მონაკოს გრანპრი: ვინ იქნება შემდეგი?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსე ეტაპი გაიმართა და გულშემატკივარმა მეექვსე ტრიუმფატორი იხილა - ავსტრალიელი მარკ უებერი ("რედ ბული"). მან პოულიდან სტარტის აღების უფლება მიიღო იმის გამო, რომ კვალიფიკაციაში გამარჯვებული მიხაელ შუმახერი ("მერსედესი") სასტარტო ბილიკზე უკან დაწიეს ხუთი პოზიციით - მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოცვალეს.

უებერმა დამაჯერებლად შეაკავა ნიკო როსბერგი ("მერსედესი") და ლუის ჰემილტონი ("მაკლარენი"), იმ დროს, როცა სტარტზე მეოთხე ადგილზე მყოფმა რომენ გროსჟანმა ("ლოტუსი") პირველ მოსახვევამდე ვერ მიაღწია.

ფრანგი პილოტთა მჭიდრო ჯგუფიდან თავის დაღწევას ლამობდა, მაგრამ შუმახერს შეეჯახა. ასე რომ,
მეოთხე და მეხუთე ადგილზე გადავიდნენ "ფერარის" პილოტები - ფერნანდო ალონსო და ფელიპე მასა. მათ მისდევდნენ კიმი რაიკონენი ("ლოტუსი"), სებასტიან ფეტელი ("რედ ბული") და ნიკო ჰიულკენბერგი ("ფორს ინდია").

პირველივე წრეზე პელოტონმა სამი მანქანა დაკარგა - გროსჟანის გარდა, ბარიერს შეეჯახა წინა ეტაპის გამარჯვებული პასტორ მალდონადო ("უილიამსი"), პედრო დე ლა როსა (HRT) კი ბოქსებში უკანა ანტიფრთის გარეშე გაჩერდა.

შედეგად, ტრასა გაივსო მანქანების ნამსხვრევებით და სტიუარდებმა პეისკარი გამოუშვეს. მაგრამ მანამდე მოხდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ფინიშზე ადგილების განაწილებაზე დიდი როლი ითამაშა - ფეტელმა რაიკონენს გაუსწრო და მეექვსე პოზიციაზე გადავიდა.

რესტარტი მეოთხე წრეზე შედგა, თუმცა მას პელოტონში ცვლილება არ მოუხდენია. სამი წრის განმავლობაში უებერმა წამით გაუსწრო როსბერგს. დაახლოებით იგივე მანძილით ნიკოს მისდევდნენ ჰემილტონი და ალონსო. უკან მჭიდრო ჯგუფად მიდიოდნენ მასა, ფეტელი, რაიკონენი, შუმახერი და ჰიულკენბერგი.

27-ე წუთზე ნიკო როსბერგი მეორე ადგილიდან გაეშურა ბოქსებში ერთადერთი პიტსტოპის შესასრულებლად.

ორი წრით გვიან ახალი საბურავები მიიღეს უებერმა და ჰემილტონმა, 30-ე წრის შემდეგ კი ბოქსებში შევიდა ალონსო და ტრასაზე ლუისის წინ დაბრუნდა. რბოლის ლიდერი კი სებასტიან ფეტელი გახდა, რომელმაც სტარტი ხისტი საბურავებით აიღო.

მოქმედი ჩემპიონი არ ჩქარობდა პიტსტოპზე შესვლას. ფეტელი 14 წრის განმავლობაში ლიდერობდა რბოლას, მაგრამ თანდათან მისმა საბურავებმა ეფექტურობა დაკარგა. გერმანელი ყოველ წრეზე ნახევარ წამს კარგავდა და ისღა დარჩენოდა, ახალი საბურავებისთვის პიტ-ლეინზე შესულიყო. იმ მომენტისთვის ფეტელმა უებერთან 17-წამიანი ჰანდიკაპი შექმნა.

რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იყო ლიდერობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სება ტრასაზე მეოთხე დაბრუნდა - სულ მცირედით ჩამორჩებოდა უებერს, როსბერგსა და ალონსოს. ფინიშამდე 30 წრე რჩებოდა: პირველი ექვსეული მჭიდრო ჯგუფად მიდიოდა - უებერსა და მეექვსე ადგილზე მყოფ მასას შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი წამი იყო.
62-ე წრეზე მიხაელ შუმახერის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა - მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელს ჟან-ერიკ ვერნმა ("ტორო როსო") გაუსწრო, გარკვეული დროის შემდეგ კი "მერსედესის" წინ პოლ დი რესტას "ფორს ინდიაც" აღმოჩნდა.

პირველი ექვსეულის წევრები ისევ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ არცერთი მათგანი აპირებდა რისკზე წასვლას. ფინიშამდე 15 წრით ადრე მცირე წვიმა წამოვიდა, სისწრაფე დაეცა - ლიდერები წრის გავლას სამზე მეტ წამს ანდომებდნენ, თუმცა უამინდობასაც არ შეუტანია დაწინაურებულებს შორის ცვლილება.

შედეგად, მარკ უებერმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეორედ ავიდა მონაკოს პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. მეორეზე გავიდა ნიკო როსბერგი - ავსტრალიელთან ჩამორჩენამ ექვსი მეათედი წამი შეადგინა. ფერნანდო ალონსო, რომელმაც პიტსტოპისას გაუსწრო ლუის ჰემილტონს, სამეულში შევიდა.

დაგვიანებული პიტსტოპის ტაქტიკამ ფეტელს მეოთხე პოზიცია მოუტანა. არადა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მეათე პოზიციიდან აიღო სტარტი.

ექვსი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლის ლიდერი გახდა ფერნანდო ალონსო, რომელმაც ზედიზედ მეორე პოდიუმი მოიპოვა. სამი ქულით ჩამორჩებიან ესპანელს ფეტელი და უებერი. ცხრა ქულით უკან არის ჰემილტონი.

კონსტრუქტორთა თასზე სამჯერ გაიზარდა "რედ ბულის" უპირატესობა "მაკლარენზე" - ახლა ჰორნერის შეგირდები უიტმარშის გუნდს 38 ქულით უსწრებენ.

მეშვიდე ეტაპი ორი კვირის შემდეგ მონრეალში გაიმართება.

მონაკოს გრანპრი. VI ეტაპი
მონტე კარლო (78 წრე, 260.520 კმ)
1(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1:46.06,557
2(3). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +0,643
3(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +0,947
4(10). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +1,343
5(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +4,101
6(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +6,195
7(15). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +41,537
8(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +42,562
9(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +44,036
10(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +44,516
11(24). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 1 წრე
12(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე
13(18). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე
14(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე
15(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე
16(13). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 8 წრე
17(16). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 11 წრე
18(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 12 წრე
19(1). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 14 წრე
20(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 61 წრე
21(12). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 72 წრე
22(21). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 78 წრე
23(9). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 78 წრე
24(5). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 78 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 76 ქულა (1 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 73 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 73 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 63; 5. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 59 (1); 6. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 51; 7. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 45 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 35; 9. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 22; 11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 21; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 19; 13. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 15; 14. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 10; 15. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 2; 16. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 17. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2; 18. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 146; 2. მაკლარენი - 108; 3. ფერარი - 86; 3. ლოტუსი - 86; 5. მერსედესი - 61; 6. უილიამსი - 44; 7. ზაუბერი - 41; 8. ფორს ინდია - 28; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული