სილვერსტოუნის გმირები და ანტიგმირები

AutoSharing Option
ბრიტანეთის გრანპრიმ სავსებით მოსალოდნელი შედეგები მოიტანა. თუნდაც იმიტომ, რომ პოდიუმზე ავიდნენ ის პილოტები, რომლებიც ასევე სამეულში იყვნენ საკვალიფიკაციო რბოლაში. და რომ არა ბოლოს მარკ უებერის გადამწყვეტი გასწრება, შაბათის სამეული მიმდევრობის მხრივაც უცვლელი იქნებოდა.

მაღალი პოტენციალი გამოაჩინა "ლოტუსმა", რაზეც ორი უსწრაფესი წრე მეტყველებს, მაგრამ ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ფრანგული საჯინიბო ვერ ახერხებს.

რაიკონენმა სუსტად ჩაატარა რბოლის პირველი ნაწილი და დიდი დრო დაკარგა, ნელი მიხაელ შუმახერის უკან გროსჟანი კი დაბალმა სასტარტო პოზიციამ (რაც კვალიფიკაციაში დაშვებული შეცდომის შედეგი იყო) და პოლ დი რესტას
ბოლიდთან კონტაქტმა დააღალატა.

გმირები
მარკ უებერი აღარ ხუმრობს. ავსტრალიელი სეზონის პირველ ოთხ რბოლაში მეოთხე ადგილით კმაყოფილდებოდა, მაგრამ ევროპის გრანპრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გენერალურ კლასიფიკაციაში მეორეა და მის წინ მხოლოდ ფერნანდო ალონსო დგას.

როცა ესპანელთან უშუალოდ რბოლის დროს ბრძოლის შანსი გაუჩნდა, მან ეს შესაძლებლობა მაშინვე გამოიყენა და გამარჯვებისკენ იშვიათი სწრაფვა გამოავლინა, რაც მისგან კარგა ხანია, არ გვინახავს.

ახლა საერთო ჩათვლის ცხრილი 2010 წელს მოგვაგონებს, მაგრამ მაშინ მარკს მოთმინება არ ეყო. ორი წლის წინ "რედ ბულს" ორივე პილოტი მიჰყავდა ტიტულისკენ. საინტერესოა, როგორ მოიქცევიან ამჯერად?

ფელიპე მასამ მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 30 (!) გრანპრის განმავლობაში. ბრაზილიელმა პილოტმა კარგი რბოლა ჩაატარა და დავრწმუნდით, რომ მისი თავდაცვისა და შეტევის უნარი არსად გამქრალა. როგორც ჩანს, მასას ის ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რომელიც ალონსოს გვერდით გამოსვლისას წარმოიქმნება.

ჯერჯერობით ფელიპეს ზედიზედ ორი კარგი რბოლა არ ჰქონია. ასე რომ, გერმანული ეტაპი ამ მხრივ, ბრაზილიელისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ცუდი ის არის, რომ "ფერარის" თითქმის ყველა რესურსი ალონსოს მხარდასაჭერად არის მიმართული, რომელთან მიმართებაში უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ის ტიტულის მთავარი პრეტენდენტია.

ანტიგმირები
"მაკლარენს" ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონატის მთავარი იმედგაცრუება გახდეს. თუ ვალენსიაში ლუის ჰემილტონი სწრაფი იყო, სილვერსტოუნში ყველაფერი გაცილებით სავალალოდ ჩანდა. ვერც ჯენსონ ბატონი დაიკვეხნის ბევრით. მაგრამ ამ შემთხვევაში იმ აზრამდე მივდივართ, რომ ბოლო წარუმატებლობაში პილოტები ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავენი.

"მაკლარენი" განთქმული იყო სეზონის მსვლელობის დროს ბოლიდის გაუმჯობესებით, მაგრამ ამჯერად ყველაზე დიდ პროგრესს "ფერარიმ" მიაღწია, ბრიტანელები კი, როგორც ჩანს, განვითარების ძველ დონეზე დარჩნენ.

ყველაზე გაუგებარი ის არის, რომ ტექნიკური განახლებები, რომელიც მათ საშინაო გრანპრისთვის მოამზადეს, არაეფექტური აღმოჩნდა და ახლა წინ წასული კონკურენტების დაწევა ძალიან რთული იქნება.

პასტორ მალდონადომ ზედიზედ მეორე რბოლაში მიიპყრო სტიუარდების ყურადღება. ამჯერად ისინი ფულადი ჯარიმით შემოიფარგლნენ, თუმცა ვენესუელელის მანევრი პერესის წინააღმდეგ იმაზე "კრიმინალური" ჩანდა, ვიდრე ვალენსიაში ჰემილტონთან შეჯახება იყო. შესაბამისად, პერესის აღშფოთება გასაგებია.

რაც შეეხება მექსიკელის თანაგუნდელ კამუი კობაიაშის, მან პიტსტოპზე შესვლისას გაუმართლებელი შეცდომა დაუშვა და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობით გადაურჩნენ მექანიკოსები სერიოზულ ტრავმებს.

* * *
დაბოლოს, დიდი ხანი არაფერი გვითქვამს იმის შესახებ, როგორ აფასებენ ბუკმეიკერები ჩემპიონატში შექმნილ სიტუაციას. პროცენტული გამოსახულებით პილოტთა შანსები ტიტულზე ასე გამოიყურება: ფერნანდო ალონსო - 34.4%, სებასტიან ფეტელი - 27.7%, ლუის ჰემილტონი - 16.4%, მარკ უებერი - 12.9%, კიმი რაიკონენი - 3.5%, ჯენსონ ბატონი, ნიკო როსბერგი, რომენ გროსჟანი - 1.7%.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკს ტყუილად დაუგდეს პროცენტი ვებერი მოიგებს ტიტულს და წავა კიდეც დიდი სპორტიდან
avtuko
23:02 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული