გასულ წელს, აქ ფავორიტი აშკარა იყო - სებასტიან ფეტელი, რომელიც ეტაპს ეტაპზე იგებდა. წელს კი "რედ ბულის" პილოტი ვერ ბრწყინავს - მან მხოლოდ ერთი რბოლა მოიგო და გენერალურ კლასიფიკაციაში მოკრძალებულ მეხუთე ადგილზე იმყოფება.
ლიდერი - ესპანელი ფერნანდო ალონსოა. ცნობისთვის, 2011 წელს ბრიტანეთის გრანპრის ტრიუმფატორი სწორედ ის გახდა, ფეტელი კი მეორე მივიდა ფინიშთან.
წლევანდელი რბოლის წინ სებასტიანმა კომპლიმენტები არ დაიშურა სილვესტოუნის ავტოდრომის მისამართით.
"შეიძლება ითქვას, ეს
აქაურობა ყოველთვის მომწონდა. ტრასა საინტერესოა, გულშემატკივრები შესანიშნავად ერკვევიან ფორმულა 1-ში. თუმცა ისინი თავიანთ თანამემამულეებს დაუჭერენ მხარს".
გუშინ, სილვერსტოუნში წვიმდა და შაბათ-კვირას, ამინდის შეცვლა არ არის ნავარაუდები. ფეტელი ამინდის კაპრიზებისთვის მზად არის.
"ვნახოთ, რა გამოგვივა. არ მგონია, რომ თოვლი წამოვიდეს, - იხუმრა გერმანელმა. - საერთოდ, ბრიტანეთში ხუთ წუთში შეიძლება ამინდი ორჯერ შეიცვალოს".
წვიმა ახარებს "მერსედესის" პილოტს მიხაელ შუმახერს. "წვიმაში ჩვენი შანსები უფრო მაღალია, ვიდრე მშრალ ტრასაზე", - ამბობს ლეგენდარული გერმანელი.
ორი კვირის წინ, ვალენსიაში შუმახერმა პირველად ბოლო ორწელიწადნახევარში პოდიუმზე დაიკავა ადგილი. შუმი არ მალავს, რომ ესპანეთში მიღწეულმა წარმატებამ მასზე დადებითად იმოქმედა:
"რამდენიმე წარუმატებელი რბოლა ჩავატარე და აი, როგორც იქნა, წარმატებას მივაღწიე. არ დავმალავ - მესამე ადგილმა ყველა ძალიან გაგვახარა. განსაკუთრებით ტექნიკური ჯგუფი, რომელსაც შამპანური მოეწონა".
სილვერსტოუნის ავტოდრომზე ბევრია სწრაფი მოსახვევი. სეზონის ლიდერს ფერნანდო ალონსოს მიაჩნია, რომ "სკუდერიას" ბოლიდს ეს ძალიან წაადგება. ბრიტანული ამინდის კაპრიზებს კი ესპანელი ოდნავ უფრთხის.
"თუ ამინდი ცვალებადი იქნება, კარგი შედეგის მიღწევა გაჭირდება", - თქვა ფერნანდომ.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, რაფაელ ნადალმა კი სანსაციურად წააგო უიმბლდონის მეორე წრეში. ალონსომ აღიარა, რომ ესპანელი სპორტსმენების გამარჯვებები და წარუმატებლობები მის კონცენტრაციაზე არ მოქმედებს.
"რა თქმა უნდა, მინდოდა ნადალს ჩვენი ფეხბურთელებივით მოეგო, - აღნიშნა ალონსომ. - მე თვალს ვადევნებ სპორტულ მოვლენებს. რაღაც მიხარია, რაღაც მწყინს... მაგრამ ეს ჩემს მზადყოფნაზე არ აისახება".
რა თქმა უნდა, სილვერსტოუნში მოგებას ეცდებიან ბრიტანელები "მაკლარენიდან" - ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი. თუმცა ბატონი წელს არც ისე დამაჯერებლად გამოდის და საერთო ჩათვლაში მერვე ადგილი უკავია.
საინტერესოა, რომ "რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა, რომელიც გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზეა, ფავორიტად სწორედ ჰემილტონი და ბატონი მიიჩნია.
"გასულ რბოლაში ყველა აღფრთოვანებული იყო "რედ ბულის" ტემპით - ფეტელი და უებერი არანორმალურად სწრაფები იყვნენ, რაც აეროდინამიკური განახლებების დამსახურებაა, - განაცხადა ბატონმა. - ჯერჯერობით ჩვენ ჩამოვრჩებით ამ საკითხში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან სილვერსტოუნი - ჩქაროსნული ტრასაა. სწორედ ასეთ ავტოდრომებზეა ეფექტური ჩვენი ტექნიკური სიახლეები. იმედია, პროგრესს მივაღწევთ".
რაც შეეხება 6 ივლისს გამართულ თავისუფალ პრაქტიკებს, ორივე ვარჯიშმა წვიმის თანხლებით ჩაიარა. პირველი პრაქტიკა "ლოტუსის" პილოტმა რომენ გროსჟანმა მოიგო, მეორე - ლუის ჰემილტონმა. 7 ივლისს, კვალიფიკაციის დროსაც წვიმას ვარაუდობენ.
საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 111 (2 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 91 (1); 3. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 88 (1); 4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 85 (1); 5. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 75 (1); 6. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 73; 7. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 53; 8. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 49 (1); 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 39; 10. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 30 (1); 11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 27; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 21; 13. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 17; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 17; 15. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 15; 16. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 11; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"