არეულობა კანადაში

AutoSharing Option
კანადის გრანპრის წინ, რომელიც უახლოეს უქმეებზე მონრეალში გაიმართება, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებსა და ეტაპის ორგანიზატორებს შეშფოთების სერიოზული საფუძველი გაუჩნდათ.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გააუქმეს ტრადიციული "ღია კარის დღე", რომელიც ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი.

"მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა, მაგრამ ის ძალიან განსხვავდება ბაჰრეინის რბოლის წინ შექმნილი სიტუაციისგან.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ სარბოლო უქმეების დღეებში არეულობა შეიძლება მართლაც მოხდეს, მაგრამ ჟურნალისტებმა ზედმეტად მუქ ფერებში დახატეს შექმნილი მდგომარეობა, - წერს კანადელი ჟურნალისტი ემი ბლეკი. - გრანპრის პრომოუტერს ფრანსუა დიუმონტეს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია და უქმეების
პროგრამა შეამცირა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. ბერნი ექლსტოუნი მზად არის, კალენდრიდან ამოშალოს ნებისმიერი რბოლა და მონრეალი სულაც არ არის დაინტერესებული ფორმულა 1-ის ეტაპის დაკარგვით.

უკვე თვეზე მეტია, იმართება ყოველდღიური დემონსტრაციები და ძირითადად, მას მშვიდობიანი ხასიათი აქვს, თუმცა იყო დაპატიმრებებიც. პრესამ თავისი როლი ითამაშა სიტუაციის გამძაფრებაში - ასე იყო ბაჰრეინშიც.

ასეთი პოლიტიკა კი ხელს აძლევს დემონსტრაციების ორგანიზატორებს, რადგან მათ სასურველი ყურადღება მიიღეს.

ერთი მხრივ, ახალგაზრდების პრობლემებზე ყურადღების გამახვილება საჭიროა და პროტესტი სავსებით დასაბუთებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფორმულა 1-ის რბოლის ასეთ კონტექსტში გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ახდენს საპროტესტო აქციების, პრობლემებისა და მათი მიზეზების დისკრედიტაციას.

პოსტერები და ფურცლები, რომლებიც მთელ ქალაქშია გაკრული, მოუწოდებს ახალგაზრდებს, რბოლის დღეს დილიდან შეუშალოს ხელი მეტროს მოძრაობას. მსგავსი აქციები გულშემატკივრებს დემონსტრანტების წინააღმდეგ განაწყობს და ამას შეიძლება ქუჩაში შეტაკებები მოჰყვეს.

მიმაჩნია, რომ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს არაფერი ესაქმებათ იმ ეკონომიკურ ეფექტთან, რომელსაც მონრეალი გრანპრის ჩატარებით იღებს; იმ მილიონობით დოლართან, რომელიც ფორმულა 1-ს მოაქვს ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, რაც, თავის მხრივ, ქალაქის კეთილდღეობაზე აისახება. სხვათა შორის, სწავლის გადასახადის გაზრდა სწორედ ბიუჯეტის პრობლემებთან არის დაკავშირებული".

მონრეალში თებერვლის შემდეგ მიმდინარეობს სტუდენტთა საპროტესტო აქციები. ისინი სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული