იაპონიის გრანპრი: ფორმულა 1-ში მეთხუთმუტე უქმეები დაიწყო

AutoSharing Option
5 ოქტომბერს, "სუზუკას" ავტოდრომზე იაპონიის სარბოლო უქმეები დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს კარგ ამინდში მოუწიათ ორი თავისუფალი პრაქტიკის ჩატარება და გუნდებმა სრულად გაიარეს ტექნიკური სიახლეების დაგეგმილი პროგრამა.

პირველმა ვარჯიშმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საუკეთესო დრო "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა აჩვენა, რომელმაც წრე წუთსა და 34.507 წამში დაფარა.

მეორე იყო მისი თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი - 1:34.740, მესამეზე - მარკ უებერი "რედ ბულიდან" - 1:34.856.

აღსანიშნავია, რომ სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მე-17 დრო აჩვენა.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა უფრო დრამატული აღმოჩნდა. დასაწყისშივე პოლ დი რესტამ
ვერ დაიმორჩილა მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში, დამცავ ბარიერს შეასკდა და ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს - სესია შეჩერდა შოტლანდიელის ბოლიდის ევაკუაციისთვის, თავად პილოტმა კი ავარიის ადგილი სამედიციო ავტომობილით დატოვა, თუმცა მალე დაბრუნდა ბოქსებში.

"მერსედესის" მექანიკოსებს მოუწიათ როსბერგის მანქანაზე ძრავის შეცვლა, რადგან დილით გამოყენებულმა აგრეგატმა თავისი რესურსი ამოწურა. ამის გამო ნიკო კარგა ხანი ვერ გადიოდა ტრასაზე.

რაიკონენის "ლოტუსზე" პრობლემები შეიქმნა KERS-ის სისტემის გადახურების გამო და ფინელს სთხოვეს ფრთხილად ამოსულიყო ბოქსებიდან, რათა თავიდან აეცილებინა დენის დარტყმა. ხანგრძლივი რემონტის შემდეგ, კიმიმ შეძლო ტრასაზე დაბრუნება.

სესიის დასრულებამდე 13 წუთით ადრე, შუმახერი იგივე მოსახვევში მოსრიალდა, სადაც ავარია მოუვიდა დი რესტას. გერმანელი დამუხრუჭებისას შეცდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა, ოღონდ ამჯერად წითელი დროშების გამოფენა საჭირო არ გახდა.

მეორე პრაქტიკის ოქმს სათავეში ჩაუდგა მარკ უებერი, რომელმაც წრე წუთსა და 32.493 წამში დაფარა. ლუის ჰემილტონი მეორე იყო - 1:32.707, მესამე - სებასტიან ფეტელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული