ჯერჯერობით ცნობილია ორი ინციდენტის შესახებ: "უილიამსის" თანამშრომელმა ქალმა კონტრაქტი გაწყვიტა ბრიტანულ საჯინიბოსთან და არ გაემგზავრა სამეფოში - იქაურ ჩაგრულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
მეორე ინციდენტი უფრო სერიოზულია.
19 აპრილს, გუნდებმა ბაჰრეინში მუშაობა დაიწყეს. "ფორს ინდიას" მექანიკოსები მანქანით ტრასიდან ბრუნდებოდნენ და საცობში მოხვდნენ. ეს მათ, კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ, რადგან პრაქტიკულად ტერაქტის ცენტრში აღმოჩდნენ. მათგან დაახლოებით 20 მეტრში
ამ ინციდენტის შემდეგ ინდური საჯინიბოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დატოვა ბაჰრეინი და ბრიტანეთში გუნდის ბაზაზე დაბრუნდა.
ავტოდრომის დირექტორმა ზაიედ ალზაიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მხოლოდ ერთი ინციდენტი იყო, რომელიც არ გახდება უსაფრთხოების ზომების უფრო მეტად გაძლიერების საბაბი.
"ეს მხოლოდ ერთი ინციდენტია, სხვათა შორის იქვე ახლოს ჩემი მეუღლეც იმყოფებოდა. მომიტინგეებს არ უცდიათ მანქანის დაზიანება, რომელიც შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას. ტრავმა არავის მიუღია. მე არ ვხელმძღვანელობ პოლიციას, მათ იციან თავისი საქმე, ჩემი სამუშაო კი რბოლის ჩატარებაა", - ამბობს ალზაიანი.
* * *
ბრიტანეთის პოლიციის ყოფილი ოფიცრის ჯონ იეიტსის (ის ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის უსაფრთხოების სამსახურს უწევს კონსულტაციას) აზრით, ქვეყანაში დაძაბულობა იზრდება.
"ვიღაც ირწმუნება, რომ შეიძლება უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამგვარი გარანტიის მიცემა.
ამის მტკიცება სისულელე იქნებოდა, - ამბობს იეიტსი "გარდიანთან" კომენტარისას. - შესაძლებელია თუ არა ავტოდრომზე თავდასხმა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. შეძლებთ თუ არა თქვენ რომელიმე იდიოტის გაჩერებას, რომელიც ტრასაზე შევარდება?! სხვა ტრასებზეც ყოფილა ასეთი შემთხვევები".
ჯონ იეიტსი ბაჰრეინში უკვე ოთხი თვეა მუშაობს - ადგილობრივი მთავრობის მიწვევით პოლიციის რეფორმის განხორციელებას კურირებს. ამიტომაც, მისთვის სიტუაცია კარგად არის ნაცნობი:
"მთელი უქმეები გაგრძელდება პროტესტები. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გრანპრი სპორტულ ღონისძიებას ჰგავდეს და არა უსაფრთხოების ძალების დემონსტრირებას. ჩემი აზრით, მომიტინგეები სატრანსპორტო მაგისტრალებზე იაქტიურებენ. სხვათა შორის პოლიციას აქვს უფლება ცეცხლი გაუხსნას პროტესტანტებს".
* * *
რაც შეეხება ბაჰრეინის გრანპრის სპორტულ მხარეს, ბუქმეკერები მიიჩნევენ, რომ დროა ლუის ჰემილტონმა მოიგოს სეზონში პირველი რბოლა, მაგრამ ჯენსონ ბატონიც ახლოს არის თანაგუნდელთან. ხოლო იმის ალბათობა, რომ ნიკო როსბერგი მოიგებს ზედიზედ მეორე რბოლას ისეთივეა, როგორიც სებასტიან ფეტელის გამარჯვებაზე კოეფიციენტი. ამას შარშან ვერავინ წარმოიდგენდა.
ბაჰრეინის გრანპრი
ჩატარების ადგილი - საჰირი, ბაჰრეინი
წრის სიგრძე - 5 412 მ
საუკეთესო წრე - 1:30,252 (მ. შუმახერი, 2004)
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მაკლარენი) - 45 ქულა
2. ბატონი (მაკლარენი) - 43
3. ალონსო (ფერარი) - 37
4. უებერი (რედ ბული) - 36
5. ფეტელი (რედ ბული) - 28
6. როსბერგი (მერსედესი) - 25
7. პერესი (ზაუბერი) - 22
8. რაიკონენი (ლოტუსი) - 16
განრიგი
20 აპრილი, 11:00 - I პრაქტიკა
20 აპრილი, 15:00 - II პრაქტიკა
21 აპრილი, 12:00 - III პრაქტიკა
21 აპრილი, 15:00 - კვალიფიკაცია
22 აპრილი, 15:00 - რბოლა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"