ინდიკარი: ერთი პილოტის დომინირებით

AutoSharing Option
ინდიკარის სარბოლო სერიის მეოთხე ეტაპი ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში გაიმართა.

რბოლა "პენსკეს" გუნდში "შევროლეს" მანქანით მოასპარეზე უილ პაუერმა მოიგო. წელს ეს გამარჯვება ზედიზედ მესამე იყო ავსტრალიელი პილოტისთვის, ხოლო "პენსკეს" გუნდს შეუძლია ასპროცენტიანი შედეგით დაიკვეხნოს: მისმა წევრებმა ამ სეზონში ჩატარებული ოთხივე რბოლა მოიგეს.

ისევე, როგორც წინა რბოლაში, ამჯერადაც პაუერმა ორი პიტსტოპის ტაქტიკა აირჩია, რაც ნაკლებად აგრესიულ სტილს ითვალისწინებს და ამჯერადაც სტრატეგიამ გაამართლა.

იმ პილოტებმა, რომლებმაც სამი პიტსტოპი და აგრესიული სტილი აირჩიეს, წარმატებას ვერ მიაღწიეს. მაგალითად, "განასის" გუნდის წევრი სკოტ დიქსონი რაღაც
მომენტში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ ზედმეტმა პიტსტოპმა უკან გადააგდო. იქ კი ბევრი დრო დაკარგა ავარიისთვის გვერდის ასავლელად. საბოლოოდ, წარმატებულ გუნდში მოასპარეზე ძლიერმა მრბოლელმა აგრესიული სტილის გამოყენებით მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა.

უფრო წარმატებული რბოლა ჰქონდა "განასის" კიდევ ერთ პილოტს, შოტლანდიელ დარიო ფრანკიტის. სერიის ოთხგზის ჩემპიონისთვის მეხუთე ადგილი შეიძლება კარგი შედეგი არ იყოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წინა სამ რბოლაში ფრანკიტი ერთხელაც ვერ შევიდა პირველ ათეულში.

სან პაულუში მეორე ადგილი დაიკავა რაიან ჰანტერ რეიმ, მესამეზე კი იაპონელი ტაკუმა სატო ვიხილეთ. ეს ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტის პირველი პოდიუმია ინდიკარის სერიაში. ფორმულა 1-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო ფინიშზე მეათე მივიდა.

საერთო ჩათვლაში პაუერმა გაიმყარა ლიდერობა - მას 180 ქულა აქვს. ავსტრალიელის უახლოესი მდევარია მისი თანაგუნდელი ჰელიო კასტრონევეში - 135 ქულით. 123 ქულით სამეულშია ჯეიმს ჰინჩკლიფი "ანდრეტის" გუნდიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული