საგულისხმო სტატისტიკა

AutoSharing Option
სინგაპურის გრანპრის შემდეგ Forix-ის ცნობილმა საენციკლოპედიო ბაზამ ახალი სტატისტიკური მონაცემები მოგვაწოდა.

ალონსოს ლიდერობა
- სეზონის დასრულებამდე ექვსი რბოლით ადრე, ფერნანდო ალონსოს 29-ქულიანი უპირატესობა აქვს სებასტიან ფეტელთან, რომელიც მეორე ადგილს იკავებს გენერალურ კლასიფიკაციაში. ესპანელი რთულ სიტუაციაში და შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიანი ბოლიდით სტაბილურად აგრძელებს კარგი შედეგების ჩვენებას და ეს მან სინგაპურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა კარიერაში 81-ედ ავიდა პოდიუმზე.

- ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ესპანელმა პოდიუმს ჰემილტონისა და მალდონადოს გავარდნის გამო მიაღწია, ხოლო მონცაში სამეულში იმის წყალობით მოხვდა, რომ ბატონი გამოეთიშა ბრძოლას.
ალონსოს არაერთხელ უთქვამს, რომ “ფერარიმ” უნდა მოუმატოს იმისთვის, რომ სეზონი ტიტულით დაასრულოს და სტატისტიკაც ამას ადასტურებს - გერმანიაში გამარჯვების შემდეგ ფერნანდო ერთი წრე არ ყოფილა ლიდერი.

- ამასთან, ალონსო კონკრეტული გრანპრის დროს სტაბილურად ამარცხებს საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფ კონკურენტს – ასეთი რამ განვლილი 14 რბოლიდან ცხრა შემთხვევაში მოხდა.

უიღბლო გამარჯვებულები
- ლუის ჰემილტონი წლევანდელი სეზონის უცნაური ტენდენციის მორიგი მსხვერპლი გახდა - პილოტი, რომელიც პირველი მიდის ფინიშთან, მომდევნო გრანპრიზე წარუმატებლად გამოდის. 2012 წელს ჯერ არავის მოუგია ზედიზედ ორი ეტაპი. უფრო მეტიც, ექვს შემთხვევაში წინა რბოლის ტრიუმფატორი შემდეგ გრანპრიზე საერთოდ ვერ მიდიოდა ფინიშთან.

- ამ მხრივ, ყველაზე მეტად არ უმართლებდა ჰემილტონს, რომელიც სამი ეტაპის მოგების შემდეგ მომდევნო რბოლაში ბრძოლას ეთიშებოდა.

კვალიფიკაცია
- კარიერაში 24-ე პოულის მოგებით, ლუის ჰემილტონი ყველა დროის სიაში მეათე ადგილზე მყოფ ნელსონ პიკეს გაუთანაბრდა.

- სინგაპურში “მაკლარენის” მრბოლელებმა ზედიზედ მეოთხე პოული მოიპოვეს - ეს 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა მიკა ჰაკინენმა ზედიზედ ექვსი რბოლა დაიწყო პირველი პოზიციიდან.

რბოლა
- სებასტიან ფეტელმა შეწყვიტა ცხრარბოლიანი მოუგებელი სერია, რომელიც აპრილში გამართული ბაჰრეინის გრანპრიდან დაიწყო. ეს მის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი წარუმატებელი სერიაა.

- გერმანელმა კარიერაში 23-ე გამარჯვება მოიპოვა და გაუთანაბრდა ნელსონ პიკეს, რომელიც ყველა დროის შესაბამის რეიტინგში მეათე ადგილზეა.

- ფეტელმა მხოლოდ მეორედ მოიგო კარიერაში რბოლა, როცა პოულის მფლობელი არ იყო. პირველი ასეთი გამარჯვება 2010 წელს, მალაიზიაში შედგა და მაშინაც გერმანელმა მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი.

- ჯენსონ ბატონი კარიერაში 48-ედ ავიდა პოდიუმზე და ყველა დროის რეიტინგში ლუის ჰემილტონსა და გერჰარდ ბერგერს გაუთანაბრდა.

- მეოთხე ადგილზე გასულმა პოლ დი რესტამ კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. თავისი წინა საუკეთესო შედეგი - მეექვსე ადგილი მან ასევე სინგაპურში მოიპოვა (ერთი წლის წინ).

- პირველად კარიერაში ნიკო ჰიულკენბერგმა საუკეთესო წრე დააფიქსირა და ასეთი რამ “ფორს ინდიას” ისტორიაში მეორედ მოხდა - პირველი 2009 წელს, იტალიის გრანპრიზე ადრიან სუტილს ჰქონდა. წელს შვიდი გუნდის ცხრა პილოტს ჰქონდა საუკეთესო წრე და მათ შორის არ არიან “ფერარის” წევრები.

- მიხაელ შუმახერმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა სინგაპურის გრანპრიში და კვალიფიკაციაში ყოველთვის ათეულში ხვდებოდა, მაგრამ სამივე შემთხვევაში, რბოლის დროს, ლეგენდარული გერმანელი ავარიაში ხვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული