იაპონიის გრანპრის შემდეგ: სებასტიან ფეტელი ლეგენდებს მიუახლოვდა

AutoSharing Option
- ფორმულა 1-ის მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ორმა პილოტმა მოიგო ზედიზედ სამი ტიტული - ხუან-მანუელ ფანხიომ და მიხაელ შუმახერმა. წელს წარმატების შემთხვევაში, სებასტიან ფეტელს აქვს შანსი, შეუერთდეს ამ ლეგენდარულ წყვილს.

- ეს არ არის ერთადერთი პარალელი ფეტელსა და ფანხიოს შორის, რომელიც იაპონიის გრანპრის შემდეგ გაავლეს. სუზუკაზე გერმანელმა კარიერაში 24-ე ეტაპი მოიგო - ამ მაჩვენებლით ის ყველა დროის სიაში მეცხრე ადგილზე მყოფ ფანხიოს გაუთანაბრდა. თუმცა არგენტინელს 24 გამარჯვებისთვის 51 რბოლა დასჭირდა, ფეტელს - 96.

მოგებები
1. მიხაელ შუმახერი 91
2. ალენ პროსტი 51
3. აირტონ სენა 41
4. ნაიჯელ მენსელი 31
5. ფერნანდო ალონსო 30
6. ჯეკი სტიუარტი 27
7. ჯიიმ კლარკი 25
7. ნიკი ლაუდა 25
9. ხუან-მანუელ ფანხიო 24
9. სებასტიან ფეტელი 24

- ფეტელმა პოულიდან აიღო სტარტი, პირველი მეტრებიდან ბოლომდე ლიდერობდა, საუკეთესო წრე დააფიქსირა და გამარჯვება მოიპოვა. ამით სებასტიანმა კარიერაში მეორე "დიდი შლემი" აიღო. პირველი "დიდი შლემი" მან 2011 წელს ინდოეთში მოიპოვა.

- ფეტელი ამ სეზონში გახდა პირველი პილოტი, ვინც ზედიზედ ორი რბოლა მოიგო. ის კარიერაში 42-ედ ავიდა პოდიუმზე, რაც შესაბამის რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი დეიმონ ჰილის შედეგის გამეორებაა.

პოდიუმები
1. მიხაელ შუმახერი 155
2. ალენ პროსტი 106
3. ფერნანდო ალონსო 81
4. აირტონ სენა 80
5. რუბენს ბარიკელო 68
5. კიმი რაიკონენი 68
7. დევიდ კულტჰარდი 62
8. ნელსონ პიკე 60
9. ნაიჯელ მენსელი 59
10. ნიკი ლაუდა 54
11. მიკა ჰაკინენი 51
12. ჯენსონ ბატონი 48
12. გერჰარდ ბერგერი 48
12. ლუის ჰემილტონი 48
15. კარლოს როიტემანი 45
16. ჯეკი სტიუარტი 43
17. სებასტიან ფეტელი 42
17. დეიმონ ჰილი 42

კვალიფიკაცია
- ზედიზედ ოთხი უპოულო ეტაპის შემდეგ "რედ ბულმა" შეძლო პირველი სასტარტო რიგის დაკავება. წინა ჯერზე გუნდის ორივე პილოტმა პირველი რიგიდან სტარტი 2011 წელს ბრაზილიაში აიღო.

- ლუის ჰემილტონი ზედიზედ ორმოცდამეათედ გავიდა კვალიფიკაციის ფინალში.

- "მერსედესს" ამ სეზონში ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა კვალიფიკაციაში: ნიკო როსბერგმა მე-13 პოზიციიდან აიღო სტარტი, მიხაელ შუმახერმა - 23-ე ადგილიდან.

რბოლა
- მას შემდეგ, რაც წინა რბოლაში (სინგაპურში) ჰემილტონის ბოლიდზე პრობლემების გამო ფეტელმა ლიდერობა მოიპოვა, გერმანელს ამჟამად აქვს სერია, რომელიც ზედიზედ 90 წრის განმავლობაში ლიდერობას მოიცავს.

- თუ წელს სუზუკაში ფეტელი სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა, შარშან, იაპონიის გრანპრის დროს, ათჯერ შეიცვალა ლიდერი. სულ კი ხუთი პილოტი ედგა სათავეში პელოტონს.

- თითქმის ორწლიანი შესვენების შემდეგ ფელიპე მასა პოდიუმზე ავიდა. ბოლოს ის სამეულში 35 რბოლის წინ მოხვდა - 2010 წელს კორეაში.

- კამუი კობაიაში კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე. იაპონელებისთვის ეს ისტორიაში მესამე მსგავსი მიღწევაა აგური სუზუკისა (იაპონია, 1990) და ტაკუმა სატოს (ინდიანაპოლისი, 2004) შემდეგ.

- ამ სეზონში ჯამში უკვე 13 პილოტი იმყოფებოდა პოდიუმზე. რეკორდი 1982 წელს დამყარდა, როცა 18 სხვადასხვა პილოტი ასრულებდა რბოლას პირველ სამეულში.

- კიმი რაიკონენმა ზედიზედ მე-12 რბოლაში მოიპოვა ქულები - ასეთი რამ მის კარიერაში მესამედ მოხდა.

- იაპონიის გრანპრიმდე ნიკო როსბერგი ყველა რბოლის დასრულებას ახერხებდა. მისი სერია ბრუნო სენასთან შეჯახების შემდეგ დასრულდა. ახლა ერთადერთი პილოტი, ვისაც წელს მთელი დისტანცია აქვს გავლილი, კიმი რაიკონენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული