უნგრეთის გრანპრი: პირველი ნაწილი ლუის ჰემილტონმა დახურა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ გასულ უქმეებზე უნგრეთში წვიმას ვარაუდობდნენ, სეზონის მე-11 რბოლამ მშრალ ამინდში ჩაიარა. შაბათს პოული დამაჯერებლად მოიგო ლუის ჰემილტონმა, ხოლო კარიერაში პირველად მეორე ადგილიდან აიღო სტარტი რომენ გროსჟანმა. მეორე რიგში იდგნენ სებასტიან ფეტელი და ჯენსონ ბატონი.

სტარტზე ჰემილტონმა შეინარჩუნა უპირატესობა. გროსჟანმა მოიგერია ფეტელის შეტევა, რომელსაც, თავის მხრივ, ბატონმა გაუსწრო. უებერმა ოთხი პოზიცია მოიგო და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. მესამე წრისთვის პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ჰემილტონი-გროსჟანი-ბატონი-ფეტელი-ალონსო-რაიკონენი-უებერი-სენა-მასა-ჰიულკენბერგი.

შაბათს დაწყებული პრობლემები შუმახერისთვის კვირას გაგრძელდა - მეორე წრეზე ბოქსებში შესულმა გერმანელმა სიჩქარეს გადააჭარბა და
საჯარიმო დროით დაისაჯა.

მეოთხე წრისთვის ჰემილტონი ორი წამით გაექცა გროსჟანს, რის შემდეგაც ლიდერები დაახლოებით ერთი ტემპით გადიოდნენ წრეებს. პელოტონი გაიწელა და ტაქტიკური ბრძოლა დაიწყო, რომელშიც ბევრი იყო დამოკიდებული საბურავების ცვეთაზე.

პიტ-სტოპების პირველი სერიის შემდეგ ლიდერთა შორის ბევრი არაფერი შეცვლილა - 23-ე წრისთვის ათეული ასე გამოიყურებოდა: ჰემილტონი-გროსჟანი-ბატონი-ფეტელი- რაიკონენი-ალონსო-უებერი-სენა-მასა-როსბერგი.

გროსჟანმა რბოლის მეორე ნაწილისთვის უფრო რბილი საბურავი აირჩია და DRS-ის გამოყენებით დაეწია ჰემილტონს, მაგრამ მალე ლუისმა ისევ მოუმატა და კვლავ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მსგავსი სიტუაცია იყო ბატონისა და ფეტელის ბრძოლაში - აქაც გერმანელი მიუახლოვდა ბრიტანელს, მაგრამ შეტევა ვერ შეძლო.

35-ე წრეზე ბატონმა საბურავები შეცვალა და ფეტელმა მაქსიმალურად გაზარდა ტემპი, რათა ჯენსონისთვის პიტ-სტოპზე გაესწრო. ბატონი სენას უკან დაბრუნდა ტრასაზე და Soft-ის ახალი საბურავების მიუხედავად, ვერ შეძლო დაკარგული პოზიციის დაბრუნება. 39-ე წრეზე ფეტელი შევიდა ბოქსებში და საბოლოოდ ჯენსონის წინ აღმოჩნდა.

მეორე პიტ-სტოპის შემდეგ ჰემილტონმა ისევ შეინარჩუნა უპირატესობა გროსჟანთან ბრძოლაში. კიმი რაიკონენმა ბოქსებში მეორე შესვლამდე რამდენიმე სწრაფი წრე გაიარა და საბურავების შეცვლის შემდეგ ტრასაზე იმ დროს დაბრუნდა, როცა გროსჟანმა ჩაიარა. თანაგუნდელები კინაღამ ერთმანეთს შეეჯახნენ, მაგრამ კიმი შიდა რადიუსზე იმყოფებოდა, უპირატესობა მიიღო და სწრაფად ჩამოიტოვა უკან ფრანგი.

48-ე წრისთვის პირველ ათეულს ასეთი სახე ჰქონდა: ჰემილტონი-რაიკონენი-გროსჟანი-ფეტელი-უებერი-ალონსო-ბატონი-სენა-მასა-როსბერგი.

დი რესტასთან ბრძოლაში მალდონადო კონკურენტს შეეჯახა და პიტ-ლეინზე შესვლით დაჯარიმდა. მე-60 წრეზე მიხაელ შუმახერმა მანქანა ბოქსებში გააჩერა და ბრძოლა შეწყვიტა.

რაიკონენმა მალე შეამცირა სხვაობა ჰემილტონთან, მაგრამ შეტევაზე არ წასულა. ზოგიერთმა პილოტმა სამი პიტ-სტოპის ტაქტიკა აირჩია - უებერი ბოქსებში 56-ე წრეზე შევიდა, ფეტელი - 59-ეზე, მაგრამ ლიდერები ორჯერ გაჩერდნენ მთელი ბრძოლის დროს.

ფინიშამდე შვიდი წრით ადრე ჰემილტონსა და რაიკონენს შორის სხვაობა მხოლოდ რვა მეათედ წამს უდრიდა. ბევრი რამ იყო დამოკიდებული საბურავების მდგომარეობაზე, მაგრამ ლუისი უფრო სწრაფად გადიოდა წრეებს და სეზონში მეორე, კარიერაში კი მე-19 გამარჯვება მოიპოვა. მეორედ ამ სეზონში, "ლოტუსის" ორივე პილოტი ავიდა პოდიუმზე.

ახლა ფორმულა 1-ში ერთთვიანი არდადეგები იწყება, რის შემდეგაც ჩვენ გველის კლასიკური რბოლები სპასა და მონცაზე.

უნგრეთის გრანპრი. XI ეტაპი
ჰუნგაროგრინგი (69 წრე, 306.630 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:41.05,503 (2 პიტ-სტოპი)
2(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +1,032 (2)
3(2). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +10,518 (2)
4(3). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +11,614 (3)
5(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +26,653 (2)
6(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +30,243 (3)
7(9). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +33,899 (2)
8(11). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +34,458 (3)
9(7). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +38,300 (2)
10(13). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +51,200 (2)
11(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +57,200 (2)
12(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.02,800 (2)
13(8). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +1.03.6 (3)
14(14). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +1.04.4 (2)
15(18). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 1 წრე (3)
16(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 1 წრე (4)
17(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (3)
18(15). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) 2 წრე (3)
19(20). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 2 წრე (3)
20(21). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 2 წრე (2)
21(22). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 3 წრე (2)
22(23). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 3 წრე (2)
23(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 6 წრე
24(17). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 8 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 164 (3 მოგება); 2. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 124 (2); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 122 (1); 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 117 (2); 5. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 116; 6. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 77 (1); 7. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 76 (1); 7. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 76; 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 47; 10. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 33; 11. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 12. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 29; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 27; 14. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 25; 15. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 24; 16. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 19; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 4; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 2.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 246; 2. მაკლარენი - 193; 3. ლოტუსი - 192; 4. ფერარი - 189; 5. მერსედესი - 106; 6. ზაუბერი - 80; 7. უილიამსი - 53; 8. ფორს ინდია - 46; 9. ტორო როსო - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული