დიდი ამბები ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე

AutoSharing Option
28 სექტემბერს, ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე დიდი ამბები ხდებოდა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "მაკლარენმა" გამოაცხადა მექსიკელი სერხიო პერესის გადაბირების შესახებ. სწორედ "ზაუბერის" პილოტმა უნდა შეცვალოს ლუის ჰემილტონი და გახდეს 2013 წლის სეზონში ჯენსონ ბატონის მეწყვილე.

"აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ "მაკლარენის" პილოტი გავხდი. ბრიტანული საჯინიბო - ფორმულა 1-ის ისტორიის ერთ-ერთი უდიადესი ნაწილია. უკვე 40 წელია "მაკლარენი" არის გუნდი, რომელში მოხვედრაც ყველას სურს.

"მაკლარენის" ბოლიდით აირტონ სენას ტრიუმფების ცქერით ვიზრდებოდი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მათ მე ამირჩიეს ჯენსონის მეწყვილედ 2013 და
შემდეგ წლებში"
, - განაცხადა პერესმა, რომელიც წელს სამჯერ იყო პოდიუმზე და გენერალურ კლასიფიკაციაში მეცხრე ადგილს იკავებს.

"მაკლარენის" ყველა თანამშრომლის სახელით, მივესალმები სერხიოს ჩვენს რიგებში. 2012 წელს მისმა გამოსვლამ დაგვარწმუნა, რომ ის ძალიან პერსპექტიული პილოტია.

ეს იყო ფანტასტიკური სისწრაფის დემონსტრირება, რაც სამ პოდიუმსა და მონაკოში სწრაფ წრეში გამოიხატა"
, - ამბობს "მაკლარენის" შეფი მარტინ უიტმარში.

* * *
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, "მერსედესმა" გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია. გერმანელებმა დაადასტურეს, რომ 2013 წლიდან ამ გუნდში იასპარეზებს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი.

ბრიტანელი მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს და ნიკო როსბერგის ახალი მეწყვილე გახდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჰემილტონის კონტრაქტი სამწლიანი იქნება და ლუისს 97.5 მილიონ დოლარს მოუტანს.

"მოვიდა ახალი გამოწვევის მიღების დრო და მოხარული ვარ "მერსედესის" შემადგენლობაში ახალი სარბოლო კარიერის დაწყებით.

"მერსედეს-ბენცს" ავტოსპორტში უმდიდრესი ტრადიციები გააჩნია, ასევე აზარტი, რომელსაც მე ვიზიარებ. ჩვენ ერთად შევძლებთ განვითარებას იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს.

მჯერა, რომ შევძლებ ამ გუნდს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო",
- განაცხადა ჰემილტონმა.

"ასეთი რანგის პილოტის გადმოსვლა ფორმულა 1-ში "მერსედესის" საჯინიბოს დიდ ავტორიტეტზე მიუთითებს. მიმაჩნია, რომ ლუისისა და ნიკოს თანამშრომლობა ყველაზე დინამიური იქნება მომავალ წელს.

მოუთმენლად ველი იმ შედეგებს, რომლის მიღწევაც ერთად შეგვიძლია"
, - ეს "მერსედესის" შეფის როს ბრაუნის სიტყვებია.

საინტერესოა, რომ "მერსედესში" არაფერი უთქვამთ მიხაელ შუმახერის მომავალზე. დიდ სპორტში დაბრუნებიდან სამი წლის განმავლობაში, გერმანელი მხოლოდ ერთხელ ავიდა პოდიუმზე და ყოველ სეზონში აგებდა ნიკო როსბერგთან.

"ამ გუნდში სამი სასიამოვნო წელი გავატარე, თუმცა სპორტული თვალსაზრისით თანამშრომლობა არც ისე წარმატებული იყო.

ლუისს ყველაფერს კარგს ვუსურვებ, გუნდს - წარმატებას, რომლის მისაღწევად ბევრს ვმუშაობდით. ახლა, სეზონის დარჩენილ რბოლებზე ვარ კონცენტრირებული"
, - განაცხადა შუმახერმა.

მიხაელს არაფერი უთქვამს თავისი მომავლის შესახებ, თუმცა "მერსედესში" ლუისის მისვლა არ ნიშნავს შუმის ავტომატურად პენსიაში გასვლას.

Autosport-ის ინფორმაციით, სინგაპურის გრანპრის დღეებში გერმანელის მენეჯერი საბინ კემი დიდი ხანი ელაპარაკებოდა "ზაუბერის" წარმომადგენლებს.

შვეიცარიულ გუნდში უკვე არის ერთი ვაკანტური ადგილი სერხიო პერესის "მაკლარენში" გადასვლის შემდეგ. თავად პეტერ ზაუბერმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის შუმახერს თავის გუნდში ადგილი შესთავაზოს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ინფორმაცია "მერსედესთან" დაკავშირებით. ამ გუნდის დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა და ის არაღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

"ლაუდას გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს", - წერია "მერსედესის" პრესრელიზში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული