ფელიპე მასამ თავისი როლი იპოვნა

AutoSharing Option
იტალიური საჯინიბოს - "ფერარის" მეორე პილოტი ფელიპე მასა აცხადებს, რომ მისი მომავალი კარიერის საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგებს აჩვენებს ის სეზონის მეორე ნახევარში.

ჯერჯერობით ბრაზილიელი პილოტი ძალიან სუსტ ჩემპიონატს ატარებს - მისი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო საერთო ჩათვლის ლიდერია, იგივე მანქანით მოასპარეზე მასა კი მე-14 პოზიციაზე იმყოფება და თანაგუნდელს 139 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, ეს სიტუაცია მასას "ფერარიში" დარჩენის მინიმალურ შანსს უტოვებს.

"ამ მომენტისთვის არაფერია გადაწყვეტილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორ ვიასპარეზებ სეზონის მეორე ნახევარში. სწორედ სეზონის ამ ნაწილში დაფიქსირებული
შედეგების შემდეგ მიიღებს გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას", - ამბობს ბრაზილიელი.

ასე რომ, სეზონის დარჩენილ რბოლებში მასამ, რაც შეიძლება, მეტი ქულა უნდა დააგროვოს. გარდა ამისა, მას სხვა მისიაც ეკისრება - უნდა დაეხმაროს ალონსოს ტიტულის მოგებაში.

"ნებისმიერ რბოლაში პოდიუმზე ასვლა კარგი შედეგი იქნება ჩემთვის. გარდა ამისა, უნდა ვეცადო ყოველთვის ახლოს ვიყო ალონსოსთან, რათა მას ჩემპიონობის მოგებაში დავეხმარო. საერთო ჩათვლაში ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. ამიტომაც გასაგებია, რომ მე გუნდში ეს როლი მერგო. ამაში ახალი არაფერია", - აღიარებს მასა.

ამ სეზონში ალონსომ სამი რბოლა მოიგო, მასა კი ერთხელაც არ ასულა პოდიუმზე და 11 რბოლიდან ექვსში საუკეთესო ათეულის მიღმა აღმოჩნდა. ბოლოს ბრაზილიელი პოდიუმზე 2010 წლის ოქტომბერში ვიხილეთ, რბოლა კი მას 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.

ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 2 სექტემბერს, ბელგიის გრანპრით განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული