მიხაელ შუმახერი: ყველაზე მეტი პატივისცემა ჰაკინენის მიმართ მქონდა

AutoSharing Option
უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მომავალ უქმეებზე ლეგენდარული გერმანელი მიხაელ შუმახერი კარიერაში მე-300 გრანპრის გამართავს.

ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა ბელგიის სპაზე მოხდება და ამასთან დაკავშირებით, გერმანულ გაზეთ "ბილდში" მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

- 300 გრანპრი, შვიდი საჩემპიონო ტიტული. როდის დაიწყო ყველაფერი?
- და როდის დამთავრდება, არა? და სად? (იცინის). საინტერესოა, რომ ყოველთვის ყველაფერი პირველი სპაზე ხდებოდა: პირველი რბოლა, პირველი გამარჯვება და სხვადასხა ერთმანეთის გამომრიცხავი სიტუაცია.

- თქვენი დაბადების ადგილი - კერპენია, მაგრამ, როგორც პილოტი სპაზე დაიბადეთ?
- ეჭვგარეშეა. შარშან
კი სწორედ სპაზე აღვნიშნე ფორმულა 1-ში ჩემი გამოსვლის 20 წლისთავი; აქაურობა ჩემთვის საკუთარი სახლივითაა და შესაბამისად, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- დეტალებში გახსოვთ თქვენი სამასივე რბოლა?
- რა თქმა უნდა, არა.

- სამაგიეროდ, ყველა გამარჯვებას გაიხსენებთ...
- არა. 20 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

- ამ დროის განმავლობაში გართობისთვისაც პოულობდით დროს?
- უნდა დავფიქრდე. კარიერის დასაწყისში ასი პროცენტით კონცენტრირებული ვიყავი რბოლებზე. წლების განმავლობაში, საერთოდ არ ვეკარებოდი ალკოჰოლს, რადგან მიმაჩნდა, რომ ამით სიჩქარეს დავკარგავდი. მაგრამ შემდეგ, ლუდის სმა დავიწყე და აღმოვაჩინე: ისევ შემეძლო მოგება!

- რით განსხვავდება დღევანდელი სარბოლო დღე იმისგან, რაც 20 წლის წინ იყო?
- რა თქმა უნდა, ახლა უფრო ბევრი რუტინაა, მაგრამ მომენტებში დაძაბულობა და ნერვიულობა ისეთივე რჩება, როგორც ადრე.

- თქვენს მიერ ჩატარებული 300 გრანპრის განმავლობაში ფორმულა 1 შეიცვალა. შეიძლება იმის თქმა, რომ ახლა ყველაფერი უფრო მეტად კომპიუტერზეა დამოკიდებული და არა ადამიანზე?
- ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს პოზიტიური პროგრესია. მთელი ცხოვრება ისედაც პროგრესია. მისი წყალობით მრბოლელები კიდევ უფრო სწრაფად მოძრაობენ და ეს არის მთავარი. დროში სხვაობა სულ უფრო ნაკლები გახდა. ადრე შემეძლო კონკურენტისთვის ერთი წამი მომეგო, ახლა კი ლაპარაკია წამის მეათედებზე - ისიც, გარკვეული გამართლების შემთხვევაში.

- გულშემატკივართა რიცხვი ტრიბუნებზე, აგრეთვე ტელეადიტორია მნიშვნელოვნად მცირდება. რა დამოკიდებულება გაქვთ ამასთან?
- მაყურებელთა ნაკლები რიცხვი ტრიბუნებზე ბილეთებზე მაღალი ფასით არის გამოწვეული. ახლა, ეკონომიკურად რთული დროა და ადამიანები ხარჯის გაღებამდე ორჯერ მეტს ფიქრობენ.

- როგორი იყო ტელეაუდიტორია ჰოკენჰაიმში?
- დაახლოებით ექვსი მილიონი.

- ადრე რამდენი იყო?
- შუმახერის ბატონობის პერიოდში - 10 მილიონი. მაშინ სხვა დრო იყო. მანამდე, გერმანელი პილოტი არასოდეს იბრძოდა ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულისთვის. შემდეგ მოვიდა ყმაწვილი კერპენიდან და ფორმულა 1 ყველასთვის საინტერესო გახდა. ასეთი წარმატებების ფონზე წარმოიქმნა საზოგადოებრივი რეზონანსი, მაგრამ შემდეგ, ინტერესის გარკვეული კლება წარმოიშვა. მიმაჩნია, რომ ჩვენ სოლიდური ბაზა გაგვაჩნია.

- მაგრამ დღეს პელოტონში მსოფლიოს ექვსი ჩემპიონია, მათ შორის ორგზის გამარჯვებული გერმანიიდან.
- დიახ, მაგრამ სებასტიან ფეტელს არ გაუმართლა, რადგან ის სხვა წარმატებული გერმანელის გაკვალულ გზაზე მიდის. ბორის ბეკერმა მოიგო უიმბლდონი და ამან გერმანიაში ნამდვილი საჩოგბურთო ბუმი გამოიწვია, მიხაელ შტიხის წარმატებების მიმართ კი უკვე სხვა დამოკიდებულება იყო.

- ფორმულა 1-ის მიმართ ინტერესის კლება იმით ხომ არ არის გამოწვეული, რომ სულ უფრო რთული გასაგები ხდება წესები?
გულშემატკივრები ვერ ასწრებენ თვალი მიადევნონ DRS-ს, KERS-ს, დიფუზორებს, "სუპერსოფტის" საბურავებსა და ა.შ.

- მაგრამ ისინი ხომ შეეჩვივნენ პიტ-სტოპებს საწვავის შევსებით, კვალიფიკაციის სხვა წესებს...
- ამ ყველაფერს თავად ვხედავთ, მაგრამ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელიც ბევრისთვის გაუგებარია.

- სამაგიეროდ, ახლა გაცილებით მეტ გასწრებას ვხედავთ. ტრასაზე გაცილებით დაძაბული ბრძოლაა, ვიდრე ადრე იყო. მჯერა: გულშემატკივრები ყველაფერში გაერკვევიან.

- თქვენი კარიერის ყველაზე უინტერესო ნაწილი იყო - სამწლიანი პაუზა. როგორ შეიცვალა ამ შესვენების დროს თქვენი შეხედულება სპორტსა და ცხოვრებაზე?
- პირველ რიგში, მაქსიმალური სიამოვნება მივიღე თავისუფლებისგან. საჭირო არ იყო ვარჯიშებზე ფიქრი, შემეძლო უბრალოდ მეჭამა "ჩიფსი" და დამელია ლუდი. მრბოლელები მუდმივად დაკავებულნი არიან საკუთარი თავითა და ფორმულა 1-ით - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მქონდა საქმე აწყობილი. უბრალოდ მინდოდა გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. ოჯახურ ბიზნესსაც კი ვადევნებდი თვალს: რვასაათიანი სამუშაო დღე მქონდა.

- როგორც ჩანს, კმაყოფილი ხართ, რომ ამჟამად ნაკლები ტესტები ტარდება, ვიდრე ადრე.
- აბსოლუტურად. ისეთივე პირობები რომ ყოფილიყო, როგორც ძველ დროს, როცა ტესტებზე 10 ათასი კილომეტრის გავლა მიწევდა, კონტრაქტის გაფორმებას ვერ შევძლებდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი თავისუფლებასა და სამუშაო დროს შორის.

- რა შეგრძნება გქონდათ ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ? გრძნობთ, რომ ახლა პადოკებში უფრო მეტად უყვარხართ?
- ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემაც შემიძლია და უარყოფითიც. ადრეც მყავდა მეგობრები კოლეგებს შორის, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა. ამავდროულად, იყვნენ ისეთებიც, რომლებთან ურთიერთობა შეუძლებელი იყო.

ახლა უფრო მეტ ადამიანთან ვარ გახსნილი. ძველ დროს, საყოველთაო ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული, უნდა გამეკონტროლებინა, რომ ვინმეს სარგებელი არ ენახა ჩემი შემოსავლებისგან. მოკლედ, საკუთარი თავი უნდა დამეცვა. ახლა სიტუაცია შეიცვალა, რადგან ძველებურად აღარ ვდომინირებ.

- მაგრამ მოგვიანებით დადგება ის დრო, როცა ისევ თქვენს დომინირებას ვნახავთ?
- მინდა ეს უფრო მალე მოხდეს, ვიდრე მოგვიანებით.

- ინანებთ ფორმულა 1-ში დაბრუნებას, თუ თქვენი კარიერის მეორე ნაწილი მოგების გარეშე დასრულდება?
- ამას ცუდ შედეგად შევაფასებ. მაგრამ ჩემი დაბრუნების გამო სინანულის გრძნობა არასოდეს მექნება. ბევრ დადებით მომენტს ჰქონდა ადგილი.

- ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ სახეობაში აპირებთ ძალების მოსინჯვას - ჰაერში აპირებთ აფრენას...
- დიახ, სიამოვნებას ვიღებ უმაღლესი პილოტაჟის ფიგურებისგან. ეს მაინტერესებს და ოდესღაც ამას გავაკეთებ, თუნდაც პატარა თვითმფრინავებით.

- თქვენ უკვე იყავით სამხედრო პილოტაჟის ჯგუფის - Starfighter-ის მგზავრი. როგორ მოხდა ეს?
- ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როცა თვითმფრინავი მკვეთრად ეშვება ქვემოთ, გრძნობ, რომ თავი სისხლისგან ცარიელდება. სულ ცოტა გაკლიათ გულის წასვლამდე...

- გადატვირთვა ისეთივეა, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდში?
- განსხვავება სერიოზულია. ტრასაზე სივრცის მხრივ შეზღუდული ხართ, ჰაერში კი ყველაფერი უსაზღვროდაა.

- დავუბრუნდეთ მე-300 გრანპრის და გადავხედოთ თქვენს კარიერას. ვინ იყო თქვენი მთავარი მეტოქე?
- ასეთი ბევრი იყო. მაგრამ თუ ერთის დასახელებას მთხოვთ, მაშინ გეტყვით, რომ არავის მიმართ არ მქონია ისეთი პატივისცემის გრძნობა, როგორც მიკა ჰაკინენისადმი. ტრასებზე ჩვენი გზები მრავალჯერ გადაიკვეთა და ყოველთვის პატიოსანი ბრძოლა გვქონდა.

- თქვენი მთავარი პრიზი?
- რა თქმა უნდა, საჩემპიონო თასი.

- ასეთი შვიდი გაქვთ.
- დიახ, მაგრამ მხოლოდ ერთია ორიგინალური.

- ყველაზე მეტი პატივისცემა ჰაკინენის მიმართ მქონდა
- დიახ. ჩემპიონი იღებს ორიგინალს, მაგრამ შემდეგ აბარებს ავტოსპორტის ფედერაციაში. ჩვენ მხოლოდ ასლს გვაძლევენ. ერთხელ ბერნი ექლსტოუნი დავითანხმე, რომ ჩემთვის ორიგინალი შეენარჩუნებინა. გაუჭირდა დასტურის მოცემა, მაგრამ ბოლოს მაინც წავიდა ამ ნაბიჯზე.

- 43 წლის ხართ. ჯანმრთელობის მხრივ, როგორ გაქვთ საქმე?
- იმ ასაკამდე მივედი, როცა ძვლების ხმა გესმის. მაგრამ, საბედნიეროდ, ჯანმრთელი ვარ. ჩემი ექიმი ყოველთვის მეუბნება: "ბედნიერი ადამიანი ხარ". მე უბრალოდ კარგად ვარ ნავარჯიშები, სხეულის კარგი აღნაგობა მაქვს და ალბათ, ამან გადამარჩინა 2009 წელს, მოტოციკლით მომხდარ ავარიაში. სხვა შემთხვევაში, ტრავმა უფრო სერიოზული იქნებოდა.

- ეს თქვენი ყველაზე სერიოზული ავარიაა?
- ამ მომენტისთვის, დიახ. თავიდან ვერ აღვიქვი მომხდარი. მოვახერხე წამოდგომა და მხოლოდ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ საავადმყოფოში ვიყავი.

- არასოდეს დაგიტოვებიათ სახლი რაიმე აკვიატებული შიშის გრძნობით?
- ასეთი რამ არასოდეს მქონია.

- "მერსედესში" დაბრუნების შემდეგ, დიდად არ გიმართლებთ. თქვენი განცხადება "მერსედესის" ბოლიდით მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებაზე ძალაში რჩება?
- თუ ამ სეზონზე ვილაპარაკებთ, ჩემპიონობაზე ზედმეტია ლაპარაკი. ხოლო რა იქნება შემდეგ წელს, ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი.

- რა გაინტერესებთ ფორმულა 1-ის მიღმა? პრობლემები ევროზონაში, ინფლაცია, სირია - რას განიხილავენ შუმახერების სახლში?
- რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. არ ვლაპარაკობთ მანქანებზე და არც იმაზე, რა გველის მომავალში. კარგა ხნის წინ მოვიპოვეთ ფინანსური დამოუკიდებლობა და გვინდა ის მაქსიმალურად დიდი ხანი შევინარჩუნოთ. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახის მომავლისთვის.

- დარეგისტრირებული ხართ "ფეისბუკში" ან "ტვიტერზე"?
- არა. ასეთი ურთიერთობის დიდი სურვილი არ მაქვს.

- მთელს მსოფლიოში მოგზაურობთ? სად არის საუკეთესო ადგილი?
- როცა დილით ვიღვიძებ და ჩემს ხუთ ძაღლთან ერთად სასეირნოდ მივდივარ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. საუკეთესო ადგილი - ჩემი სახლია.

- რა არის თქვენთის სახლი? თქვენ გადახვედით მონაკოში, შემდეგ შვეიცარიაში. თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ შვეიცარია მშობლიურ ქვეყნად მიგაჩნიათ, დიდი ხმაური გამოიწვია.
- მე ვცხოვრობ შვეიცარიაში და სავარაუდოდ, შვეიცარიას ჩვენი ცხოვრების ცენტრად მივიჩნევ. ჩემი ქვეყანა იქ არის, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობ იმ ქვეყანაზე, სადაც დავიბადე, გავატარე ბავშვობა, სადაც ჩემი მეგობრები და ნათესავები ცხოვრობენ. თუ მე შვეიცარიას მშობლიურ ქვეყანას ვუწოდებ, ჩემი გული ყოველთვის გერმანიაში რჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული