"ფერარი": მოთმინებასაც საზღვარი აქვს

AutoSharing Option
ბოლო ორი წლის განმავლობაში "ფერარიში" აქტიურად იცავდნენ ფელიპე მასას, რომელიც თავისი შედეგებით კვლავაც ვერ შეესაბამება "სკუდერიას" დონეს. წელს გუნდის პილოტებს შორის კონტრასტმა პიკს მიაღწია: ხუთ განვლილ რბოლაში ბრაზილიელმა მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო პირად ჩათვლაში პირველ ადგილს იყოფს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან სებასტიან ფეტელთან.

ამის გამო "ფერარი" მეოთხე ადგილს იკავებს კონსტრუქტორთა თასზე - ის ჩამორჩება "რედ ბულს", "მაკლარენსა" და "ლოტუსს". თუმცა იტალიურ გუნდში იმედი აქვთ, რომ 27 მაისს, მონაკოს გრანპრიზე ბრაზილიელი შეძლებს ღირსეულად გამოსვლას. ისე
კი, "სკუდერიას" შეფობას აშკარად ეტყობა, რომ მოთმინება ელევათ.

"თუ ვილაპარაკებთ "ფერარის" შედეგებსა და მის პილოტებზე, ფერნანდო ალონსო ყოველთვის ინარჩუნებდა ძალიან მაღალ დონეს (2010 წელს მან 252 ქულით მეორე ადგილი დაიკავა გენერალურ კლასიფიკაციაში, გასულ სეზონში კი 257 ქულა დააგროვა, რამაც მას მეოთხე პოზიცია მოუტანა). ამავდროულად, ცხადზე ცხადია ფელიპე მასას შედეგების დაცემა: ორი წლის წინ ბრაზილიელმა 114 ქულა მოიხვეჭა, გასულ სეზონში - 118 ქულა, ხოლო განვლილ ხუთ რბოლაში - მხოლოდ ორი.

ესპანეთში ფელიპეს არ გაუმართლა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე რბოლაში, მაგრამ ყველას იმედი აქვს, რომ მონაკოს გრანპრიზე სიტუაცია შეიცვლება", - წერია "ფერარის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბრიტანული ყოველკვირეული "ავტოსპორტი" ვარაუდობს, რომ მარანელოში უკვე სერიოზულად განიხილავენ ბრაზილიელის შეცვლას და აანალიზებენ მოვლენთა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს უახლოეს მომავალსა და შორეულ პერსპექტივაში.

ფელიპე მასას ადგილზე ფავორიტად კვლავაც სერხიო პერესი განიხილება, მაგრამ იმავე "ავტოსპორტის" ინფორმაციით, "ფერარი" "ფორს ინდიას" პილოტებსაც ააკვირდება - პოლ დი რესტასა და ნიკო ჰიულკენბერგს.

ასევე არ გამორიცხავს სეზონის დარჩენილი რბოლებისთვის "ლოტუსის" სარეზერვო პილოტის ჟერომ დ’ამბროზიოს მიწვევას.

"ბელგიელს სხვებზე უპირატესობა გააჩნია, - ხსნის "ავტოსპორტი". - მას არ აქვს საკონტრაქტო ვალდებულებები და სიხარულით შეუერთდებოდა იტალიურ გუნდს ნახევარი წლით. ამ დროის განმავლობაში "ფერარი" შეძლებს მშვიდად ეძებოს მომავალი სეზონისთვის ფერნანდო ალონსოს მეწყვილე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული