ბაჰრეინის შემდეგ

AutoSharing Option
ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ, ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა ტრადიციულად რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა...

ოთხი ეტაპის შეჯამება
- ბაჰრეინში სებასტიან ფეტელმა კარიერაში მეოთხე ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება, საუკეთესო წრე) შეასრულა. გერმანელმა ხუთრბოლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა გამარჯვება.

- ახალი სეზონის პირველი ოთხი რბოლა ოთხმა სხვადასხვა პილოტმა მოიგო. ბოლოს ასეთი სიტუაცია 1983 წელს შეიქმნა, როცა პირველ ოთხ ეტაპზე ასევე ოთხმა სხვადასხვა ავტომრბოლმა გაიმარჯვა: ნელსონ პიკემ ("ბრებემი"), ჯონ უოტსონმა ("მაკლარენი"), ალენ პროსტმა ("რენო") და პატრიკ ტამბემ ("ფერარი"). საინტერესოა, რომ მაშინ მეხუთე რბოლაში კეკე როსბერგი
("უილიამსი") მივიდა ფინიშზე პირველი.

- ბაჰრეინის გრანპრის მოგებით ფეტელი სეზონის მსვლელობისას საერთო ჩათვლის მეოთხე ლიდერი გახდა, პოდიუმზე კი უკვე რვა პილოტმა მოასწრო ასვლა. და ეს იმ დროს, როცა მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში პოდიუმზე ჯამში მხოლოდ შვიდი პილოტი ვიხილეთ!

- გროსჟანი და დი რესტა იმ პილოტების რიცხვში მოხვდნენ, რომლებიც თუნდაც ერთი წრე ლიდერობდნენ სეზონში. ისინი შეუერთდნენ ჰემილტონს, ბატონს, ფეტელს, პერესს, ალონსოსა და როსბერგს. ამდენივე პილოტი ლიდერობდა შარშან მთელი სეზონის განმალობაში.

- წინა ეტაპზე - ჩინეთის გრანპრიზე პოდიუმზე ავიდა სამი პილოტი, რომლებიც "მერსედესის" ძრავებით გამოდიან, ბაჰრეინში პირველ ოთხ ადგილზე გასული პილოტი კი "რენოს" ძრავებს იყენებს - ეს პირველად მოხდა 1997 წლის შემდეგ.

პოზიცია სტარტსა და ფინიშზე
- ბაჰრეინის გრანპრიზე კიმი რაიკონენის მეორე ადგილი საბურავებთან მუშაობის მხრივ კარგად არჩეულმა ტაქტიკამ განაპირობა. ფინელმა დაზოგა საბურავი კვალიფიკაციაში და იქ მე-11 ადგილი დაიკავა, სამაგიეროდ, რბოლაში მეორე მივიდა ფინიშთან.

- წელს ბევრმა პილოტმა, რომლებმაც პირველი ათეულის მიღმა აიღეს სტარტი, შეძლეს რბოლაში ქულების მოპოვება (აქ არ იგულისხმება მალაიზიის წვიმის რბოლა): ავსტრალიაში ესენი იყვნენ პერესი, რაიკონენი, ალონსო, კობაიაში და დი რესტა, ჩინეთში - სენა, ფეტელი და მალდონადო, ბაჰრეინში - შუმახერი, რაიკონენი და მასა.

კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელმა სეზონში პირველი პოული მოიპოვა და პირველად გაუსწრო კვალიფიკაციაში თანაგუნდელ მარკ უებერს.

- ბაჰრეინში ფეტელმა ორმოცდამეორედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა გრემ ჰილსა და ჯეკი სტიუარტს.

1. მიხაელ შუმახერი 116
2. აირტო სენა 87
3. ალენ პროსტი 86
4. ნაიჯელ მენსელი 56
5. ხუან-მანუელ ფანხიო 48
5. ჯიმ კლარკი 48
7. დეიმონ ჰილი 47
8. ნელსონ პიკე 44
9. ჯეკი სტიუარტი 42
9. გრემ ჰილი 42
9. სებასტიან ფეტელი 42

- "რედ ბულმა" თავის ისტორიაში 39-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფ "ბრებემს".

- ლუის ჰემილტონი კარიერაში მეორმოცედ მოხვდა პირველ რიგში და ზედიზედ მეორმეცედ შევიდა ათეულში.

- ზედიზედ მეოთხე ეტაპზე ფელიპე მასა ვერ გავიდა კვალიფიკაციის ფინალში. ბრაზილიელს ასეთივე სერია 2005 წელს ჰქონდა, როცა "ზაუბერში" გამოდიოდა.

- მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, მეორედ ვერ გადალახა პირველი საკვალიფიკაციო სესია. წინა ჯერზე იგივე მოხდა ბელგიის შარშანდელ გრანპრიზე, როცა მიხაელის ბოლიდს საბურავი მოძვრა.

რბოლა
- კარიერაში 22-ე მოგებით საბესტიან ფეტელმა საერთო რეიტინგში დეიმონ ჰილთან მე-11 პოზიცია გაიყო.

1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯელ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 28
6. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიმ კლარკი 25
7. ნიკი ლაუდა 25
9. ხუან-მანუელ ფანციო 24
10. ნელსონ პიკე 23
11. სებასტიან ფეტელი 22
11. დეიმონ ჰილი 22
13. მიკა ჰაკინენი 20
14. კიმი რაიკონენი 18
15. ლუის ჰემილტონი 17

- კიმი რაიკონენი 2009 წლის იტალიის გრანპრის შემდეგ პირველად ავიდა პოდიუმზე (სამოცდამესამედ კარიერაში).

- მარკ უებერმა სეზონის ოთხ რბოლაში სხვადასხვა პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ყოველთვის მეოთხე ადგილზე გადიოდა.

- ფელიპე მასამ ბაჰრეინში სეზონში პირველი ქულები დააგროვა. ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში უქულოდ მხოლოდ სამი უსუსტესი გუნდის წარმომადგენლები არიან.

- 22-ე პოზიციიდან სტარტის აღების შემდეგ, მიხაელ შუმახერმა მე-10 ადგილზე დაასრულა რბოლა. გერმანელი ყოველთვის შედიოდა ქულათა ზონაში მაშინ, როცა სტარტზე პირველი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა - ასეთი შემთხვევა ოთხი იყო, ამასთან სამი - "მერსედესის" შემადგენლობაში.

შუმახერი პირელის წინააღმდეგ
"მერსედესის" პილოტმა მიხაელ შუმახერმა მკაცრად გააკრიტიკა ფორმულა 1-ში საბურავების მიმწოდებელი კომპანია "პირელი". გერმანელის სიტყვებით, კომპანია არ აწვდის საჯინიბოებს იმ საბურავებს, როგორიც "დიდ ცირკს" სჭირდება.

"ბაჰრეინში გარკვეული ტემპით უნდა მევლო, რათა საბურავები არ გამოსულიყო მწყობრიდან. ჩვენ უნდა დავსვათ საკითხი: უნდა იყოს თუ არა ასე? ეს სიტუაცია არასწორია და ის არ აწყობს ფორმულა 1-ს. წელს ვერ ვხვდები, რა უნდა მოვუხერხო საბურავებს. მართალია, ეს გასასამრთლებელი საბუთი არ არის, რადგან იგივე საბურავებით სხვა პილოტები კარგად მუშაობენ. მაგრამ, თუ ჩემპიონატის მონაწილეთა 80-90 პროცენტი საბურავების გამო წუწუნებს, მაშინ "პირელი" უნდა დაფიქრდეს ამაზე", - აცხადებს BBC-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.

ბარსელონა და ვალენსია მონაცვლეობით
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმმა ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან ესპანეთის ქალაქები - ბარსელონა და ვალენსია მორიგეობით უმასპინძლებენ "სამეფო რბოლის" ეტაპებს.

"დღევანდელი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რბოლების მონაცვლებით ჩატარება საკითხის გადაწყვეტის საუკეთესო ვარიანტი იქნება", - ამბობს "ელ პაისთან" კომენტარში ექლსტოუნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული