სებასტიან ფეტელი ძველსა და ახალზე

AutoSharing Option
ამ დღეებში ბრიტანეთის პატარა ქალაქ გუდვუდში გაიმართა ტრადიციული "სიჩქარის ფესტივალი", რომელიც ყოველწლიურად კრებს ყოფილ და თანამედროვე პილოტებს და გულშემატკივრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წელს ფესტივალს პირველად ესწრებოდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. "რედ ბულის" გერმანელმა პილოტმა ჟურნალისტებთან საუბარში საინტერესოდ ისაუბრა ძველ და ახალ ფორმულა 1-ზე.

"მე მომწონს 1993 წლის "მაკლარენი", - აღიარა ფეტელმა. - მასზე აირტონ სენამ თავისი ბოლო გამარჯვება მოიპოვა. ეს მანქანა კარდინალურად განსხვავდებოდა "უილიამსის" შასისგან და ჩამორჩებოდა ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ აირტონმა შეძლო დაუჯერებელი შედეგების დაფიქსირება.

როცა დღევანდელი დღით
ცხოვრობ, წარსულზე ფიქრი გავიწყდება, მაგრამ ძველი წლების მოვლენები ლაპარაკობენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ფორმულა 1. მასში მონაწილეობა - უდიდესი პატივია. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ და ისეთი მოვლენა, როგორიცაა "სიჩქარის ფესტივალი", ამ მიზანს შესანიშნავად ემსახურება.

ჩემპიონატის ისტორიის ყოველ ეტაპს თავისი გმირი ჰყავდა. რამდენიმე წელი დომინირებდა მიხაელ შუმახერი. სანამ ის გამოჩნდებოდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო აირტონ სენა, თუმცა დიადი პილოტები ყოველთვის მოიძებნებოდნენ. დღეს რამდენიმე პილოტია გამორჩეული.

მათ შორის, ალბათ, ყველაზე სრულყოფილია ფერნანდო ალონსო. ლუის ჰემილტონი ძალიან სწრაფია. სხვების დასახელებაც შეიძლება.

მიხაელ შუმახერი ისევ მონაწილეობს რბოლებში. არ მგონია, რომ მან უკვე წააგო ბრძოლა, რადგან დღეს ბევრი პილოტი გამოდის ძალიან მაღალ დონეზე. ასეთი პილოტების სია საკმაოდ გრძელია. ამ სეზონში ეტაპებს უკვე შვიდი სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა - ისინი ყველანი სწრაფები და საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან".

შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ პილოტზე მოგებული ტიტულების რაოდენობით? "რედ ბულის" პილოტის აზრით, მრბოლელის დონე მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლებით არ განისაზღვრება.

"ამ კითხვაზე დადებითი პასუხიც შეიძლება და უარყოფითიც, - მიიჩნევს ფეტელი. - ამა თუ იმ პილოტის შესახებ აზრს, ხშირ შემთხვევაში, მისი წარმატება განსაზღვრავს. გაიხსენეთ დიადი პილოტები, რომლებიც ადრე ფორმულა 1-ში გამოდიოდნენ - ალენ პროსტი, აირტონ სენა, ჯეკი სტიუარტი, ჯიმ კლარკი...

ისინი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ გულშემატკივრების მეხსიერებაში სხვა სახელებიც რჩება. ისინი ახსოვთ, ისინი განსხვავდებოდნენ სხვებისგან, მათში იყო რაღაც განსაკუთრებული.

ყველა, ვინც ფორმულა 1-ში ხვდება, სწრაფი პილოტია, მაგრამ ზოგიერთს რაღაც საკუთარი გააჩნია. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იმსახურებენ სხვებზე მეტ ყურადღებას. მათი გამოსვლისთვის თვალის მიდევნება საინტერესოა. ბევრი დამსახურებულად გახდა პუბლიკის კერპი, თუმცა ვერ შეძლო კარიერაში ტიტულის მოგება..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც სებ.........
avtuko
19:42 04-07-2012
0

სიახლეები პოპულარული