ლუის ჰემილტონი და სატრანსფერო ბაზარი

AutoSharing Option
კანადის სარბოლო უქმეების დროს ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო ლუის ჰემილტონის მომავალი კარიერის პერსპექტივები.

მოგეხსენებათ, ბრიტანელის კონტრაქტს "მაკლარენთან" ამ წლის ბოლოს გასდის ვადა. ჭორი უამრავი დადის: ვიღაც ამტკიცებს, რომ ბრიტანელი მზად არის, დატოვოს მშობლიური საჯინიბოო, მაგრამ სხვების აზრით, ამგვარი სცენარი აშკარად გადამეტებულია.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა კანადის გრანპრის წინ დაწერა იმის შესახებ, რომ სწორედ ჰემილტონზეა დამოკიდებული წელს სატრანსფერო ბაზარზე მოვლენათა განვითარება. მისი კონტრაქტის საკითხებით გამოცდილი მენეჯერი დიდიე კოტონია დაკავებული. ეს უკანასკნელი, თავის დროზე, მიკა ჰაკინენთან მუშაობდა.

კანადის გრანპრიზე გამარჯვების მიუხედავად,
ფორმულა 1-ის პრესაში სულ უფრო ხშირად წერდნენ იმის შესახებ, რომ ლუისი უკმაყოფილოა "მაკლარენის" ბოლიდით (MP27) და მისი მოდერნიცაზაციის ტემპებით. ამიტომაც მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონის შესანარჩუნებლად ბრიტანული საჯინიბო ლუისს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მომხიბვლელ ჰონორარებს სთავაზობს.

მიუხედავად ამისა, ჰემილტონი თავისი მომავალი კარიერის შესახებ სიცხადეს აგვისტოს ბოლომდე არ შეიტანს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზაფხულში არცერთ ტოპ-გუნდში არ მოხდება საკადრო გადაადგილებები.

კერძოდ, ჰემილტონის გადაწყვეტილებას ელოდება მარკ უებერი, რომელიც ასრულებს წლის ბოლოს "რედ ბულში" გამოსვლას; ასევე - მიხაელ შუმახერი, ვისაც ორი ვარიანტი აქვს - ან საბოლოოდ დაასრულებს კარიერას, ან "მერსედესში" კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

იმის გამო, რომ ჰემილტონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნიჭიერი პილოტია, მისი გადაბირებით ნებისმიერი ტოპ-გუნდი იქნება დაინტერესებული. შესაბამისად, მოვლენათა განვითარების ბევრნაირ ვარიანტს უნდა ველოდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული