"რედ ბული" ადასტურებს: სებასტიან ფეტელი რჩება

AutoSharing Option
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი არ მოლაპარაკებია "ფერარის" და უახლოეს წლებში ის "რედ ბულის" რიგებში დარჩება, - განაცხადა გუშინ ავსტრიული საჯინიბოს შეფმა კრისტიან ჰორნერმა.

"სებასტიანს უკვე ველაპარაკე ამის შესახებ და მან ერთმნიშვნელოვნად მითხრა, რომ არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა და არც ხელი მოუწერია "ფერარისთან" წინასწარ ხელშეკრულებაზე, მაგრამ ჭორები მაინც ვრცელდება..." - ამბობს ჰორნერი სააგენტო "როიტერთან" კომენტარში.

ჭორების მორიგი ტალღა ფეტელის "სკუდერიაში" გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ აგორდა, რაც იტალიური საჯინიბოს ხელმძღვანელმა სტეფანო დომენიკალიმ გამოაცხადა, რომ სებასტიანი და ფერნანდო ალონსო იოლად შეეწყობოდნენ ერთმანეთს.

"ჩემი აზრით, მთელი ჩვენი გუნდი აპირებს "ფერარიში" გადასვლას, - ირონიულად ამბობს ჰორნერი. - წელს იგივეს ამბობდნენ ედრიან ნიიზე, მარკ უებერზე, სებასტიანზე და მე მგონი, ჩემზეც.

სებასტიანი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ჩვენც გვიადვილდება მასთან მუშაობა. ის უკვე 12 წელია თანამშრომლობს "რედ ბულთან" და ვფიქრობ, უახლოეს წლებში ჩვენთან დარჩება. არ ვღელავ იმის გამო, სად იქნება ფეტელი 2013, 2014 ან შემდგომ წლებში.

არ მგონია, რომ ის აუცილებლად უნდა გადავიდეს "ფერარიში". სებასტიანი კმაყოფილია თავისი დღევანდელი მდგომარეობით, შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და მეტის მიღწევისთვის ზრუნავს".

ასევე ჰორნერმა მიანიშნა ყველას, რომ მარკ უებერი, რომლის კონტრაქტი წლის ბოლოს იწურება, შეიძლება "რედ ბულში" კიდევ ერთი სეზონი დარჩეს: "მარკი შესანიშნავად მუშაობს. წელს ის ძალიან მაღალ სტაბილურობას აჩვენებს. რბოლებიც კვლავინდებურად სიამოვნებას ანიჭებს და ჩემი აზრით, "რედ ბულს" პილოტების ძალიან ძლიერი წყვილი ჰყავს.

მათ პილოტირების ერთნაირი მანერა აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ გუნდში მუშაობს ორი მრბოლელი, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში მარკთან ერთად დავსხდებით და მომავალს განვიხილავთ".

შუმის შემცვლელი უპოვნეს
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხაელ შუმახერის მომავალი ბედი ზაფხულის ბოლოს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ლეგენდარული გერმანელი კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ, "მერსედესში" მას "ფორს ინდიას" 26 წლის ბრიტანელი პოლ დი რესტა შეცვლის.

ინდური საჯინიბოს წარმომადგენელმა ბობ ფერნლიმ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ მზად არის, პილოტი უფრო ძლიერ საჯინიბოში გაუშვას.

"ჩვენ ვიცით, რომ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ჩემპიონობაზე არ აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ ამასთან, ჩვენ გვყავს ორი შესანიშნავი პილოტი პოლ დი რესტასა და ნიკო ჰიულკენბერგის სახით. თუ რომელიმე მათგანი ტოპ-ოთხეულიდან მიიღებს წინადადებას, ჩვენ მათი კარიერის წინსვლას არ გადავეღობებით", - განაცხადა ფერნლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული