კანადის გრანპრი: მეშვიდე უქმეების შედეგები

AutoSharing Option
კანადის გრანპრის შედეგების შეჯამებისას ყურადღებას იპყრობს "მასას სინდრომი", რომელიც ჯენსონ ბატონს შეეყარა, "ლოტუსის" ეკონომიური მოპყრობა საბურავებთან, "ტორო როსოს" კრიზისი და HRT-ის პროგრესი.

მაკლარენი
ბატონი: 16, ჰემილტონი: 1
სრულიად განსხვავებული უქმეები ბრიტანული გუნდის პილოტისთვის. ჯენსონ ბატონის პრობლემები, რომელიც კვალიფიკაციის დროს დაიწყო, კვირას გაგრძელდა: მანქანას ისევ დაბალი ტემპი ჰქონდა, საბურავების ცვეთა კი ძალიან სერიოზული აღმოჩნდა.

ამ დროს ლუის ჰემილტონმა დაამტკიცა, რომ "მაკლარენს" პელოტონში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავს. თანაც, სტრატეგიის მხრივ, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა - არ შეუშინდა ლუისის მეორე პიტ-სტოპზე გამოძახებას.

ახლა
ისღა რჩება, რომ აღმოფხვრან მექანიკოსების შეცდომები და დაეხმარონ ბატონს, რომელსაც ბოლო დროს ფელიპე მასას სინდრომი შეეყარა - გუნდში მყარი მეორე ნომრის სტატუსი მოიპოვა.

ლოტუსი
რაიკონენი: 8, გროსჟანი: 2
ისევე, როგორც "მაკლარენის" შემთხვევაში, ამ გუნდშიც ერთი პილოტი ძალიან გახარებულია უქმეების შედეგით, იმ დროს, როცა მეორეს რაღაცეები აქვს გასარკვევი. თუმცა კიმი რაიკონენი, ბატონისგან განსხვავებით, ქულათა ზონაში მაინც მოხვდა.

გრანპრის მსვლელობისას ბოლიდი E20 სამი ტოპ-გუნდის მანქანებზე სუსტი იყო, მაგრამ შედეგზე იმოქმედა საბურავების ეკონომიის უნარმა.

გროსჟანმა თავისი ერთადერთი პიტ-სტოპი ალონსოს პარალელურად შეასრულა, მაგრამ ფერნანდოს საბურავები რბოლის ბოლოს ძალიან გაცვდა, რომენი კი ჰემილტონის ტემპით მიდიოდა და მეორე ადგილზე გავიდა. რაიკონენის შემთხვევაში ბევრი რამ გადაწყვიტა კვალიფიკაციაში წარმოქმნილმა პრობლემებმა.

ზაუბერი
კობაიაში: 9, პერესი: 3
შვეიცარიელებმა ორივე მანქანა შეიყვანეს ქულათა ზონაში, მაგრამ კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით, თუ ამ გუნდიდან რომელიმე პილოტის პოდიუმზე ასვლას იწინასწარმეტყველებდნენ, პირველ რიგში, კამუი კობაიშის დაასახელებდნენ.

სინამდვილეში კი გაირკვა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო თავიდან "ხისტი" საბურავის არჩევა: ამით სერხიო პერესი თანაგუნდელზე უფრო დიდი ხანი შერჩა ტრასაზე და რბოლის ბოლოს საბურავებთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. იმის თქმაც შეიძლება, რომ რბოლა კიდევ რამდენიმე წრე რომ გაგრძელებულიყო, გამორიცხული არ არის - სერხიო დაწეოდა და შეეტია გროსჟანისთვის.

რედ ბული
ფეტელი: 4, უებერი: 7
შაბათის კვალიფიკაციის შემდეგ "რედ ბულს" გამარჯვების იმედი ჰქონდა, მაგრამ ერთი პიტ-სტოპის სტრატეგიამ სებასტიან ფეტელი მეოთხე ადგილამდე დააქვეითა.

მარკ უებერი, თანაგუნდელისგან განსხვავებით, ორ პიტ-სტოპზე წავიდა, მაგრამ ავსტრალიელს პირველ წრეებზე ხელი შეუშალა ძრავასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა: ამის გამო პირველი პიტ-სტოპის შემდეგ მარკი ტრაფიკში მოხვდა და საბოლოოდ ჩამორჩა ლიდერებს.

საერთოდ კი, აღვნიშნავთ, რომ სისწრაფის მიხედვით, "რედ ბული" ძლიერი იყო და ეს პოზიტიური ნიშანია ავსტრიული საჯინიბოსთვის.

ფერარი
ალონსო: 5, მასა: 10
კვირას იტალიურ საჯინიბოს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია. შეიძლება ეს პოზიციაც დაეკარგათ, ნიკო როსბერგს რომ მოესწრო ფერნანდო ალონსოზე შეტევის განხორციელება.

ბოლიდის სისწრაფე ალონსოს "მაკლარენსა" და "რედ ბულთან" ბრძოლის საშუალებას აძლევდა, მაგრამ გუნდი დააღალატა ტაქტიკურმა შეცდომამ და საბურავების საიმედოობის მხრივ თავდაჯერებულობამ. ფელიპე მასას შეეძლო გაესწრო თანაგუნდელისთვის, რომ არა პირველ წრეებზე მოსრიალება.

მერსედესი
შუმახერი: ფ.გ., როსბერგი: 6
ტექნიკური პრობლემის გამო მიხაელ შუმახერის მორიგ გავარდნას აღარ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, რადგან იმ მომენტისთვის გუნდმა უკვე გაუფუჭა რბოლა გერმანელს - ადრე უხმო პირველ პიტ-სტოპზე და ტრასაზე ტრაფიკში დააბრუნა.

ამავდროულად, ნიკო როსბერგმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, როცა კარგად გათვლილი რბოლა ჩაატარა (პირველი წრეებს თუ არ ჩავთვლით). სუფთა სისწრაფით "მერსედესი" ჩამორჩებოდა ლიდერებს, ხოლო საბურავების ცვეთის ოდნავ მაღალმა ხარისხმა როსბერგი გროსჟანისა და პერესის უკან დატოვა.

ფორს ინდია
დი რესტა: 11, ჰიულკენბერგი:12
ქულების ზონაში მოსახვედრად "ფორს ინდიას" ბანალურად სისწრაფე არ ეყო, რასაც დაემატა ლიდერთა რიგებში ბევრი პრობლემა. პოლ და რესტა შესანიშნავად გამოიყურებოდა კვალიფიკაციაში და რბოლის პირველ წრეებზე, მაგრამ საბურავების სწრაფმა ცვეთამ შოტლანდიელი პირველი ათეულის მიღმა დატოვა.

ნიკო ჰიულკენბერგი პირველად ბოქსებში მოგვიანებით შევიდა, სტარტზე კი "ხისტი" საბურავები აირჩია, თუმცა ერთი პიტ-სტოპით მაინც ვერ გაიარა მთელი დისტანცია. საერთო ჯამში, "ფორს ინდიას" შეეძლო ქულების დაგროვება, მაგრამ ამისთვის საბურავებთან უფრო აკურატული მუშაობა სჭირდებოდათ.

უილიამსი
მალდონადო: 13, სენა: 17
როგორც აღმოჩნდა, "უილიამსისთვის" ყველაფერი შაბათს დასრულდა. შესაძლოა, პასტორ მალდონადოს კიდევ ებრძოლა ქულებისთვის, ჯარიმა რომ არ მიეღო გადაცემათა კოლოფის შეცვლის გამო - 22-ე ადგილიდან ტოპ-ათეულში მოხვედრა არარეალური ჩანდა.

მიუხედავად ამისა, ვენესუელელმა კარგი რბოლა ჩაატარა, რასაც ვერ ვიტყვით ბრუნო სენაზე, რომელიც დიდი ხანი ვერაფერს უხერხებდა "კატერჰემის" პილოტებს. საერთო ჯამში, რთული სათქმელია, რა შეუძლია გუნდის ბოლიდს. ერთი რამ ცხადია: პილოტებმა მანქანისგან მაქსიმუმის მიღება ვერ შეძლეს და უქმეების განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვეს.

ტორო როსო
რიკარდო: 14, ვერნი: 15
დანიელ რიკარდოს იმედების მიუხედავად, მონრეალში ჩატანილმა ტექნიკურმა სიახლეებმა "ხარებს" განსაკუთრებული არაფერი მოუტანა.

"ტორო როსო", ეჭვგარეშეა, უარესია ვეტერან გუნდებს შორის. ამ საჯინიბომ უბრალოდ ჩააგდო სეზონის სტარტი. ამასთან, რიკარდომ და ვერნმა ვერ შეძლეს ერთი პიტ-სტოპის ტაქტიკის განხორციელება, ფრანგმა კი პიტ-ლეინზე დამატებითი შესვლაც მიიღო.

კატერჰემი
კოვალაინენი: 18, პეტროვი: 19
ჩვეულებრივი ეტაპი "მწვანეებისთვის". რბოლის პირველ ნაწილში ჰეიკი კოვალაინენი ახერხებდა "ტორო როსოს" პილოტებისა და სენას შეჩერებას, შემდეგ კი "კატერჰემის" ორივე პილოტმა გააწამა ბრაზილიელი. ყველაფერი კი მე-18 და მე-19 ადგილით დასრულდა, რაც სავსებით ობიექტურად ასახავს ამ გუნდის ძალას. კოვალაინენის აღიარებით, გუნდი ამ რბოლაში უფრო მაღალ ტემპს ელოდა.

მარუსია
გლოკი: ფ.გ., პიკი: 20
ცუდი უქმეები რუსული გუნდისთვის, მით უმეტეს, რომ კვლავ ვერ მიაღწია ფინიშზე ორმა მანქანამ: ნაადრევად დაასრულა ეტაპი ტიმო გლოკმა.

საიმედოობის მხრივ, გუნდი ძალიან მოიკოჭლებდა, ტემპიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო: მონრეალში "მარუსია" HRT-ზე ნელი გახლდათ,.ასე რომ, პელოტონში მე-11 გუნდის სტატუსი საფრთხის წინაშე დადგა. ამ უსიამოვნო ფონზე გამოირჩა შარლ კიპი, რომელიც გლოკს ასწრებდა ამ უკანასკნელის გავარდნამდე.

HRT
დე ლა როსა: ფ.გ., კართიკეიანი: ფ.გ.
შესანიშნავი უქმეების სავალალო დასასრული. მონრეალში ჩატანილმა ტექნიკურმა სიახლეებმა ესპანელებს ტემპის შესამჩნევად მომატებისა და "მარუსიასთან" გაბრძოლების საშუალება მისცა.

ცალკე ქებას იმსახურებს სწორ მონაკვეთზე ბოლიდების სისწრაფე. ახლა გუნდმა საიმედოობაზე უნდა იმუშაოს, რადგან ორმაგი გავარდნა მისაღები შედეგი ვერ იქნება: მონრეალში ორივე ბოლიდის მუხრუჭები გადახურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მიმოხილვაა მადლობთ
avtuko
18:28 12-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული