან გამოსვლასაც ფიქრობდა...

კარგად არის ცნობილი, რომ კომენდატორე საკმაოდ ხელმომჭირნე იყო და თავის პილოტებს, თუნდაც უმაღლესი დონის ვარსკვლავებს, საკმაოდ ცოტას უხდიდა. მას არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნდა, რომ თავად წითელი მანქანის გრანპრის სტარტზე გაყვანა უკვე ბევრს ნიშნავდა. მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყეს პილოტებმა მეტ-ნაკლებად ნორმალური
ანაზღაურების მიღება. Sportune-ის ჟურნალისტებმა ამოარჩიეს "სკუდერიას" რამდენიმე პილოტი და გამოთვალეს, რა თანხა უჯდებოდა იტალიურ გუნდს მათი გამარჯვებები.

ყველა თანხა 2012 წლის ფასებშია გადაყვანილი და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირი დაჯდა ჟან ალეზის მოგება 1995 წელს კანადის გრანპრიზე. ფრანგმა მარანელოში ხუთი სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ავიდა
პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე.

ასევე, საკმაოდ ძვირი გამოვიდა ალენ პროსტის კონტრაქტი 90-იანი წლების დასაწყისში - ის სამ წელზე იყო გათვლილი, მაგრამ "პროფესორი" "ფერარიდან" კონტრაქტის მეორე წელს წავიდა, რადგან მიხვდა, რომ მანქანა არაფრად ვარგოდა.

კიმი რაიკონენი რეგულარულად იმარჯვებდა, მაგრამ ძალიან ბევრსაც იღებდა. ამიტომაც არ იყო იოლი შესანახი პილოტი. სამაგიეროდ, მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი ჯოდი შექტერი ინვესტიციების ეფექტური ობიექტი აღმოჩნდა: სამხრეთაფრიკელი, საშუალოდ, 1.8 მილიონ დოლარად იგებდა ეტაპებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კრის ეიმონი: ახალგაზრდა ახალზელანდიელზე ენცო ფერარი დიდ იმედებს ამყარებდა. ის ხშირად ლიდერობდა რბოლებს, მაგრამ ერთხელაც ვერ მივიდა პირველი ფინიშთან - 2 მილიონი წყალში ჩაიყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული