ბრიტანეთის გრანპრი: მარკ უებერის მეორე გასროლა

AutoSharing Option
ბრიტანული ამინდის კაპრიზების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. შაბათს, კვალიფიკაციის დღეს, დილით მზიანი ამინდი იყო, მაგრამ საკვალიფიკაციო რბოლა წვიმიანი აღმოჩნდა და ის საათნახევრით შეწყდა კიდეც ტრასის დატბორვის გამო. პოული ფერნანდო ალონსომ მოიგო - პირველად 2010 წლის სინგაპურის რბოლის შემდეგ.

სინოპტიკოსთა პროგნოზების მიუხედავად, რბოლა სილვერსტოუნში მშრალ ამინდში დაიწყო - ალონსომ, მარკ უებერმა და მიხაელ შუმახერმა შეინარჩუნეს ლიდერის პოზიციები, იმ დროს, როცა მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ფელიპე მასამ სებასტიან ფეტელს გაუსწრო, მათ უკან კი პასტორ მალდონადომ კიმი რაიკონენი ჩამოიტოვა. თუმცა მეოთხე წრეზე ფინელს კონტრშეტევა
გამოუვიდა და დაიბრუნა მეექვსე პოზიცია.

უკვე მეხუთე წრისთვის ალონსო 1.3 წამით დაშორდა უებერს, 10 წრის შემდეგ კი ესპანელის უპირატესობა ხუთ წამს შეადგენდა. შემდეგ წრეზე მასა მესამე პოზიციაზე გადავიდა - ბრაზილიელმა შუმახერს გაუსწრო. ამასობაში ფეტელმა, მალდონადომ და სერხიო პერესმა ბოქსებში შეუხვიეს.

ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ პერესმა და მალდონადომ ტრასა ვერ გაიყვეს - ვენესუელელმა შიდა ტრაექტორია დაიჭირა, მის მანქანას ადგილი არ ეყო და "უილიამსი" "ზაუბერს" შეეჯახა.

მე-14 და მე-15 წრეებზე ბოქსებში შევიდნენ უებერი და ალონსო და ამით დასრულდა პიტსტოპების პირველი ტალღა. ტრასაზე დაბრუნების შემდეგ ესპანელი ავსტრალიელს ისევ ხუთ წამს უგებდა; უებერის უკან სამი წამის ჩამორჩენით იყო ფეტელი, რომელმაც შეძლო ბოქსებიდან შუმახერისა და მასასთვის გასწრება; რაიკონენმა შეინარჩუნა მეექვსე პოზიცია, ჰემილტონმა კი მეშვიდე პოზიციაზე შეძლო ასვლა.

24-ე წრეზე რაიკონენმა DRS-ის სისტემის დახმარებით გაუსწრო შუმახერს მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში, რის შემდეგაც მიხაელმა ჰემილტონიც გაატარა. სულ რაღაც ორი წრის შემდეგ რომენ გროსჟანმა გახსნა პიტსტოპების მეორე სერია, რის შემდეგაც ჰემილტონი წავიდა ბოქსებისკენ.

39-ე წრეზე "უმოქმედო" გახდა საბურავების მეორე კომპლექტი ნიკო როსბერგის მანქანაზე, რის გამოც გერმანელმა ერთბაშად გაატარა ჰემილტონი და გროსჟანი და მე-13 პოზიციამდე დაეშვა. ახალი საბურავებით ლუისი დაეწია ბატონს და ჯენსონმაც გადაწყვიტა, არ გაეფუჭებინა რბოლა პარტნიორისთვის და გაატარა თანაგუნდელი, თუმცა ამ მომენტში ლუისის გასწრება გროსჟანმა მოახერხა.

ერთი წრის შემდეგ ბოქსებისკენ გაემართა ფეტელი, კიდევ ორი წრის შემდეგ კი ახალი საბურავები მიიღო უებერმა. 37-ე წრეზე ბოქსებში ბოლო გაჩერება ჰქონდა ლიდერ ფერნანდო ალონსოს. რბოლის დასკვნითი ნაწილის წინ ესპანელი უებერს ოთხნახევარ წამს უგებდა. შემდეგ მოდიოდნენ ფეტელი, მასა, რაიკონენი, გროსჟანი და ჰემილტონი.

ალონსო რბოლას რბილი საბურავებით ამთავრებდა, იმ დროს, როცა "რედ ბულის" პილოტებმა "ჰარდით" გააგრძელეს ასპარეზობა. შედეგად, უფრო გვიანი პიტსტოპის მიუხედავად, ესპანელის ბოლიდზე მალე გაცვდა საბურავები - მე-40 წრიდან მოყოლებული, უებერი თანდათან ეწეოდა ლიდერს.

42-ე წრეზე უებერი ალონსოს უკვე სამი წამით ჩამორჩებოდა, რის შემდეგაც ის ყოველ წრეზე წამს უგებდა "ფერარის" პილოტს. რბოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 48-ე წრე, როცა ავსტრალიელმა DRS-ის გამოყენებით უკან ჩამოიტოვა ალონსო.

საბოლოოდ, უებერმა სეზონში მეორე და კარიერაში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ალონსომ ფინიშზე შეინარჩუნა ფეტელთან ორწამიანი უპირატესობა, სებასტიანი კი, ბაჰრეინის გრანპრის შემდეგ (აპრილის ბოლოს), პირველად ავიდა პოდიუმზე.

საერთო ჩათვლაში ალონსოს უპირატესობა უებერზე 13 ქულამდე შემცირდა. 16 ქულა გახლავთ მოქმედი ჩემპიონის, ფეტელის ჩამორჩენა. გენერალური კლასიფიკაციის პირველ ხუთეულში ვხედავთ ლუის ჰემილტონსა და კიმი რაიკონენს. კონსტრუქტორთა თასზე "რედ ბულის" უპირატესობა "ფერარიზე" 64 ქულამდე გაიზარდა.

ჩემპიონატის მეათე ეტაპი - გერმანიის გრანპრი 22 ივლისს "ჰოკენჰაირინგზე" გაიმართება.

ბრიტანეთის გრანპრი. IX ეტაპი
სილვერსტოუნი (52 წრე, 306.198 კმ)
1(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 1:25.11,288 (2 პიტსტოპი)
2(1). ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) +3,060 (2)
3(4). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +4,836 (2)
4(5). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +9,519 (2)
5(6). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +10,314 (2)
6(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +17,101 (2)
7(3). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +29,153 (2)
8(8). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +36,463 (2)
9(15). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +43,347 (2)
10(18). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +44,444 (2)
11(12). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +45,370 (2)
12(9). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +47,856 (2)
13(14). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +51,241 (2)
14(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +53,313 (2)
15(13). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +57,394 (2)
16(7). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (2)
17(20). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)
18(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (2)
19(24). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (2)
20(22). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 2 წრე (1)
21(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 2 წრე (2)
22(17). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 40 წრე
23(11). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) 49 წრე
24(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 52 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 129 (2 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 116 (2); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 100 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 92 (1); 5. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 83; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 75 (1); 7. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 61; 8. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 50 (1); 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 39; 10. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 27; 12. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 23; 13. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 23; 14. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 21; 15. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 18; 16. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 17; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 216; 2. ფერარი - 152; 3. ლოტუსი - 144; 4. მაკლარენი - 142; 5. მერსედესი - 98; 6. ზაუბერი - 60; 7. უილიამსი - 47; 8. ფორს ინდია - 44; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
,,1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია)..." იტალიელია ალონსო???
gizo
22:25 09-07-2012
0

სიახლეები პოპულარული