"აუდის" ტრიუმფი და დიდი ავარია

AutoSharing Option
საფრანგეთში გაიმართა ლე მანის 24-საათიანი ლეგენდარული რბოლა, რომელსაც წელს იუბილე ჰქონდა - მე-80-ედ გაიმართა.

საიუბილეო მარათონი, როგორც მოსალოდნელი იყო, "აუდის" მანქანების დომინირებით მიმდინარეობდა.

პოული შარშანდელმა ჩემპიონმა - ანდრე ლოტერერის, მარსელ ფასლერისა და ბენუა ტრელუიეს ტრიომ მოიპოვა. კარგად დაწყებული უქმეები ამ სამეულმა შესანიშნავად გააგრძელა. მთელი 24 საათის განმავლობაში მათ მხოლოდ ორჯერ დაკარგეს ლიდერობა, მაგრამ მაინც ახერხებდნენ პირველ ადგილზე გადასვლას.

მოლოდინისამებრ, გამარჯვებული ტრიოს მთავარი კონკურენტი "აუდის" კიდევ ერთი ძალიან ძლიერი ეკიპაჟი იყო. აქ შედიოდნენ ალან მაკნიში, დინდო კაპელო და სახელგანთქმული ტომ კრისტენსენი,
რომელიც ლე მანის რვაგზის გამარჯვებულია. სხვათა შორის, კაპელოსთვის ეს იყო კარიერაში ბოლო "ლე მანი".

თუმცა გამარჯვებული ეკიპაჟის უპირატესობა საკმაოდ დიდი იყო - ლოტერერის ტრიომ მაკნიშისას მთელი ერთი წრით გაასწრო. მესამე ადგილზეც "აუდის" ეკიპაჟი გავიდა ჯერვისის, ბონანომისა და როკენფელერის შემადგენლობით.

წლევანდელი "ლე მანი" კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. სადღაც მეექვსე საათზე "ტოიოტას" პილოტი, ამერიკელი ენტონი დევიდსონი საკმაოდ ნელა მიმავალ "ფერარის" ასწრებდა. იტალიურმა მანქანამ მოულოდნელად მარჯვნივ მოუხვია და ავტომობილებს შორის კონტაქტი მოხდა. დევიდსონის "ტოიოტა" ჰაერში ავარდა და ძველი საბურავების ბარიერს დაენარცხა.

ამერიკელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ხერხემლის ორი მალა აქვს დაზიანებული, თუმცა გონზეა და შეუძლია მოძრაობა და ლაპარაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული