ალონსოს წარმატებები
- გერმანიის გრანპრის მოგებით ფერნანდო ალონსო ამ სეზონში პირველი სამგზის გამარჯვებული გახდა. ეს 30-ე ტრიუმფია ესპანელის კარიერაში. ამასთან, ალონსომ შედეგიანი რბოლების სერია 22-მდე აიყვანა - ფერნანდო 2011 წელს, ევროპის გრანპრის შემდეგ სტაბილურად აგროვებს ქულებს. მას ორი შედეგიანი რბოლა სჭირდება იმისთვის, რომ გაიმეოროს მიხაელ შუმახერის რეკორდი - ზედიზედ 24 შედეგიანი რბოლა.
- გამარჯვებების რაოდენობით, ალონსო მეხუთე ადგილზეა შესაბამის სიაში:
1. მ. შუმახერი 91
2. პროსტი 51
4. მენსელი 31
5. ალონსო 30
- "ჰოკენჰაიმრინგზე" ალონსომ კარიერაში 22-ე პოული მოიპოვა. თან, ეს "ფერარისთვის" პირველი პოული იყო ამ ტრასაზე 2004 წლის შემდეგ. ფერნანდომ "რედ ბულს" გერმანიაში ზედიზედ მესამე პოულის აღების საშუალება არ მისცა.
რბოლა
- ფერნანდო ალონსომ კარიერაში მესამედ მოიგო გერმანიის გრანპრი - აქ ამდენჯერ გაუმარჯვიათ: ხუან-მანუელ ფანხიოს, ჯეკი სტიუარტს, ნელსონ პიკეს და აირტონ სენას. მხოლოდ შუმახერს აქვს უფრო მეტი მოგება გერმანიაში - ოთხი.
- "ფერარიმ" გერმანიაში 21-ე გამარჯვება იზეიმა - ამ მაჩვენებლით "სკუდერია" დომინირებს. მეორე ადგილზე მყოფ "უილიამსს" ცხრა მოგება აქვს.
- ალონსო პირველი ლიდერია ამ სეზონში, რომელიც უკვე მესამე რბოლაა, სათავეში უდგას გენერალურ კლასიფიკაციას. ეს სერია აუცილებლად გაგრძელდება ოთხ გრანპრიმდე, რადგან ესპანელი უახლოეს მდევარს 34 ქულით უსწრებს და უნგრეთის გრანპრის შემდეგ მას ვერავინ დაეწევა.
- ჯენსონ ბატონმა შეწყვიტა თავის კარიერაში 2008 წლის შემდეგ ყველაზე გრძელი უპოდიუმო სერია - ის ექვსი ეტაპი გრძელდებოდა. ბოლოს ბრიტანელი ჩინეთის გრანპრიზე ავიდა პოდიუმზე - მაშინაც და ახლაც ეს იყო მეორე ადგილი.
- კიმი რაიკონენი ამ სეზონში მეოთხედ ავიდა პოდიუმზე, მაგრამ არასოდეს აუღია სტარტი პირველი სამეულიდან. წელს ის აგრეთვე ორჯერ გავიდა მეოთხე ადგილზე.
- კამუი კობაიაშიმ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - "ჰოკენჰაიმრინგზე" მან მეოთხე ადგილი დაიკავა. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო მეხუთე პოზიცია - 2011 წელს მონაკოში და 2012 წელს - ესპანეთში. უქმეებზე დაგროვილი 20 ქულა - "ზაუბერის" საუკეთესო შედეგია 2010 წლიდან, როცა ქულების ახალი დარიცხვა შემოიღეს.
- სებასტიან ფეტელმა ისევ ვერ აიღო საშინაო გრანპრი და ჯერჯერობით კარიერაში არასოდეს მოუგია რბოლა ივლისში.
- მიხაელ შუმახერმა პირველად გაიარა საუკეთესო წრე მას შემდეგ, რაც მის კარიერაში მეორე ეტაპი დაიწყო. მან გაიმყარა ლიდერობა საუკეთესო წრეების რაოდენობით - 77. მეორეზეა ალენ პროსტი - 41. მოქმედი პილოტებიდან მიხაელთან ყველაზე ახლოს კიმი რაიკონენია - 37 საუკეთესო წრე.
- მარკ უებერი ზედიზედ 51 რბოლაა, არ გამოთიშულა ბრძოლას ტექნიკური მიზეზით. ეს არის ხანგრძლივობის მიხედვით მეორე სერიის გამეორება - ის ეკუთვნოდა ლუის ჰემილტონს - 2007 წლის ავსტრალიის ეტაპიდან 2009 წლის ბრაზილიის გრანპრიმდე. მარკს კიდევ შვიდი უპრობლემო რბოლა სჭირდება იმისთვის, რომ გაიმეოროს მიხაელ შუმახერის სარეკორდო სერია - 58 რბოლა მექანიკური პრობლემის გარეშე (უნგრეთი-2001 - მალაიზია-2005).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"