"კარიერის ბოლომდე "მერსედესში" გამოსვლა? რატომაც არა?! - ამბობს როსბერგი "ბილდთან" კომენტარში. - ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობის კარგი შანსი მაქვს და მე მადლობელი ვარ იმ პროგრესისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.
ჩემი მთავარი მიზანი - ტიტულის მოგებაა. "მერსედესის" ბოლიდით მომავალ გამარჯვებებზე ფიქრი ჩემთვის უფრო მომხიბვლელია, ვიდრე "ფერარის" საჭესთან სავარაუდო ტრიუმფი.
რაც შეეხება ჩემს მომავალ თანაგუნდელს, ამ საკითხში ჭირვეული არ ვარ: არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი პილოტი.
მაგრამ როსბერგმა იქვე დაამატა, რომ მზად არის მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად: "კარგი იქნება, თუ შუმი გუნდში დარჩება. დღეს მიხაელი ძალიან მაღალ დონეზე გამოდის და სავსებით ვუშვებ იმ აზრს, რომ ის გააგრძელებს "მერსედესთან" კონტრაქტს".
როსბერგის სიტყვების კომენტირებისას "მერსედესის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა: "ჯერ ადრეა ამ საკითხის განხილვა. ვფიქრობ, მიხაელი არ აპირებს სხვა გუნდში გადასვლას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"