სკანდალური კვალიფიკაცია
ესპანეთის გრანპრის კვალიფიკაცია სკანდალური გამოდგა - საუკეთესო დრო ლუის ჰემილტონმა ("მაკლარენი") აჩვენა, მაგრამ წრის დასრულებისთანავე მანქანა ტრასაზე გააჩერა.
ამ ეპიზოდის განხილვა საღამოსთვის გადაიდო. "მაკლარენს" უნდა დაემტკიცებინა, რომ მანქანის გაჩერების მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო და არა ავზში საწვავის არასაკმარისი რაოდენობა.
საქმე ისაა, რომ რეგლამენტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გუნდი ვალდებულია, ავზში ჩაასხას ისეთი რაოდენობის საწვავი, რომელიც პილოტს
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ რბოლის სტიუარდებმა მეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს - ჰემილტონი ამოშალეს საბოლოო ოქმიდან და ბრიტანელს სტარტის ბოლო ადგილიდან აღება მიუსაჯეს.
პოული კი, პირველად კარიერაში, პასტორ მალდონადომ მოიგო - პირველად 2010 წლის ბრაზილიის გრანპრის შემდეგ "უილიამსი" სასტარტო ბილიკის პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა.
რბოლა
ჰემილტონის დასჯის შემდეგ პირველი ხაზიდან სტარტი აიღეს მალდონადომ და ფერნანდო ალონსომ ("ფერარი") - მათ შორის დაძაბულ ბრძოლაში პირველ მოსახვევში ლიდერის რანგში ესპანელი შევიდა და სათავეში ჩაუდგა პელოტონს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ადგილები გაცვალეს "ლოტუსის" პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროსჟანმა; მეხუთე-მეექვსე ადგილზე "მერსედესის" წყვილი - ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი.
მოგვიანებით როსბერგმა გროსჟანს გაუსწრო და ერთმანეთს დააშორა "ლოტუსის" დუეტი.
მეექვსე წრისთვის, როცა ალონსომ მალდონადოს წამნახევრით გაუსწრო, პილოტებმა ბოქსებში შესვლა დაიწყეს.
პირველები პიტლეინზე "რედ ბულის" პილოტები - მარკ უებერი და სებასტიან უებერი დაფიქსირდნენ, რომლებიც ხისტ საბურავებზე გადავიდნენ.
პიტსტოპებს სერიოზული ცვლილებები არ შეუტანია ლოდერთა განლაგებაში - ალონსო ისევ მალდონადოზე წინ იყო, მათ კი რაიკონენი, როსბერგი და გროსჟანი ედგნენ კვალში. მეექვსე პოზიციაზე გადავიდა ფეტელი - საქმე ისაა, რომ მე-13 წრეზე პირველ მოსახვევთან დამუხრუჭებისას შუმახერი ბრუნო სენას "უილიამსს" უკნიდან შეეჯახა, რის შემდეგაც ორივესთვის რბოლა დასრულებული იყო.
მე-16 წრეზე გროსჟანმა როსბერგს გაუსწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა, ერთი წრით გვიან კი მერვე ადგილზე მიმავალმა უებერმა მკვეთრად დაკარგა სიჩქარე და პიტ-ლეინზე გაემგზავრა, რითაც მეორე პიტსტოპების სერია გახსნა. ბოქსებიდან დაბრუნებულმა ავსტრალიელმა უსწრაფესი წრე გაიარა.
24-ე წრეზე მალდონადომ მეორე პიტსტოპი შეასრულა, ალონსომ კი ორი წრით გვიან მიიღო ახალი საბურავების კომპლექტი და პიტ-ლეინიდან გამოსვლის შემდეგ "უილიამსის" პილოტის უკან აღმოჩნდა! ესპანელის ჩამორჩენა ვენესუელელთან შვიდ წამს უდრიდა, რის შემდეგაც ალონსომ დაიწყო სხვაობის გაბათილება - 39-ე წრისთვის პასტორსა და ფერნანდოს შორის სამი წამი იყო.
რაიკონენი და გროსჟანი დისტანციის მეორე ნახევარში მესამე და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდნენ - ისინი ლიდერთან, შესაბამისად, 20 და 35 წამს აგებდნენ. გარკვეული ხანი ხუთეულში იყო ლუის ჰემილტონი, რომელიც სხვა ტაქტიკით მოძრაობდა - "მაკლარენის" პილოტმა მეორე პიტსტოპი 34-ე წრის შემდეგ შეასრულა.
როსბერგი მეხუთე ადგილზე დაბრუნდა, რომლის უკან მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ კამუი კობაიაში ("ზაუბერი"), ჯენსონ ბატონი ("მაკლარენი") და ფეტელი.
38-ე წრეზე ფეტელმა პირველ მოსახვევში შიდა ტრაექტორიით გაუსწრო ბატონს, რაც "მაკლარენის" ბოლიდზე საბურავების სწრაფი ცვეთის ბრალი იყო. ამით ბრიტანელმა მიანიშნა ყველას, რომ მესამე პიტსტოპების დრო მოვიდა.
ალონსომ ისევ ორი წრით ადრე შეცვალა საბურავები, ვიდრე მალდონადომ და პიტსტოპის შემდეგ ესპანელი სამ წამს აგებდა ვენესუელელთან.
47-ე წრეზე მალდონადომ ლიდერობისთვის ბრძოლაში რაიკონენს გაუსწრო, რის შემდეგაც კიმიმაც მესამე პიტსტოპზე შეუხვია და ამით "უილიამსისა" და "ფერარის" ლიდერებს ერთმანეთში ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა.
ალონსომ დამაჯერებლად დაიწყო მალდონადოს პრესინგი და ფინიშამდე 17 წრით ადრე ლიდერებს შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ცხრა წრე ავიწროებდა შარშანდელ დებიუტანტს, მაგრამ მალდონადომ ბოლომდე გაძლო, 59-ე წრეზე კი ალონსოს მანქანის საბურავები გაცვთა და ესპანელი თანდათან დაშორდა მეტოქეს.
ლიდერთა დუეტის უკან ყველაზე მეტად კობაიაში და ფეტელი აქტიურობდნენ. იაპონელმა მოულოდნელი შეტევა განახორციელა ბატონზე და მეხუთე ადგილზე გადავიდა. ფეტელმა პიტ-ლეინზე საჯარიმო შესვლა მიიღო და ფინიშამდე ათი წრით ადრე ქულათა ზონის ბოლოში აღმოჩნდა, მაგრამ გერმანელმა გაუსწრო ბატონს, ჰემილტონსა და როსბერგს და მეექვსე მივიდა ფინიშთან.
წინ კი ნამდვილი პოზიციური ბრძოლა მიდიოდა - მალდონადომ თანდათან უკან ჩამოიტოვა ალონსო, თან ესპანელს უკნიდან ეწეოდა რაიკონენი.
ფინიშამდე 16 წრით ადრე ფინელის ესპანელთან ჩამორჩენა 20 წამს უდრიდა, მაგრამ კიმიმ ყოველ წრეზე დაახლოებით წამნახევრის გაბათილება დაიწყო. რბოლის ბოლოს რაიკონენი DRS-ის ზონაში იყო, მაგრამ ალონსოს გასწრება ვერ შეძლო.
შედეგად, რაიკონენმა ზედიზედ მეორე პოდიუმი მოიპოვა, ალონსო კი კარიერაში მეექვსედ ავიდა საშინაო გრანპრის პოდიუმზე. პირველ საფეხურზე კი პასტორ მალდონადო აღმოჩნდა - ვენესუელელმა ფრენკ უილიამსის გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა 2004 წლის შემდეგ, როცა ბრაზილიის გრანპრიზე ხუან-პაბლო მონტოიამ იმარჯვა.
საერთო ჩათვლაში პირველ ადგილს ორი პილოტი - ფეტელი და ალონსო იყოფენ, რომლებიც რვა ქულით უსწრებენ ჰემილტონს. ხუთეულში არიან რაიკონენი და უებერი.
კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულმა" 11 ქულით გაზარდა "მაკლარენთან" უპირატესობა, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფმა "ლოტუსმა" თითქმის ორჯერ შეამცირა სხვაობა ლიდერთან - ახლა ბულიეს შეგირდები ჰორნერის გუნდთან 25 წამს აგებენ.
მეექვსე ეტაპი ორი კვირის შემდეგ გაიმართება - ეს იქნება მონაკის ლეგენდარული გრანპრი.
სასჯელი შუმის
რბოლის შემდეგ სტიუარდებმა განიხილეს ინციდენტი მიხაელ შუმახერსა და ბრუნო სენას შორის და დამნაშავედ გერმანელი პილოტი მიიჩნიეს.
შედეგად, მომდევნო რბოლაში სასტარტო ბილიკზე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ხუთი საფეხურით დასწევენ უკან იმ ადგილთან შედარებით, რომელსაც ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ რბოლის შემდეგ ორივე პილოტი მეტოქეს ადანაშაულებდა ავარიაში.
ხანძარი ზეიმის დროს
"უილიამსის" ბოქსებში მალდონადოს ტრიუმფის აღნიშვნა კინაღამ სავალალო შედეგით დასრულდა. გუნდის ბოქსებში ხანძარი გაჩნდა და იქიდან შავი ბოლი გამოდიოდა. ბრიტანელებს ცეცხლმაქრებით შეიარაღებული სხვა საჯინიბოების წარმომადგენლები დაეხმარნენ.
როგორც "უილიამსის" ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, აალება ძალიან სწრაფად მოხდა და მისი მიზეზი უცნობი დარჩა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
პოლიციამ გუნდის ყველა წევრი მოარიდა ხანძრის კერას და საქმეს სახანძრო ბრიგადის თანამშრომლები შეუდგნენ.
ესპანეთის გრანპრი. V ეტაპი
ბარსელონა (66 წრე, 307.104 კმ)
1(1). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1:39.09,145
2(2). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +3,195
3(4). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +3,884
4(3). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +14,799
5(9). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.04,641
6(7). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +1.07,576
7(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.17,919
8(24). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.18,140
9(10). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +1.25,246
10(13). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
11(11). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე
12(14). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე
13(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე
14(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 1 წრე
15(16). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 1 წრე
16(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე
17(18). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე
18(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 2 წრე
19(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 3 წრე
20(5). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 26 წრე
21(20). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 28 წრე
22(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 41 წრე
23(17). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 53 წრე
24(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 53 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 109; 2. მაკლარენი - 98; 3. ლოტუსი - 84; 4. ფერარი - 63; 5. მერსედესი - 43; 6. უილიამსი - 43; 7. ზაუბერი - 41; 8. ფორს ინდია - 18; 9. ტორო როსო - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"