გრანდიოზული ავარია ბელგიის გრანპრიზე [VIDEO]

AutoSharing Option
ერთთვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი ბელგიის გრანპრით განახლდა და მას სკანდალური დასაწყისი ჰქონდა - გრანდიოზული ავარიის გამო ბრძოლას გამოეთიშა ჩემპიონატის ლიდერი... (იხილეთ ვიდეო)

სასტარტო ბილიკი
პილოტთა განლაგება ბელგიის გრანპრის სტარტზე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჯენსონ ბატონმა "მაკლარენის" ბოლიდით კარიერაში პირველი პოული მოიპოვა; მეორე დრო (კარიერაში საუკეთესო) აჩვენა კამუი კობაიაშიმ; პოულის შარშანდელმა მფლობელმა და გამარჯვებულმა სებასტიან ფეტელმა კი კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში გადასვლა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, სტიუარდებმა სამი პილოტი დააჯარიმეს - მარკ უებერმა და ნიკო როსბერგმა ხუთ-ხუთი პოზიცია დაკარგეს გადაცემათა კოლოფის შეცვლის
გამო. მესამე დროის მფლობელმა პასტორ მალდონადომ კი მეექვსე პოზიციიდან აიღო სტარტი მეტოქის ბლოკირების გამო.

რბოლა
საერთოდ, ბელგიის გრანპრი მოსაწყენი არასოდეს არ არის, 2012 წლის ეტაპზე კი პირველივე მოსახვევში მომხდარი მოვლენები იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გულშემატკივრებს დიდი ხნით დაამახსოვრდეთ 2 სექტემბერს გამართული რბოლა.

საქმე ისაა, რომ კვლავ "გამოიჩინა" თავი პირველი მეტრების ანტიგმირმა რომენ გროსჟანმა: ფრანგმა სარკეში ჩახედვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ლუის ჰემილტონს გზა გადაუჭრა. მათი ბოლიდები ერთმანეთს შეეჯახნენ და ავარიაში ჩაითრიეს სერხიო პერესი და ფერნანდო ალონსო.

თანაც, გროსჟანის "ლოტუსმა" ალონსოს თავთან ახლოს ჩაიფრინა. საბედნიეროდ, არასასიამოვნო პაუზის შემდეგ ესპანელი დამოუკიდებლად ამოვიდა ბოლიდიდან. ჰემილტონმა კი სრულიად სამართლიანად დაუწყო ჭკუის დარიგება გროსჟანს - კარგია, რომ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე არ მივიდა.

სასტარტო აურზაურის შემდეგ ბატონმა დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა. მის უკან კი კიმი რაიკონენი აღმოჩნდა. შემდეგ მოდიოდა ორი "ფორს ინდია", მათ მოჰყვებოდა რბოლის იუბილარი მიხაელ შუმახერი (მე-300 გრანპრის ატარებდა).

ცოტა ხნის შემდეგ ნიკო ჰიულკენბერგმა ისარგებლა რაიკონენის საბურავებთან დაკავშირებული პრობლემებით და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ერთი წრის შემდეგ იგივე მანევრი გაიმეორა შუმახერმა და კიმი ბოქსებში გაეშურა. ამასობაში ბატონი მშვიდად და დამაჯერებლად ლიდერობდა, რითაც სპას რბოლამ მოსაწყენი ხასიათი მიიღო.

პირველ ათეულში აქტიურობდა ბრუნო სენა, რომლის შესანიშნავი მაქსიმალური სიჩქარე გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა მარკ უებერისთვის. ამ უკანასკნელს შემდეგ თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა გაუსწრო.

ლიდერებმა სხვადასხვა ტაქტიკა აირჩიეს. ბატონი და ფეტელი თითო პიტ-სტოპით შემოიფარგლნენ. თითქოს იგივეს აკეთებდა შუმახერი, მაგრამ ფინიშთან ახლოს მიხაელი მაინც შევიდა მეორედ ბოქსებში: იმ მომენტში გერმანელს დაეწია მჭიდრო ჯგუფი რაიკონენის, ჰიულკენბერგის, უებერისა და ფელიპე მასას შემადგენლობით.

მიხაელმა ძალიან გააწვალა რაიკონენი და ჰიულკენბერგი, მაგრამ მაინც გაატარა ისინი და საბურავების შეცვლა გადაწყვიტა: მცირე იყო უებერისა და მასას იერიშების მოგერიება. სხვათა შორის, ამ წყვილის ბრძოლაში ფელიპემ მოულოდნელად ავსტრალიელს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გავიდა.

საბურავებთან დაკავშირებული სასტარტო პრობლემების შემდეგ რაიკონენმა ორი პიტ-სტოპის ტაქტიკით მაინც შეძლო მესამე ადგილზე გადასვლა. ერთი პირობა ისე ჩანდა, რომ "ლოტუსის" პილოტს ფეტელის გასწრებაც შეეძლო, მაგრამ კიმიმ მიხაელის უკან ბევრი დრო დაკარგა და ისე გამოვიდა, რომ მიხაელი თანამემამულეს დაეხმარა.

თუმცა რბოლის დროს შუმახერი არა მარტო ეხმარებოდა ფეტელს, არამედ ხელსაც უშლიდა. პირველი პიტ-სტოპის წინ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ბოლომდე ებრძოდა სებასტიანს, გვარიანად ანერვიულა თანამემამულე და ბოლოს გზა მოუჭრა პიტ-ლეინზე შესვლის დროს. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იყო. როგორც ყოველთვის, სპაზე შუმახერი ეფექტურია.

საერთო ჯამში, შუმახერის მეორე პიტ-სტოპის შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდა. დაწინაურებული ბატონი ყველას დაავიწყდა, რაიკონენი ვერ უახლოვდებოდა ფეტელს, ჰიულკენბერგი დიდი მანძილით დაშორდა მასასა და უებერს.

შუმახერმა თითქოს სცადა ავსტრალიელის დაწევა, მაგრამ შემდეგ ტემპი დააგდო. გერმანელის უკან სენა მოძრაობდა, მაგრამ ფინიშთან ახლოს, მის "უილიამსზე" საბურავები თითქმის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და ბრაზილიელს ვერნმა, რიკიარდომ და დი რესტამ გაუსწრეს.

იგივე შეიძლება ითქვას როსბერგზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მას თითქმის ყველა წრეზე ასწრებდნენ. საბოლოოდ, ნიკო მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.

თუ უქმეების შედეგებს შევაფასებთ, გროსჟანმა, მისდა უნებურად, ჩემპიონატის ინტრიგაზე იმუშავა: ალონსო სეზონში პირველად გამოეთიშა რბოლას და მასთან ჩამორჩენა 24 ქულამდე შეამცირა ფეტელმა. ასევე მეტ-ნაკლებად ახლოს არიან უებერი და რაიკონენი.

ჯარიმა
გროსჟანმა კი თავისი გაუფრთხილებელი საქციელის გამო მეტად მკაცრი სასჯელი მიიღო - ის გამოტოვებს შემდეგ რბოლას იტალიის მონცაზე, თან 50 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

"სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ლუისს გავასწარი, მაგრამ ეს ასე არ იყო. ამიტომაც უნდა გამოვასწორო მანქანის გაბარიტის ჩემეული ხედვა. ყველაზე მეტად საკუთარ თავზე იმის გამო ვბრაზობ, რომ ვერ შევაფასე ჰემილტონის მანქანამდე მანძილი.

ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ და ეს კარგად ვიცი. აღარ მინდა, სეზონის ბოლო რბოლებში ჩემი მიზეზით ავარიები მოხდეს. ამიტომაც შევისწავლი სიტუაციას და შევეცდები, შეცდომები აღარ გავიმეორო. ხანდახან მე არ მიმართლებდა, ხან თავად ვუშვებდი შეცდომებს, მაგრამ დროა, ამას ბოლო მოეღოს", - განაცხადა გროსჟანმა.

რაც შეეხება იტალიის გრანპრიზე მის შემცვლელს, სავარაუდოდ, ეს იქნება "ლოტუსის" სარეზერვო პილოტი ჟერომ დამბროზიო.

ბელგიის გრანპრი. XII ეტაპი
სპა (44 წრე, 308.052 კმ)
1(1). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:29.08,530 (1 პიტ-სტოპი)
2(10). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +13,624 (1)
3(3). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +25,334 (2)
4(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +27,843 (2)
5(14). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +29,845 (2)
6(12). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +31,244 (2)
7(13). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +53,374 (2)
8(15). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +58,865 (2)
9(16). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.02,982 (2)
10(9). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.03,783 (2)
11(23). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +1.05,111 (2)
12(17). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +1.11,529 (2)
13(2). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.56,119 (3)
14(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (2)
15(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (2)
16(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (1)
17(18). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)
18(21). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე (3)
19(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 12 წრე
20(6). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 39 წრე
21(4). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 44 წრე
22(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 44 წრე
1(7). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 44 წრე
3(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 44 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 164 (3 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 140 (1); 3. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 132 (2); 4. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 131; 5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 117 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 101 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 77 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 76; 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 47; 10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 35; 10. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 35; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 33; 13. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 31; 14. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 15. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 28; 15. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 24; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 8; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 4.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 272; 2. მაკლარენი - 218; 3. ლოტუსი - 207; 4. ფერარი - 199; 5. მერსედესი - 112; 6. ზაუბერი - 80; 7. ფორს ინდია - 59; 8. უილიამსი - 53; 9. ტორო როსო - 12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული