ლუის ჰემილტონი - თითქმის "მერსედესში"!

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გაავრცელაინგლისურმა პრესამ - "მერსედესი" ახლოსაა ლუის ჰემილტონის გაფორმებასთან. ამ საკითხის ყველა დეტალის განხილვა, შესაძლოა, სინგაპურის გრან პრისთვის დასრულდეს.

ამის შემდეგ გამოცხადდება იმის შესახებ, სად გააგრძელებს კარიერას "მაკლარენის" პილოტი.

იტყობინებიან, რომ გერმანული საჯინიბო ჰემილტონს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის საერთო ღირებულება 60 მილიონ ფუნტს შეადგენს.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც "მაკლარენმა" ახალი კონტრაქტი შესთავაზა ბრიტანელს ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირებით. ამასთან, ლუისს დიდი სურვილი აქვს ითანამშრომლოს "მერსედესის" შეფთან როს ბრაუნთან.

პილოტი მიიჩნევს, რომ უმსხვილესი ავტომწარმოებელი და მისი მენეჯერი ჰემილტონს კონკურენტუნარიან ბოლიდს
შესთავაზებს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ჰემილტონის სავარაუდო ტრანსფერი იმითაც არის განპირობებული, რომ "მერსედესი", "ფერარისთან" და "რენოსთან" ერთად ამუშავებს V-ტიპის ექვსცილინდრიან ძრავას, რომლის გამოყენებას 2014 წლის სეზონიდან აპირებენ.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის ლაპარაკობდნენ "მერსედესის" "დიდი პრიზიდან" წასვლაზე. როგორც გერმანული პრესა წერს, "დაიმლერ ბენცის" კონცენრის დირექტორთა საბჭო უკმაყოფილო დარჩა გუნდის ბოლო შედეგებით. სამი წლის განმავლობაში, "მერსედესმა" მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ბევრს მიაჩნია, რომ "მერსედესის" შედეგების კლება იმით არის გამოწვეული, რომ საჯინიბოს ხელმძღვანელობა შეცდა ჯენსონ ბატონის წასვლის შემდეგ, ლიდერი პილოტის არჩევაში. როს ბრაუნმა ეს ვაკანსია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მიხაელ შუმახერს ჩააბარა, რომელიც სამწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა დიდ სპორტში და დუეტი შეადგინა თანამემამულე ნიკო როსბერგთან.

მაგრამ შუმახერისა და როსბერგის წყვილმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ნიკოს ანგარიშზეა. 2010 და 2011 წლებში გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში, წელს კი მეხუთე ადგილზეა და "ლოტუსს" 84 ქულით ჩამორჩება.

როს ბრაუნს მიაჩნია, რომ სწორედ ჰემილტონია ის ადამიანი, რომელიც დაეხმარება მის გუნდს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის ადგილს დაიკავებს "მერსედესში" ლუისი. ამ მხრივ, საინტერესოა "ბილდის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. გამოცემის ცნობით, გუნდი მიხაელ შუმახერს მხოლოდ 2013 წლისთვის სთავაზობს კონტრაქტს, იმ დროს, როცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ითხოვს ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას მისი ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ამასთან, "ბილდი" წერს, რომ პილოტსა და გუნდს შორის ფინანსურ საკითხებზე კამათი არ არის. ექსპერტთა შეფასებით, ამჟამად შუმახერი წელიწადში 21 მილიონ ევროს იღებს.

"მერსედესის" ხელმძღვანელი ნორბერტ ჰაუგი ადასტურებს მოლაპარაკების მსვლელობას: "გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, მოლაპარაკებები გრძელდება. იმედია, შედეგებზე ოქტომბერში გამოვაცხადებთ".

* * *
გარდა ამისა, ერთი საინტერესო ჭორი გავრცელდა, რომელიც "ფერარის" ახალ პილოტს ეხება.

იტყობინებიან, რომ იტალიურ საჯინიბოში ფელიპე მასა, შესაძლოა, "კატერჰემის" წევრმა ჰეიკი კოვალაინენმა შეცვალოს.

იგივე წყარო იმასაც იუწყება, რომ უახლოეს დღეებში ფინელის მენეჯერი მარანელოში გაემგზავრება, სადაც განიხილავს თავისი კლიენტის კონტრაქტის დეტალებს "ფერარისთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული