16 სექტემბერს საყოველთაო ყურადღება მიიპყრო გაზეთმა "დეილი მეილიმ". აი, რას წერს ის:
"მაკლარენის" ხელმძღვანელთა მოლაპარაკებები ლუის ჰემილტონთან კრიზისულ წერტილამდე მივიდა და გუნდი მზად არის, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი სერხიო პერესით შეცვალოს".
ერთი კვირის წინ ბრიტანულ საჯინიბოში აცხადებდნენ, რომ მათ "ბ" გეგმა არ აქვთ და ჰემილტონის გაშვებას არ აპირებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, "მაკლარენში" მოთმინებას კარგავენ, რადგან ლუისის მენეჯმენტს მოლაპარაკებებისას არაკონსტრუქციული პოზიცია უკავია, ხოლო პერესისთვის ასეთი სახელოვანი გუნდისგან წინადადება კარიერაში აშკარად
"ლუისი ცეცხლთან თამაშობს, - ამბობს "დეილი მეილთან" კომენტარში ინკოგნიტო წყარო. - "მაკლარენიდან" წასვლა სრული სიგიჟე იქნება. თუ მას სურს გაიგოს, რა ხდება, როცა პილოტი ტოპ-გუნდიდან ფულის გამო მიდის, მაშინ Google-ში ჟაკ ვილნევის სახელი აკრიფოს".
კომპანია XIX Entertainment, რომელიც პასუხისმგებელია ჰემილტონის კარიერაზე, ითხოვს, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, მის კლიენტს ჰქონდეს საკუთარი ბრენდის განვითარების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ლუისს ვალდებულებები აქვს "მაკლარენის" სპონსორებთან, რომელთა რიცხვი სამ ათეულს აღწევს.
McLaren Group-ის ხელმძღვანელისთვის, რონ დენისისთვის ეს მიუღებელია. მისი კომპანია ყოველთვის დამოკიდებული იყო კომერციულ პარტნიორებთან ურთიერთმომგებიან ურთიერთობაზე.
გაზეთი წერს, რომ "მაკლარენში" ლუისს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომელიც 45 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ამას ემატება ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივა.
"მერსედესის" შეთავაზება უფრო მომხიბვლელია - სამ წელიწადში 60 მილიონი ფუნტი და საკუთარი ბიზნესის განვითარების უფლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"