მზადება იტალიაში

AutoSharing Option
პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფორმულა 1-ის გუნდებმა სეზონის მსვლელობისას ტესტების ჩატარებაზე მოილაპარაკეს.

ზამთარში საჯინიბოებმა 12 დღე იმუშავეს, დარჩენილი სამი დღე კი ბაჰრეინისა და ესპანეთის ეტაპებს შორის პერიოდში გადაიტანეს. ყველა გუნდმა (HRT-ის გარდა) გუშინ მუჯელოს ტრასაზე გაიყვანა საკუთარი მანქანა.

ნისლიანი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ტესტების პირველი დღე დროულად დაიწყო - პილოტებმა საშუალედო საბურავებით დატოვეს ბოქსები. თუმცა ამინდი მაინც უშლიდა ხელს გუნდების მუშაობას. არადა, ინჟინრებს პირველად მიეცათ არასარბოლო უქმეების რეჟიმში ტექნიკური სიახლეების შემოწმების საშუალება.

პირველ დღეს ბევრმა გუნდმა სარეზერვო პილოტი მიიწვია
- "ლოტუსმა" ჟერომ დ'ამბროზიო, "უილიამსმა" ვალტერი ბოტასი, "ფორს ინდიამ" ჟიულ ბიანკი, "კატერჰემმა" როდოლფო გონსალესი... ორი გუნდის პილოტებმა გაიყვეს პროგრამა - "მერსედესში" დილით ნიკო როსბერგი მუშაობდა, შესვენების შემდეგ მიხაელ შუმახერი; "მაკლარენში" ოლივერ ტერვიმ დღის მეორე ნახევარში ბოლიდი გერი პაფეტს დაუთმო.

იტალიური პუბლიკა მხურვალედ მიესალმებოდა ტრასაზე ფერნანდო ალონსოს ყოველ გამოჩენას. ცუდი ამინდის მიუხედავად, მაყურებელი საკმაოდ მრავლად იყო და ბოქსებში ხუმრობდნენ კიდეც - აქ მაყურებელი უფრო მეტია, ვიდრე ბაჰრეინის გრანპრიზეო.

დილით წითელი დროშების გამოფენა გახდა საჭირო - თავიდან ვერნი გაჩერდა მეოთხე მოსახვევში, შემდეგ კი პრობლემები შეექმნათ ალონსოსა და როსბერგს. დილის სესიის ბოლოს, როგორც იქნა, მზემ გამოანათა, ტრასა გაშრა და გუნდები "სლიკებზე" გადავიდნენ.

მაგრამ სესიებს შორის შესვენებისას ნამდვილი თავსხმა წამოვიდა და გუნდები დიდხანს ელოდნენ გამოდარებას. ბოლოს ტრასა მაინც გახსნეს და პირველი მიხაელ შუმახერი გამოვიდა. მან ერთი წრე გაიარა და ბოქსებში დაბრუნდა - წვიმა ისევ გაძლიერდა. გერმანელს ალონსო მიჰყვა, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ მაყურებელი გაეხარებინა - პუბლიკა დაშლას არ აპირებდა.

პირველი დღე
1. ფ. ალონსო (ფერარი) 1:22.444 (46)
2. მ. უებერი (რედ ბული) +1.204 (24)
3. ჟ. ვერნი (ტორო როსო) +1.447 (32)
4. ჟ. დ'ამბროზიო (ლოტუსი) +1.604 (40)
5. ნ. როსბერგი (მერსედესი) +1.656 (49)
6. კ. კობაიაში (ზაუბერი) +2.292 (48)
7. ო. ტერვი (მაკლარენი) +2.859 (30)
8. ჟ. ბიანკი (ფორს ინდია) +3.031 (18)
9. რ. გონსალესი (კატერჰემი) +4.753 (35)
10. შ. პიკი (მარუსია) +4.915 (45)
11. ვ. ბოტასი (უილიამსი) +6.735 (28)
12 გ. პაფეტი (მაკლარენი) +28.454 (4)
13. მ. შუმახერი (მერსედესი) - (5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული