უილიამსის შეწყვეტილი სერია
- "უილიამსმა" შეწყვიტა მოუგებელი რბოლების სერია, რომელიც 2004 წლის ბრაზილიის გრანპრიდან გრძელდებოდა, როცა ხუან-პაბლო მონტოიამ 113-ე გამარჯვება მოუტანა ბრიტანულ საჯინიბოს - მალდონადოს მოგება რიგით 114-ე იყო. ბარსელონას ეტაპამდე "უილიამსის" პილოტები არ ყოფილან რბოლის ლიდერები ბელგიის 2009 წლის გრანპრის შემდეგ.
- პასტორ მალდონადოს გამარჯვება ესპანეთის გრანპრიზე პირველია ვენესუელასთვის. ეს ქვეყანა ოცდამეერთეა გამარჯვებულ ქვეყნებს შორის.
- გასაკვირია, რომ
- შაბათს მალდონადო პირველი ვენესუელელი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც პოული მოიპოვა. ეს პირველი პოდიუმია "უილიამსისთვის" ბრაზილიის 2010 წლის გრანპრის შემდეგ, როცა საუკეთესო დრო კვალიფიკაციაში ნიკო ჰიულკენბერგმა აჩვენა.
- მალდონადოსგან განსხვავებით, "უილიამსის" თანაგუნდელი ბრუნო სენა ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა რბოლას მიხაელ შუმახერთან კონტაქტის გამო. ბოლო ექვსი რბოლიდან ხუთში ბრაზილიელს ან ვიღაც ეჯახებოდა (რიკარდო და მასა ავსტრალიაში, შუმახერი ესპანეთში), ან თავად ეჯახებოდა მეტოქეს (შუმახერს 2011 წელს ბრაზილიაში, მალდონადოს მალაიზიაში და მასას ჩინეთში).
როგორც 1983 წელს
- 1983 წლის სეზონი ისევ მეორდება - პირველ ხუთ რბოლაში ხუთი სხვადასხვა გამარჯვებული. მაშინ სერია მეექვსე რბოლაში შეწყდა, როცა ალენ პროსტმა "რენოს" სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა.
- თუ მეექვსე რბოლაში მეექვსე გამარჯვებულს ვიხილავთ, ასეთი რამ პირველად მოხდება ფორმულა 1-ში.
კვალიფიკაცია
- ფერნანდო ალონსომ სეზონში საუკეთესო შედეგს მიაღწია, როცა პირველი ხაზიდან აიღო სტარტი - ეს მოხდა პირველად კანადის 2011 წლის ეტაპის შემდეგ და მეხუთედ მას შემდეგ, რაც "ფერარისთან" გააფორმა კონტრაქტი.
- რომენ გროსჟანმა გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში - მან ასევე მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი მელბურნში.
- სერხიო პერესი წელს სტაბილურად აუმჯობესებს სასტარტო პოზიციას და მეხუთე ადგილი მისთვის საუკეთესო შედეგი გახდა კარიერაში.
- წელს მეოთხედ ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა პირველი რიგიდან სტარტის აღება. 2011 წელს ასეთი რამ ერთხელ მოხდა, 2010 წელს - ხუთჯერ.
- ზედიზედ მეხუთე კვალიფიკაციაში ფელიპე მასამ ვერ შეძლო ფინალურ სესიაში გადასვლა. უფრო უარესი სტატისტიკა მას 2004 წელს ჰქონდა, როცა ბრაზილიელი სეზონის სტარტზე ზედიზედ ათჯერ ვერ მოხვდა კვალიფიკაციის საუკეთესო ათეულში.
რბოლა
- პირველად კარიერაში რომენ გროსჟანმა რბოლის დროს საუკეთესო წრე გაიარა. საფრანგეთი ამ შედეგს მონაკოს 1996 წლის გრანპრის შემდეგ ელოდა, როცა საუკეთესო წრე ჟან ალეზის ჰქონდა.
- ფერნანდო ალონსო კარიერაში სამოცდამეთხუთმეტედ ავიდა პოდიუმზე. ამ მაჩვენებლით ესპანელი მეოთხე ადგილზეა ყველა დროის სიაში. ლიდერობს მიხაელ შუმახერი - გერმანელს 154 პოდიუმი აქვს. ალონსოსთვის კი შემდეგი ორიენტირი აირტონ სენაა, რომელსაც 80 პოდიუმი ჰქონდა.
- კიმი რაიკონენი პირველად ლიდერობდა რბოლას 2009 წლის იტალიის გრანპრის შემდეგ.
- მეხუთე ადგილზე გასვლით კამუი კობაიაშიმ გაიმეორა კარიერაში საუკეთესო შედეგი, რომელსაც ერთი წლის წინ მონაკოში მიაღწია.
- პირველად ბოლო ათი რბოლის განმავლობაში მარკ უებერმა ვერ შეძლო ქულების მოპოვება.
- სეზონის ხუთ რბოლაში მიხაელ შუმახერი სამჯერ ვადაზე ადრე გამოეთიშა ბრძოლას. საერთო ჯამში, გერმანელმა საერთო დისტანციის ნახევარზე ოდნავ მეტი გაიარა - 1538 კილომეტრიდან 793 კილომეტრი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"