ბელგიის გრანპრი მე-300 იქნება მიხაელ შუმახერის კარიერაში

AutoSharing Option
ბელგიის გრანპრი განსაკუთრებული რბოლაა "მერსედესისთვის", რადგან ეს ეტაპი მე-300 იქნება მიხაელ შუმახერის კარიერაში და ის გაიმართება ტრასაზე, რომელზეც ლეგენდარულმა გერმანელმა 1991 წელს დაიწყო გამოსვლა ფორმულა 1-ში.

"სპა - ერთ-ერთი კლასიკური ტრასაა კალენდარში. ის უყვართ მრბოლელებს, ინჟინრებს და გულშემატკივრებს. მასზე ძალიან საინტერესოა ბრძოლაზე დაკვირვება და აქ ყოველთვის კარგი სანახაობის გარანტია არსებობს.

ზედიზედ მეორე წელია, სპაზე რბოლა განსაკუთრებული იქნება მიხაელისთვის და ჩვენი გუნდისთვის. გასულ წელს აღინიშნა შუმის გამოსვლის 20 წლისთავი, ახლა კი მას ელის მე-300 გრანპრი კარიერაში. ეს ფანტასტიკური მიღწევაა. უფრო მეტი
ეტაპი მხოლოდ ერთ პილოტს აქვს ჩატარებული და იმედი გვაქვს, რომ ამ იუბილეს ძლიერი გრანპრით აღვნიშნავთ", - ამბობს "მერსედესის" შეფი როს ბრაუნი.

"სპას ტრასას საკუთარი საძინებელივით ვიცნობ და ის საუკეთესოდ მიმაჩნია მსოფლიოში. ჩემი კარიერის ბევრი ღირსშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება ამ ტრეკს - დებიუტი ფორმულა 1-ში, პირველი გამარჯვება, პირველი ტიტული. სპაზე ბევრი შესანიშნავი რბოლა ჩამიტარებია და ის ფაქტი, რომ სწორედ აქ გაიმართება ჩემი მე-300 გრანპრი, გაკვირვებას სრულიადაც არ იწვევს - ასე უნდა მომხდარიყო და ახლა საჭიროა სწორად აღვნიშნოთ ეს იუბილე.

ამაყი ვარ იმით, რომ მეორე პილოტი გავხდი ისტორიაში, ვინც ეს ზღვარი გადალახა და იმედია, ეს კარგი უქმეები იქნება. ერთი წლის წინ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ სპაზე და ახლაც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მთელი რბოლა წარმატებული იყოს", - ამბობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ის წამყვან პილოტებზეც ილაპარაკა. მან საუკეთესო ავტომრბოლელად ფერნანდო ალონსო მოიხსენია, ხოლო თანამემამულე სებასტიან ფეტელზე განაცხადა, რომ ის კვლავაც სწავლის პროცესშია...

"ალონსო ძალიან კონკურენტუნარიანია. არის მომენტები, როცა გგონია, რომ მას აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ეს ასე იოლი არ არის - ის ამაზე დიდი ხანი მუშაობდა.

სებასტიან ფეტელი - შესანიშნავი ახალგაზრდა და ბრწყინვალე პილოტია, მაგრამ ის სხვა სიტუაციაში იმყოფება და ჯერ სწავლას განაგრძობს. იმისთვის, რომ ნამდვილი გამარჯვებული გახდე, წაგება უნდა ისწავლო - ესეც ახლის გაგების პროცესია. როცა წაგებას ისწავლი, კიდევ უფრო მეტად დააფასებ გამარჯვებას.

ნებისმიერი პილოტის კარიერა შედგება პროგრესისა და ჩავარდნის პერიოდებისგან. ჯერჯერობით ერთი წამით არ გამომითქვამს სინანული დაბრუნების გამო - ბევრი პოზიტიური მომენტი იყო, რაც უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

სამწუხარო იქნება, თუ კარიერას ისე დავასრულებ, რომ ერთ რბოლასაც ვერ მოვიგებ. წელს არ შეგვიძლია ტიტულზე ფიქრი და ჯერჯერობით გაუგებარია, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას მომავალ წელს.

კონტრაქტის გაგრძელება? არ მინდა ამ თემაზე კომენტარი", - ასეთია ნაწყვეტები მიხაელ შუმახერის ინტერვიუდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ შუმის იცის ამ კაცმა თავისი საქმე სხვისი პატივისცემა და დაფასებაც არ ავიწყდება
avtuko
15:21 28-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული