- პირველ ექვს რბოლაში ექვსი სხვადასხვა გამარჯვებული - ეს ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია. ამასთან, ტრიუმფატორები ხუთ სხვადასხვა გუნდში გამოდიან და ძრავების სამ მწარმოებელს წარმოადგენენ.
- ამ მიღწევის გარშემო აჟიოტაჟმა დაჩრდილა მეორე რეკორდი - ფინიში მონაკოში ყველაზე მჭიდრო იყო სპორტის ამ სახეობის ისტორიაში - ხუთ პილოტს შორის დროში სხვაობა 4.1 წამს შეადგენდა.
კვალიფიკაცია
- მონაკოში მარკ უებერმა, მეათედ კარიერაში, სტარტი პოულიდან აიღო. ეს არის "რედ ბულის" ისტორიაში მე-40 პოული და პირველი ხაზიდან აღებული 50-ე სტარტი.
-
- მიხაელ შუმახერის სტარტზე ხუთი ადგილით უკან დახევის გამო "მერსედესმა" დაკარგა თავის ისტორიაში მე-10 პოულის დარეგისტრირების შანსი. გერმანელი კი ვერ შევიდა იმ პილოტების სიაში, რომლებმაც 43 წლის ასაკში მოიპოვეს პოული. მათ შორის არიან ნინო ფარინა, ხუან-მანუელ ფანხიო და ჯეკ ბრებემი.
- მეცხრე ადგილი მონაკოს გრანპრის სტარტზე - უარესი პოზიციაა სებასტიან ფეტელისთვის "რედ ბულში" გადასვლის შემდეგ.
- ზედიზედ მესამე კვალიფიკაციაში ჯენსონ ბატონმა ვერ შეძლო პირველ ათეულში შესვლა, რაც პირველად მოხდა 2008 წლის შემდეგ.
- პირველად 2010 წლის ბრაზილიის გრანპრის შემდეგ სასტარტო პირველ რიგში მსოფლიოს არცერთი ჩემპიონი არ იდგა.
რბოლა
- მონაკოს გრანპრიმდე მარკ უებერს ამ სეზონში არცერთი პოული არ ჰქონია, პირველი რიგიდანაც არ აუღია სტარტი, ერთხელაც არ ასულა პოდიუმზე და რბოლაში ლიდერი ერთი წრეც არ ყოფილა.
- უებერი კარიერაში ოცდამეთერთმეტედ ავიდა პოდიუმზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯეკ ბრებემს, რომელსაც საერთო რეიტინგში 29-ე ადგილი უკავია. გარდა ამისა, ავსტრალიელმა შეწყვიტა ხუთრბოლიანი სერია, რომლის დროსაც მან პოულიდან გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
- ამჟამად "რედ ბულის" ანგარიშზე 29 გამარჯვებაა, მათ შორის - ზედიზედ სამი მონაკოში. ასეთი წარმატებული სერია ბოლოს "მაკლარენს" ჰქონდა 1988-93 წლებში, როცა ბრიტანული გუნდის წევრებმა ზედიზედ ექვსჯერ გაიმარჯვეს მონტე კარლოს ქუჩებში: ერთხელ ეს გააკეთა ალენ პროსტმა, ხუთჯერ - აირტონ სენამ.
- ნიკო როსბერგი პირველად ავიდა მონაკოში პოდიუმზე. ასევე, პირველი პოდიუმი ჰქონდა მონტე კარლოში "მერსედესს".
- ფერნანდო ალონსომ ზედიზედ მე-18 რბოლაში მოიპოვა ქულები და ამით გაიმეორა თავის კარიერაში ყველაზე წარმატებული სერია - 2005 წელს თურქეთის ეტაპიდან დაწყებული, 2006 წელს გერმანიის გრანპრით დამთავრებული. ფორმულა 1-ის ისტორიაში არსებობს ორი უფრო ხანგრძლივი სერია: 24-რბოლიანი (მიხაელ შუმახერი, უნგრეთი’01 - მალაიზია’03) და 19-რბოლიანი (სებასტიან ფეტელი, ბრაზილია’10 - ინდოეთი’11).
- მონაკოს გრანპრი მეორე რბოლა აღმოჩნდა ისტორიაში, რომელშიც საუკეთესო წრე ეკუთვნის მექსიკელ მრბოლელს. ბოლო ადგილიდან სტარტის აღების შემდეგ მონაკოში წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა სერხიო პერესმა. მანამდე ეს გააკეთა მექსიკელმა პედრო როდრიგესმა, რომელმაც 1968 წელს საფრანგეთის გრანპრიზე საუკეთესო წრე დააფიქსირა. წელს ექვსმა სხვადასხვა პილოტმა აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო.
- მონაკოს რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ ჯენსონ ბატონი პირველად ბაჰრეინის 2010 წლის ეტაპის შემდეგ გენერალური კლასიფიკაციის პირველი ექვსეულის მიღმა აღმოჩნდა.
- კვირას გამართულ რბოლაში 30-ე წრეზე ფელიპე მასა სათავეში ჩაუდგა პელოტონს. ბრაზილიელი მე-12 პილოტი გახდა, ვინც ამ სეზონში რბოლას ლიდერობდა. არადა, შარშანდელი სეზონის განმავლობაში ლიდერი ჯამში მხოლოდ რვა პილოტი იყო.
- ჯერჯერობით ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო ზედიზედ ორ რბოლაზე მეტჯერ ლიდერობის მოპოვება, რაც სეზონის არაპროგნოზირებად ხასიათზე ლაპარაკობს. მაგალითად, შარშან სებასტიან ფეტელი ლიდერობდა ყველა რბოლაში, გარდა ორისა (გერმანია და აბუ დაბი).
- სამჯერ ტექნიკურმა პრობლემამ და ერთმა ავარიამ გამოიწვია ის, რომ მიხაელ შუმახერი ბოლოსწინა ადგილს იკავებს ამ სეზონში გავლილი დისტანციით (1003 კმ). ბოლო ადგილზეა რომენ გროსჟანი (942 კმ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"