ევროპის გრანპრის შემდეგ: საგულისხმო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპის შემდეგ ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზა Forix-მა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი შემოგვთავაზა.

ალონსოს გამარჯვება
- ფერნანდო ალონსომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია პრაქტიკულად უიმედო სიტუაციიდან რბოლის მოგება - ვალენსიაში სტარტი მე-11 პოზიციიდან აიღო. ფერნანდომ კარიერაში მეორედ მოიგო რბოლა იმ დროს, როცა სასტარტო ბილიკზე პირველი ათეულის მიღმა იმყოფებოდა. ასეთი რამ ფორმულა 1-ის ისტორიაში 26-ედ მოხდა.

- მართალია, ალონსომ რბოლა მოიგო, მაგრამ ფერნანდომ ზედიზედ 31-ედ ვერ შეძლო პოულის მოპოვება. მან გაიმეორა კარიერაში ყველაზე გრძელი სერია პოულების გარეშე - ბელგია '07-
დან და გერმანია'09-მდე.

- ალონსომ პირველად მოიგო საშინაო გრანპრი ბარსელონას 2006 წლის ეტაპის შემდეგ.

კვალიფიკაცია
- სებასტიან ფეტელმა კარიერაში 33-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ალენ პროსტსა და ჯიმ კლარკს. ახლა გერმანელი ამ დუეტთან მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს. სებაზე ზემოთ არიან აირტონ სენა (65) და მიხაელ შუმახერი (68).

- ლუის ჰემილტონმა სეზონში მეხუთედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან.

- მე-19 ადგილი კვალიფიკაციაში - უარესი შედეგია მარკ უებერისთვის 2009 წლის იაპონიის გრანპრის შემდეგ. ვალენსიაში მარკმა იმდენივე პოზიცია მოიგო, რამდენიც შანხაიში წინა რბოლის დროს, როცა მე-18 ადგილიდან აიღო სტარტი და მესამეზე გავიდა.

რბოლა
- მიხაელ შუმახერმა შეწყვიტა თავის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი სერია პოდიუმების გარეშე - ის 47 რბოლა გრძელდებოდა. დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ პირველი პოდიუმი გერმანელისთვის 155-ეა კარიერაში.

- შუმიმ ვალენსიაში პოდიუმი 43 წლისა და 5 თვის ასაკში მოიპოვა - ის მე-12 ყველაზე ასაკოვანი პილოტია, ვინც პირველ სამეულში შეაღწია. რეკორდი ეკუთვნის ლუიჯი ფაჯოლის - მან 53 წლის ასაკში შეაღწია პირველ სამეულში.

- თუ კანადის გრანპრის პოდიუმზე ასული პილოტების (ჰემილტონი, გროსჟანი, პერესი) საშუალო ასაკი 25 წელი და 3 თვე იყო, ამჯერად პირველი სამეულის (ალონსო, რაიკონენი, შუმახერი) საშუალო ასაკი 35 წელი და 8 თვე გახლდათ. ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პოდიუმი 1994 წელს ავსტრალიაში დაფიქსირდა - მენსელის, ბერგერისა და ბრანდლის საშუალო ასაკში 37 წელსა და 3 თვეს შეადგენდა.

- ფინიშზე მეხუთე ადგილზე მისვლით ნიკო ჰიულკენბერგმა კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია. "ფორს ინდიას" პილოტებმა ჯამში 16 ქულა მოიპოვეს და ეს გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

- ნიკო როსბერგმა კარიერაში მესამედ დააფიქსირა წრეზე საუკეთესო დრო. ეს მეცხრე საუკეთესო წრეა "მერსედესის" ისტორიაში.

- ზედიზედ ხუთი რბოლაა, ჯენსონ ბატონი ვერ ახერხებს პოდიუმზე ასვლას. ასეთი უიღბლო სერია ბრიტანელს 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია. მაგრამ სწორედ მან გადაარჩინა რბოლა "მაკლარენისთვის" და გააგრძელა ამ გუნდის სერია 46 ეტაპამდე, როცა ის მინიმუმ ერთი ქულას მაინც იღებდა.

ეს არის მეორე ყველაზე ხანგრძლივი სერიის გამეორება (ის "ფერარის" ეკუთვნის). რეკორდი კი ზედიზედ 55 შედეგიანი რბოლაა, რომელიც ასევე "ფერარის" საკუთრებაა.

- კორეის 2010 წლის რბოლის შემდეგ "რედ ბულის" ბოლიდი პირველად გამოეთიშა ბრძოლას მექანიკური პრობლემების გამო - ფეტელის მანქანაზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. სებასტიანი ამ მიზეზით რბოლას 2009 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.

ფეტელის განაწყენება გასაგებია - ბოლო ოთხ რბოლაში მისი მანქანა მაშინ გამოვიდა მწყობრიდან, როცა ის ლიდერობდა რბოლაში - ევროპა 2012, აბუ დაბი 2011, კორეა 2010 და ავსტრალია 2010.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული