მოაშორეთ მიხაელ შუმახერი!

AutoSharing Option
კვირას გამართული სინგაპურის გრანპრის სტიუარდებმა განიხილეს მიხაელ შუმახერისა და ჟან-ერიკ ვერნის ავარიის ეპიზოდი. ამ ინციდენტში დამნაშავედ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი სცნეს, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა ბოლიდთან დაკავშირებით. შუმახერმა მეტად მკაცრი სასჯელი მიიღო - მომდევნო გრანპრიზე, რომელიც იაპონიაში გაიმართება, მიხაელი ათ პოზიციას დაკარგავს იმ ადგილთან დაკავშირებით, რომელსაც ის კვალიფიკაციაზე მოიპოვებს.

გერმანელი პილოტის ბოლოდროინდელი გამოსვლები მკაცრად გააკრიტიკა ცნობილმა ექსპერტმა, საჯინიბო "მინარდის" ყოფილმა მენეჯერმა ჯანკარლო მინარდიმ.

"როსბერგმა ისევ ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და სინგაპურში მეხუთე ადგილი
დაიკავა. ნიკოს მონდომებით, "მერსედესი" მეხუთე ადგილს იკავებს კონსტრუქტორთა თასზე და გუნდს ორი როსბერგი რომ ჰყავდეს, მაშინ ოთხეულში შესვლისთვის იბრძოლებდა.

გუნდის ტექნიკური პერსონალის რეაქცია მიხაელის ავარიაზე საჩვენებელი იყო. ვფიქრობ, მოვიდა ცვლილებების დრო. თუმცა რთული იქნება შუმახერის ლუის ჰემილტონით შეცვლა, რადგან ბოლო სამი წელია, "მაკლარენი" ძალიან სწრაფია და მისი დატოვება ბრიტანელმა, შესაძლოა, არ მოისურვოს. თუ "მერსედესს" სურს სერიოზული პროგრესის მიღწევა, მაშინ უნდა შეინარჩუნოს როსბერგი და მას შეუწყვილოს რომელიმე ახალგაზრდა პილოტი, მაგალითად, დი რესტა.

სინგაპურში უქმეები ჰემილტონის კარნახით მიდიოდა. ლუისი ერთადერთი იყო, ვინც შეძლო ფეტელის გასწრება. მან ფანტასტიკური წრე გაიარა კვალიფიკაციაში და დამაჯერებლად ლიდერობდა რბოლაში - რომ არა გადაცემათა კოლოფის პრობლემა, ის აუცილებლად პირველი მივიდოდა ფინიშთან. ფეტელს სერიოზულ რისკზე წასვლა უწევდა იმისთვის, რომ ბრიტანელის ტემპში ევლო.

კარგი რბოლა ჰქონდა ფელიპე მასას. სამწუხაროდ, პელოტონის სიღრმიდან სტარტი ყოველთვის ავარიის რისკს შეიცავს - ფელიპემ უკან დაიხია, მაგრამ შემდეგ, კარგი სტრატეგიის წყალობით, მერვე მივიდა ფინიშთან; თან არაერთი ეფექტური გასწრება შეასრულა. როგორც ჩანს, ისევ ვხედავთ ძველ მასას.

უქმეების წარუმატებელი დასაწყისის შემდეგ ფერნანდო ალონსოს მესამე ადგილი კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ მარანელოში უნდა იპოვონ რამდენიმე ათეული წამით ტემპის გაუმჯობესების რესურსი, რათა დაეხმარონ ფერნანდოს - არ შეიძლება მუდმივად სასწაულის იმედად ყოფნა.

ტიტულზე ოთხი პილოტი აცხადებს პრეტენზიას და ალონსოს 29-ქულიანი უპირატესობა ფეტელზე, შესაძლოა, საკმარისი იყოს საბოლოო გამარჯვებისთვის, ოღონდ თუ "ფერარი" შეძლებს ტემპის მომატებას", - ამბობს მინარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული