Forix-ის კანადური სტატისტიკა

AutoSharing Option
კანადის გრანპრის შემდეგ, ტრადიციულად, Forix-ის ენციკლოპედიურმა ბაზამ ახალი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა...

ლუის ჰემილტონის წარმატება
- ლუის ჰემილტონი სეზონის პირველი შვიდი რბოლის მეშვიდე გამარჯვებული გახდა. მან სეზონში პირველი, კანადაში კი მესამე რბოლა მოიგო. მონრეალში ლუისი ან პირველი მიდის ფინიშთან (2007, 2010, 2012), ან ავარიაში ხვდება (2008, 2011). ეს გამარჯვება მეთვრამეტეა ლუისის კარიერაში და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა კიმი რაიკონენს. ისინი საერთო რეიტინგში მე-14 ადგილს იყოფენ.

- სამი უპოდიუმო რბოლის შემდეგ "მაკლარენი" დაბრუნდა პირველ სამეულში. ჰემილტონი სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას -
მეოთხე ადგილიდან პირველზე ავიდა.

კვალიფიკაცია
- კარიერაში 32-ე პოულის მოპოვებით სებასტიან ფეტელი გაუთანაბრდა ნაიჯელ მენსელს და საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილი მოიპოვა.

1. მიხაელ შუმახერი 68
2. აირტონ სენა 65
3. ჯიმი კლარკი 33
3. ალენ პროსტი 33
5. ნაიჯელ მენსელი 32
5. სებასტიან ფეტელი 32
7. ხუან-მანუელ ფანხიო 29
8. მიკა ჰაკინენი 26
9. ნიკი ლაუდა 24
9. ნელსონ პიკე 24
11. ლუის ჰემილტონი 21
12. ფერნანდო ალონსო 20
12. დეიმონ ჰილი 20

- ლუის ჰემილტონმა სეზონში მეოთხედ დაიკავა ადგილი სასტარტო ბილიკის პირველ რიგში. ხოლო ჩინეთსა და ესპანეთში მიღებულ ჯარიმებს თუ არ ჩავთვლით, ის ყველა რბოლის კვალიფიკაციაზე პირველ სამეულში ხვდებოდა.

- კვალიფიკაციაში მერვე ადგილზე გასვლით პოლ დი რესტამ სეზონში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ასევე საუკეთესო იყო მეექვსე ადგილი ფელიპე მასასთვის.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა აბუ დაბის შარშანდელი რბოლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. მაშინაც ის მეორე იყო სტარტზე სებასტიან ფეტელის უკან, მაგრამ თუ გერმანელი აბუ დაბიში საბურავის მწყობრიდან გამოსვლის გამო გავარდა, ამჯერად ბრიტანელმა გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვა.

- "მაკლარენმა" კანადაში ზედიზედ მესამე გამარჯვებას მიაღწია. მონრეალში ასეთი სერია მხოლოდ "ფერარის" ჰქონდა 2002-04 წლებში.

- ბრიტანულმა საჯინიბომ 177-ე გრანპრი მოიგო და ამ მაჩვენებლით მეორეა საერთო რეიტინგში - მის წინ მხოლოდ "ფერარია".

- იმ რბოლებში, რომლებშიც რომენ გროსჟანმა ავარია აიცილა თავიდან, ის მეორე-მეექვსე ადგილებს იკავებდა. ფრანგი კანადაში კარიერაში მეორედ ავიდა პოდიუმზე, მეორე ადგილი კი საუკეთესო შედეგია ფორმულა 1-ში.

- მონრეალში პირველ სამ ადგილზე გასული პილოტების საშუალო ასაკში იყო - 25 წელი, 3 თვე და 24 დღე. პოდიუმზე ყველაზე ახალგაზრდა პილოტების რეიტინგში ეს მე-16 შედეგია. რეკორდი 2008 წელს მონცაში დამყარდა, როცა პოდიუმზე ავიდნენ ფეტელი, კოვალაინენი და კუბიცა - იმ მომენტში მათი საშუალო ასაკი 23 წელი, 11 თვე და 16 დღე იყო.

- კანადის ტრასა ერთადერთია ამ სეზონის კალენდარში, რომელზეც "რედ ბულის" პილოტებს არ გაუმარჯვიათ.

- პირველად, ბოლო 18 რბოლაში, ფერნანდო ალონსომ რბოლაში იმაზე უარესი შედეგი აჩვენა, ვიდრე კვალიფიკაციის დროს ჰქონდა. სხვათა შორის, ეს სერია კანადის შარშანდელი გრანპრის შემდეგ დაიწყო. 2011 წელს მონრეალში ესპანელი ჯერჯერობით უკანასკნელად მოხვდა ავარიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული