ფერნანდო ალონსოს ბოლომდე "ფერარიში" უნდა ყოფნა

AutoSharing Option
ბელგიის გრანპრის შემდეგ გენერალურ კლასიფიკაციაში ფერნანდო ალონსოს უპირატესობა უახლოეს კონკურენტთან 40-დან 24 ქულამდე შემცირდა.

"ფერარის" პილოტს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში საჩემპიონო ტიტულს ექვსი პრეტენდენტი გაითამაშებს...

"ვფიქრობ, კონკურენცია დაახლოებით ერთ დონეზე დარჩება. ჩემპიონატის დამთავრებამდე კიდევ ორი თვეა და ამ დროის განმავლობაში უსწრაფეს მანქანებს ვერ დავეწევით. ამიტომაც ჩვენ სტაბილური ავტომობილი გვჭირდება. ვიცით, რომ ცალკეულ რბოლებში "მაკლარენის" პილოტები ძლიერები იქნებიან და შეძლებენ გამარჯვებას. გამორიცხული არ არის, ცალკეულ რბოლებში ჩვენც განვაცხადოთ პრეტენზია მოგებაზე. იგივე ითქმის "რედ ბულზე"...

ჩემი აზრით, სიტუაციაში, როცა გამარჯვებაზე პრეტენზიას რამდენიმე
პილოტი აცხადებს, ჩვენ უპირატესობა გაგვაჩნია. საერთო ჩათვლაში ჩემი პოზიცია ერთი შეცდომის უფლებას მიტოვებს, მეტოქეებს კი შეცდომა არ ეპატიებათ. ვფიქრობ, ეს ფაქტორი მათზე ერთგვარი ზეწოლაა.

მიმაჩნია, რომ ამჟამად ჩემპიონობის ექვსი კანდიდატი არსებობს: "მაკლარენიდან" ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი, "რედ ბულიდან" სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი, აგრეთვე კიმი რაიკონენი "ლოტუსიდან" და მე. დარწმუნებული ვარ, უახლოესი ორი-სამი რბოლის შემდეგ ეს რიცხვი ორ-სამ პილოტამდე შემცირდება. დგება ჩემპიონატის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტი", - ამბობს ალონსო.

ფერნანდომ აღიარა, რომ, შესაძლოა, 2016 წლის შემდეგაც დარჩეს "სკუდერიას" რიგებში. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის ლიდერს იტალიურ საჯინიბოსთან 2016 წლის ბოლომდე აქვს ხელშეკრულება.

"ჯერ ნაადრევია 2017 წელზე ფიქრი. არ ვიცი, რა ხასიათზე ვიქნები იმ პერიოდში და მექნება თუ არა საკმარისი მოტივაცია. თუ ისევ მომინდება გამარჯვება, რბოლებს გავაგრძელებ. და მინდა, ეს სწორედ "ფერარიში" გავაკეთო.

თუ ვიგრძნობ, რომ გაჩერების დრო მოვიდა და სხვა ცხოვრების დაწყებაა საჭირო, შემიძლია შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მომენტში მივიღო", - ამბობს ალონსო სააგენტო EFE-სთან კომენტარში.

ფრანგები ბრუნდებიან
საფრანგეთის ავტოსპორტის ფედერაციამ განაცხადი შეიტანა ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2013 ჩემპიონატის კალენდარში მანი-კურის ეტაპის დამატებაზე, - ამ ინფორმაციას გაზეთი "ეკიპი" აქვეყნებს.

გარდა ამისა, მომავალ კვირას ასეთივე განაცხადს შეიტანს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში "პოლ რიკარის" ავტოდრომი. ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის გრანპრი ამ ტრასებზე მონაცვლეობით ჩატარდება.

არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუ ორივე ტრასის განაცხადს არ დააკმაყოფილებენ. მაშინ საფრანგეთის გრანპრი რომელიმე ქვეყანასთან ერთად მონაცვლეობით გაიმართება.

2013 წლის ჩემპიონატის კალენდრის პროექტი ამა წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.

ლე მანი ერთი კვირით გადაწიეს
ლე მანის 24-საათიანი ავტომარათონის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს საგაისო რბოლის თარიღის შეცვლის შესახებ. 2013 წელს შეჯიბრი 15-16 ივნისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მარათონი 22-23 ივნისს ჩაივლის. ოფიციალური სატესტო დღე 9 ივნისი იქნება.

რბოლა ერთი კვირით ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის თხოვნით გადაიტანეს. ამ ორგანიზაციას საავტომობილო შეჯიბრებათა მსოფლიო კალენდრის ოპტიმიზაცია სურს.
პირველად ლე მანის 24-საათიანი რბოლა 1923 წელს გაიმართა და გაისად ეს მარათონი 90-ედ ჩატარდება.

BMW-ს ფორმულა არ აინტერესებს
გერმანული კონცერნი BMW არ აპირებს უახლოეს წლებში ფორმულა 1-ში დაბრუნებას. ამის შესახებ კომპანიის ავტოსპორტის განყოფილების შეფმა იენს მარკვარდტმა განაცხადა.

"ამგვარი გეგმები არ გვაქვს. 2009 წლის ივლისში ცალსახა გადაწყვეტილება მივიღეთ და მის შეცვლას არ ვაპირებთ. რბოლებში მონაწილეობის კარგი პროგრამა გვაქვს და არ ვაპირებთ უახლოეს პერსპექტივაში მის შეცვლას", - ამბობს მარკვარდტი.

თავდაპირველად, BMW ფორმულა 1-ის გუნდებს ძრავებს აწვდიდა, 2006-09 წლებში კი "ზაუბერი" შეიძინა და საქარხნო გუნდით გამოდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული