ფელიპე მასა რჩება, ნიკო ჰიულკენბერგი "ზაუბერში" მიდის

AutoSharing Option
იაპონიის გრანპრის დასრულებისთანავე BBC-ის ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ფელიპე მასას მიერ მოპოვებული მეორე ადგილის შემდეგ "ფერარიმ", შესაძლოა, ამ კვირას, კორეის გრანპრის წინ დაუდასტუროს ბრაზილიელს ახალი ხელშეკრულება.

თუ "ფერარი" დაადასტურებს მასასთან კონტრაქტს, პილოტთა ბაზარზე გარკვეული გადაადგილებები მოხდება.

შვეიცარიული Blick-ის ინფორმაციით, "ფორს ინდიას" პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი, რომელსაც "ფერარიში" გადასვლის ერთ-ერთ პრეტენდენტად მოიაზრებდნენ, "ზაუბერთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შვეიცარიულ გუნდში ნიკო "მაკლარენში" გადასულ სერხიო პერესს შეცვლის.

"ზაუბერის" მეორე პილოტის სახელი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ესტებან გუტიერესის მხარდამჭერ კომპანია Telmex-ზე. სავსებით შესაძლებელია,
რომ სწორედ გუტიერესი გახდეს ჰიულკენბერგის თანაგუნდელი.

Blick-ის ვარაუდით, თუ ნიკო მაინც გადავა "ფერარიში", მაშინ "ზაუბერი" კონტრაქტს გააფორმებს სებასტიან ბუემისთან.

უნდა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებებს. უახლოეს ორ კვირაში უნდა დადასტურდეს მომავალი სეზონისთვის რამდენიმე კონტრაქტი.

* * *

მომავალი სეზონის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე სიცხადე არ არის შეტანილი. წინასწარ ახალი მანქანების კონკურენტუნარიანობის შეფასებაც შეუძლებელია, მაგრამ ავტორიტეტული ბრიტანული ტოტალიზატორი - William Hill უკვე იღებს ფსონებს 2013 წლის ჩემპიონის ტიტულისთვის.

ბუკმეიკერთა აზრით, მომავალ წელს ტიტულის მოპოვების ყველაზე მაღალი შანსი სებასტიან ფეტელს აქვს, თუმცა ასევე მაღალია ალონსოს გამარჯვების ალბათობა.

ფეტელი - 3.00
ალონსო - 3.25
ბატონი - 8.00
პერესი, რაიკონენი, ჰემილტონი - 11.00
უებერი - 15.00
გროსჟანი, როსბერგი - 26.00
დი რესტა, კობაიაში, მალდონადო, მასა, ჰიულკენბერგი - 51.00.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული