მიხაელ შუმახერი ჩემპიონთა რბოლის ერთგულია

AutoSharing Option
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი მეშვიდედ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა რბოლაში, რომელიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 15-16 დეკემბერს გაიმართება. გერმანიის გუნდში "ფერარის" პილოტის თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი იქნება.

"ტაილანდში ადრე არასოდეს გამოვსულვარ. ასე რომ, ბანგკოკში ჩემპიონთა რბოლა საინტერესო დამატება იქნება ჩემი სპორტული მოგზაურობისთვის. წელს გერმანიის ნაკრები საკუთარი კედლების უპირატესობას ვეღარ მიიღებს, მაგრამ მე და სებასტიანი ისედაც კარგად ვართმევდით თავს ამოცანას ლონდონსა და პეკინში. ამიტომაც, იმედია, რომ ეს ვერ შეგვაჩერებს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ჩემპიონთა რბოლაში რეგულარულად გამოვდივარ - ის ყოველთვის საინტერესო
გამოდის. აქ დაბრუნება იმის გამო მსურს, რომ სიამოვნებას ვიღებ ბრძოლისგან და სხვა პილოტებთან ურთიერთობისგან. თანაც, სტადიონზე რბოლა - უნიკალური მოვლენაა. სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ჩვენთან ასე ახლოს არიან", - ამბობს შუმახერი.

შეგახსენებთ, რომ შუმახერი და ფეტელი უკვე რამდენიმე წელია, არავის უთმობენ პირველობას გუნდურ შეჯიბრში.

* * *
შუმახერთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ლეგენდარულმა პილოტმა ახალი პირადი სპონსორი იპოვნა - გერმანელის პარტნიორი იქნება კომპანია Erlinyou, რომელიც ნავიგატორების შექმნაში სპეციალიზდება. თანამშრომლობის რანგში მიხაელი მონაწილეობას მიიღებს ახალი ნავიგატორის შექმნაში - ის გააანალიზებს მონაცემებს და საკუთარ იდეებს მიაწვდის კომპანიას.

Bild-ის მონაცემებით, აღნიშნული კონტრაქტი შუმახერს დაახლოებით 7.5 მილიონ ევროს მოუტანს. ჩინური კომპანიის გარდა, მიხაელის პირადი სპონსორები არიან - Deutsche Vermagensberatung (DVAG), Jet Set, Navyboot, Audemars Piguet, Schuberth და Rosbacher.

გერმანელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ახალ სპონსორთან მრავალმილიონიანი კონტრაქტის გაფორმება იმას ნიშნავს, რომ მიხაელი ფორმულა 1-ში გამოსვლის გაგრძელებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული