იაპონიის გრანპრი: მეფური საჩუქარი კიმი რაიკონენისგან

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-15 ეტაპმა - იაპონიის გრანპრიმ სებასტიან ფეტელის დომინირებით ჩაიარა და მისი ჩამორჩენა გენერალურ კლასიფიკაციაში თითქმის მინიმუმამდე დავიდა.

ლეგენდარულ "სუზუკაზე" საინტერესო რბოლის მოლოდინში იყვნენ. სასტარტო ბილიკის პირველი ორი ადგილი "რედ ბულის" პილოტებს ეკავათ, მესამე-მეოთხე პოზიციებზე კი მოულოდნელი დუეტი ვიხილეთ კამუი კობაიაშისა და რომენ გროსჟანის სახით. ეს უკანასკნელი ის პილოტია, რომელმაც წელს ბევრს გაუფუჭა რბოლა და ერთხელ დისკვალიფიცირებული იყო სახიფათო მანევრების გამო.

ფრანგმა ამჯერადაც "გამოიჩინა" თავი - პირველივე მოსახვევში უკნიდან დაეჯახა მარკ უებერს და "რედ ბულს" დუბლის შესრულების შანსი მოუსპო.
ამჯერად გროსჟანს არ მისცემენ დისკვალიფიკაციას - ის ბოქსებში შესვლით დასაჯეს, თუმცა რბოლის შემდეგ უებერმა განაცხადა, რომ რომენს კიდევ ერთი იძულებითი დასვენება არ აწყენდა.

ამ პილოტების უკან კი ისეთი ამბები მოხდა, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე - საერთო ჩათვლის ლიდერი ფერნანდო ალონსო პირველ მოსახვევში გამოეთიშა რბოლას. როგორც "ფერარის" პრესსამსახურმა გამოაცხადა, მიზეზი გახდა საბურავის მწყობრიდან გამოსვლა კიმი რაიკონენთან მცირე კონტაქტის გამო. თუ ეს ასეა, ფინელმა მართლაც მეფური საჩუქარი გაუკეთა ფეტელს.

სტარტზე მესამე ავარიაც მოხდა - პელოტონის შუაში ერთმანეთს შეეჯახნენ ბრუნო სენა და ნიკო როსბერგი. შედეგად, ბრაზილიელი ჩამორჩა, გერმანელი კი საერთოდ ჩამოშორდა რბოლას. დამნაშავედ სენა მიიჩნიეს და ისიც ბოქსებში შესვლით დაისაჯა.

კამუი კობაიაში სერიოზულად იყო განწყობილი საშინაო ტრასაზე პოდიუმზე ასასვლელად, მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი კი ყველანაირად ცდილობდა წინსვლას. მან რაიკონენზე შეტევა სცადა, მაგრამ ფინელი კარგად იცავდა თავს. სერხიომ ჰემილტონი გაატარა წინ, მაგრამ რამდენიმე წუთში დაეწია ბრიტანელს და გაუსწრო მას.

ამ დროს კი ფეტელი სტაბილურად ზრდიდა კონკურენტებზე თავის უპირატესობას და უპრობლემოდ მიიწევდა სეზონში მესამე გამარჯვებისკენ. პოდიუმისთვის კი საინტერესო ბრძოლა მიდიოდა.

ფელიპე მასამ გაწელა პირველ პიტსტოპზე შესვლის დრო და ამის ხარჯზე მეორე ადგილზე გადავიდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პირველი პიტსტოპის შემდეგ ჯენსონ ბატონი და კობაიაში დანიელ რიკარდოს უკან აღმოჩნდნენ და მის გასასწრებად ბევრი დრო დაკარგეს.

პერესი საუკეთესო წრეებს აფიქსირებდა და უტევდა, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ ტემპს ვერ გაუმკლავდა - მოსახვევში სწრაფად შევიდა და ტრასიდან გადავარდა.

რბოლის შუაში გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა ბატონს, მაგრამ ბრიტანელმა შეძლო ფინიშამდე მიღწევა.

ამის შემდეგ რბოლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საინტერესო ბრძოლა გამართეს მეორე პიტსტოპის შემდეგ ჰემილტონმა და რაიკონენმა. ლუისი ბოქსებიდან გამოდიოდა, კიმი კი მაქსიმალური სიჩქარით სტარტი/ფინიშის სწორ მონაკვეთზე მოძრაობდა. პირველ მოსახვევში ფინელი გარე რადიუსით შევიდა და რაღაც მომენტში წინ იყო, მაგრამ ლუისმა ძალიან აგრესიული მანევრით უკან ჩამოიტოვა ფინელი.

პირველ წრეზე ალონსოს ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ კიმის "ლოტუსის" წინა ანტიფრთა დაზიანებული იყო და სკანდინავიელის ბოლიდს სიჩქარე აკლდა.

ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა მასამ - პირველი პიტსტოპის შემდეგ მეორე ადგილზე გადასულმა ბრაზილიელმა ეს პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა და 2010 წლის კორეის გრანპრის შემდეგ პირველი პოდიუმი მოიპოვა.

ამით "ფერარიმ" გაზარდა უპირატესობა "ლოტუსზე" და შესაძლოა, ამ რბოლის შემდეგ "სკუდერიამ" გადაიფიქროს ბრაზილიელთან გამოთხოვება.

ბოლო წრეებზე გართულდა ბრძოლა მესამე ადგილისთვის ბატონსა და კობაიაშის შორის. ბრიტანელი მუდმივად უახლოვდებოდა იაპონელს, მაგრამ "მაკლარენის" პილოტმა მაინც ვერ შეძლო იაპონული პუბლიკისთვის ზეიმის გაფუჭება. მეორედ ისტორიაში, იაპონელი პილოტი ადგილობრივი გრანპრის პოდიუმზე ვიხილეთ. 22 წლის წინ პირველად ეს აგური სუზუკიმ გააკეთა.

"მაკლარენი" გროსჟანს უნდა უმადლოდეს იმას, რომ "რედ ბულმა" დუბლი ვერ შეასრულა და ბრიტანულ საჯინიბოს ისევ რჩება კონსტრუქტორთა თასის მოგების შანსი. თუმცა ამ გუნდის წევრები "სუზუკაზე" არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.

მიხაელ შუმახერმა, რომელმაც გასულ კვირას კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ქულათა ზონაში შესვლა სცადა, მაგრამ ახალგაზრდა დანიელ რიკარდოს ვერაფერი მოუხერხა. ფინიშზე მათ შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო. თუმცა გერმანელის სასტარტო პოზიციას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ მიხაელს საკმაოდ კარგი უქმეები ჰქონდა.

ტიტულისთვის ბრძოლაში ფერნანდო ალონსო აღარ მიიჩნევა ფავორიტად. მართალია, ესპანელი ოთხი ქულით უსწრებს ფეტელს, მაგრამ ბევრი დარწმუნებულია იმაში, რომ სებასტიანს ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებაში მხოლოდ საკუთარი შეცდომები ან ბოლიდის გაუმართაობა თუ შეუშლის ხელს.

იაპონიის გრანპრი. XV ეტაპი
სუზუკა (53 წრე, 307.471 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:28.56,242 (2 წრე)
2(11). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +20,639 (2)
3(4). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +24,538 (2)
4(3). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +25,098 (2)
5(9). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +46,490 (2)
6(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +50,424 (2)
7(10). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდიან, გერმანია) +51,159 (2)
8(14). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +52,364 (2)
9(2). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +54,675 (2)
10(16). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +1.06,919 (2)
11(13). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +1.07,769 (2)
12(12). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +1.23,460 (2)
13(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +1.28,645 (2)
14(18). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +1.28,709 (4)
15(19). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)
16(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (2)
17(23). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (3)
18(21). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე (2)
19(5). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (4)
20(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 14 წრე
21(24). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 19 წრე
22(6). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) 34 წრე
23(7). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) 53 წრე
24(15). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 53 წრე

საერთო ჩათვლა
1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 194 (3 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 190 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 157; 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 152 (3); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 134 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 131 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 82; 9. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 69; 10. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 11. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 50; 12. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 44; 13. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 37; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 33 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 8; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 7.

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 324; 2. მაკლარენი - 283; 3. ფერარი - 263; 4. ლოტუსი - 239; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 116; 7. ფორს ინდია - 81; 8. უილიამსი - 58; 9. ტორო როსო - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული