პირველად ამ ქალაქში ქუჩის რბოლა 2008 წელს ჩატარდა და მაშინვე გაირკვა, რომ ტრასა 25 მოსახვევით ასე თუ ისე საინტერესოა, მაგრამ იქ გამართულ ბრძოლას საინტერესოს ვერ ვუწოდებთ.
ვალენსიაში დაფიქსირებული საშუალო სიჩქარე სიდიდით ქვემოდან მეოთხეა ფორმულა 1-ის ტრასებს შორის და ტრეკი თითქმის არ გამოდგება გასწრებისთვის.
აქ მხოლოდ ერთხელ მოიგო პილოტმა, რომელსაც ტრასაზე პირველი პოზიცია არ ეკავა. 2009 წელს სასტარტო ბილიკზე მესამე ადგილზე მყოფმა რუბენს ბარიკელომ ტაქტიკურად
ეს გამონაკლისი იყო. ამიტომაც კვალიფიკაცია ვალენსიაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უნგრეთში, მონაკოსა თუ სინგაპურში.
ამავდროულად, ამ ტრასაზე არის სწრაფი მოსახვევები. ამიტომაც კარგი ბალანსი მოსახვევებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტრადიციულად, ცხელი ამინდი აუცილებლად იმოქმედებს საბურავების მუშაობაზე: Meduim-ისა და Soft-ის შემადგენლობის საბურავები გარკვეულ უპირატესობას მოუტანს "ზაუბერსა" და "ლოტუსს", რაც არაერთხელ მომხდარა მიმდინარე სეზონში. სხვებისგან კი სამ პიტსტოპს უნდა ველოდოთ.
არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვალენსიაში გასწრება შეუძლებელია, მაგრამ 2001 წელს, DRS-ის სისტემის შემოღების მიუხედავად, მთელი რბოლის განმავლობაში პირველ ექვსეულში მხოლოდ ორი გასწრება ვიხილეთ.
ევროპის გრანპრის მთავარი ინტრიგა ცნობილია: გაგრძელდება თუ არა ვალენსიაში უნიკალური სერია, რომლის დროსაც პირველ შვიდ რბოლას სეზონში შვიდი სხვადასხვა პილოტი იგებდა?
ევროპის გრანპრი
ჩატარების ადგილი - ვალენსია, ესპანეთი
წრის სიგრძე - 5 419 მ
საუკეთესო წრე - 1:38,683 (გლოკი, 2009)
საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მაკლარენი) - 88
2. ალონსო (ფერარი) - 86
3. ფეტელი (რედ ბული) - 85
4. უებერი (რედ ბული) - 79
5. როსბერგი (მერსედესი) - 67
6. რაიკონენი (ლოტუსი) - 55
7. გროსჟანი (ლოტუსი) - 53
8. ბატონი (მაკლარენი) - 45
განრიგი
22 ივნისი, 12:00 - I პრაქტიკა
22 ივნისი, 16:00 - II პრაქტიკა
23 ივნისი, 13:00 - III პრაქტიკა
23 ივნისი, 16:00 - კვალიფიკაცია
24 ივნისი, 16:00 - რბოლა
მალე მოლაპარაკება დაიწყება
"მაკლარენის" პილოტს ლუის ჰემილტონს მიაჩნია, რომ თავის ამჟამინდელ გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იოლი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ ავტომრბოლელს ამ სეზონის შემდეგ უმთავრდება კონტრაქტი "მაკლარენთან".
"რონ დენისმა იცის მოლაპარაკებების წარმოება, - ამბობს "ავტოსპორტთან" კომენტარში ჰემილტონი. - მე ძალიან გამიჭირდა მასთან საუბარი მაშინ, როცა წინა ხელშეკრულებას ვაფორმებდით. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იქნება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის გარდა განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ".
* * *
ამასობაში ფორმულა 1-ის პილოტები ვალენსიაში ჩავიდნენ და ევროპის გრანპრისთვის ემზადებიან, რომელიც კვირას უნდა გაიმართოს.
როგორც იცით, "მაკლარენის" მეორე პილოტს ჯენსონ ბატონს რთული პერიოდი უდგას, თუმცა მისი პრობლემები, შესაძლოა, სწორედ ვალენსიაში მოგვარდეს. ბატონმა გადაწყვიტა, ამ ეტაპზე იგივე სარბოლო მახასიათებლები გამოიყენოს, რომლითაც ბოლო დროს ჰემილტონი გამოდის.
"ბოლოდროინდელი წარუმატებელი სერიის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ღირს ის სარბოლო მახასიათებლები გამოვიყენო, რომლითაც ჩვენი გუნდის მეორე მანქანა გადის ტრასაზე, - ამბობს ჯენსონი. - ის შესამჩნევად განსხვავდება სხვებისგან. რა თქმა უნდა, მე ვერ ვიქნები ლუისივით სწრაფი, მაგრამ ამის შემდეგ შემეძლება წინსვლაზე ფიქრი და ჩემთვის ოპტიმალური მახასიათებლების პოვნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"