მიდის თუ არა "მერსედესი"?

AutoSharing Option
ბოლო დროს ბევრი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ "მერსედესი" ფორმულა 1-ის დატოვებას აპირებს, რადგან გერმანული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით საერთო ენა ვერ მონახა "დიდი ცირკის" მთავარ პრომოუტერთან, ბერნი ექლსტოუნთან.

პირველ რიგში, ეს ეხება თანხმობის ახალ ხელშეკრულებას. გუშინ ლონდონურმა გაზეთმა "თაიმსმა" მორიგი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც აქტიურად ეხმიანება ამ თემას. თუმცა "მერსედესის" ერთ-ერთი შეფი ნორბერტ ჰაუგი უარყოფს ბოლოდროინდელ ჭორებს.

"თაიმსი" ამტკიცებს, რომ "მერსედესში" უკვე ითვლიან, თუ რა დაუჯდებათ ფორმულა 1-დან გასვლა. თეორიულად, თანხმობის ხელშეკრულება 2012 წლის ბოლოს იწურება და
წასვლის სცენარის განსახორციელებლად ფორმალური წინაღობები არ რჩება, მაგრამ სხვა სახის სირთულეები წარმოიშვება: გერმანულ ავტოგიგანტს ძალიან ძვირი დაუჯდება ბრეკლიში "მერსედესის" ბაზისა და ბრიკსოურტში ძრავების სამშენებლო განყოფილების დახურვა. ამ ბაზებზე, შესაბამისად, 470 და 400 ადამიანია დასაქმებული.

გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport ვარაუდობს, რომ "თაიმსში" გამოქვეყნებული სტატია ექლსტოუნის გარემოცვის მიერ არის ინსპირირებული.

სავარაუდოდ, ბერნი ამ გზით ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაითანხმოს "მერსედესი" თანხმობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. პრომოუტერის ინტერესში ნამდვილად არ უნდა იყოს "მერსედესთან" მტრობა. ეს უაზრობა იქნებოდა, რადგან თანხმობის ხელშეკრულება მაშინ შედის ძალაში, როცა მას ჩემპიონატის ყველა გუნდი მოაწერს ხელს.

"ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განაცხადა ნორბერტ ჰაუგმა "მერსედესის" წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე. მისი მოკლე კომენტარი შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ასევე, უნდა დავამატოთ ის, რომ რაც მეტ წარმატებას მიაღწევენ ტრასაზე ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი, მოლაპარაკებებში კონცერნის პოზიცია მით უფრო ძლიერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული